ავტორი:

"სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც" - რას მოიტანს რუსეთის გავლენის შესუსტება და დასავლეთის მედიატორობა სამხრეთ კავკასიაში?

"სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც" - რას მოიტანს რუსეთის გავლენის შესუსტება და დასავლეთის მედიატორობა სამხრეთ კავკასიაში?

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში დასავლეთი ჩაერთო. რამდენიმე დღის წინ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოთხმხრივი შეხვედრა გამართა.

ევროპის მსგავსად, აშშ-ც მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან ვაშინგტონში შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების დეტალების შესახებ და აღიარეს, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გადასაჭრელი საკითხები. ამასთანავე, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვეუბნება, ეს პროცესი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ რეგიონში ძირითად მოთამაშედ მიჩნეული რუსეთის ფედერაციის პოზიციები ცალსახად შესუსტებულია, ხოლო დასავლეთის გაზრდილი როლი სამხრეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით, საბოლოოდ, ჩვენთვისაც აჩენს რიგ შესაძლებლობებს.

"ამ პროცესში დასავლეთის ჩართულობა დღეს იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს პირდაპირი შედეგია იმისა, რომ რეგიონში ძირითად მოთამაშედ (ყოველ შემთხვევაში - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) მიჩნეული რუსეთის ფედერაციის პოზიციები ცალსახად შესუსტებულია. ეს აიხსენება გარკვეული პროცესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, პუტინის იდიოტური გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეჭრილიყო უკრაინაში და დაეწყო ომი, რომელსაც ვერასდროს მოიგებს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ დასავლეთი უფრო აქტიური ხდება. აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ის შესაძლებლობები გამოვიყენოთ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთვის:

1. დასავლეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით, რაც პირდაპირ გადის ქვეყნის დემოკრატიზაციაზე;

2. ერთხელ და სამუდამოდ იქნებ შევიმუშაოთ სამეზობლო პოლიტიკა და დავიწყოთ ჩვენს მეზობლებთანაც საუბარი, ვინაიდან საბოლოო ჯამში, დასავლეთის გაზრდილი როლი სამხრეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით, ჩვენთვისაც აჩენს შესაძლებლობებს.

ეს როლი თუ გაიზრდება სხვა აქტორების მეშვეობით, თავისთავად ცხადია, ჩვენთვის შეიძლება გაჩნდეს ახალი გამოწვევები, მაგრამ რაკი ტრადიციულად დასავლური თანამეგობრობის პარტნიორ სახელმწიფოდ ვართ მიჩნეული, შესაბამისად, შეგვიძლია აქედან ჩვენი ნაციონალური ინტერესების დაცვისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. მთლიანობაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, გადის თუ არა სომხეთი რუსეთის გავლენისგან, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სომხეთში აუცილებლად დადგება სტრატეგიული არჩევანის გადახედვის საკითხი, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. სომხეთს, ძირითადად, რუსეთზე ჰქონდა ბმა, გამომდინარე იქიდან, რომ იყო ყარაბაღის მძევალი - როგორც არ უნდა შევხედოთ, 1994 წელს ყარაბაღში გამარჯვებამ სომხეთი აქცია ამ გამარჯვების მძევლად, რამაც მისი საგარეო ორიენტირები პირდაპირ მიაჯაჭვა რუსეთს და იზოლირებული აღმოჩნდა. შესაბამისად, დღეს რუსეთის გავლენების შესუსტება ნიშნავს იმას, რომ სომხეთს სჭირდება ახალი ცენტრის პოვნა, რომელთანაც ის დაამყარებს მჭიდრო ურთიერთობას, მაგრამ თქმა იმისა, რომ ის უკვე გამოდის რუსული ორბიტიდან, არის ნაადრევი, სომხეთს ეს გაუჭირდება. პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ, ეს პროცესი რომ დასრულდეს, კიდევ უფრო მეტია საჭირო.

ჯერჯერობით თვითონ სომხეთიც ცდილობს, უკვე ცალსახად პრორუსულიდან მულტივექტორულ დიპლომატიაზე გადავიდეს და მთლიანადაც არ უგულებელყოს ის კავშირები, რაც აქვს, იმავდროულად, დასავლეთთან მოსინჯოს ნიადაგი და დაიწყოს თანამშრომლობა. გეოპოლიტიკურად რომ შევხედოთ და რეალისტური სკოლის თეორიების პრიზმაში განვიხილოთ, სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც. ამაში ვგულისხმობ: გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კოლექტიური დასავლეთისთვის სომხეთი ღირებულია იმდენად, რამდენადაც შეიძლება საქართველო წარმოვიდგინოთ სომხეთის ჩრდილოეთ გაგრძელებად, ხოლო სომხეთი - საქართველოს სამხრეთ გაგრძელებად იმიტომ, რომ საქართველოს გარეშე სომხეთი კვლავ იზოლირებულია და, იმავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, სომხეთი და საქართველო ერთად შეძლებენ აზერბაიჯანის გავლენების დაბალანსებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური ბალანსი“.

კითხვაზე, რა როლი აქვს ამ პროცესებში საქართველოს და მაშინ, როცა სომხეთმაც კი დასავლეთისკენ იცვალა კურსი, რას ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების აგდებული დამოკიდებულება აშშ-სა და დასაველი პარტნიორების მიმართ, პოლიტოლოგი პასუხობს:

"ჩვენი როლი ისაა, რომ ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს, შევძლოთ თანამშრომლობის გაღრმავება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და პარალელურად, დასაველთთან. საბოლოო ჯამში, თუ ვიწროდ განვიხილავთ რეგიონს, ჩვენი ინტერესი არის კარგი ურთიერთობა ორივესთან, იმიტომ, რომ დაგვჭირდეს, ერთი მეზობლით უნდა შეგვეძლოს მეორეს დაბალანსება. ფართო რეგიონში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ღერძი - თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო ღერძია საქართველო- სომხეთი, საქართველო-ირანი, პლუს - დასავლეთი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მარტო ერთი მხარე ავირჩიოთ და მორჩა. მაგრამ ამას უნდა კარგი და სწორი დაგეგმვა და გაკეთება და არა ისე, როგორც ამას ვაკეთებთ.

ჩვენი ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს, ხელისუფლებაში კომპეტენციის, ან დაუცველობის დილემის პრობლემაა - ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების პროცესში მოდის კონფლიქტში ნაციონალურ ინტერესებთან. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენი ხელისუფლება არის რუსეთის აგენტი და ა.შ. (როგორც უყვართ საუბარი), ვიტყვი იმას, რომ ის თავისი თავის აგენტია. პირობითად, ხვალ რომ დასავლეთმა უთხრას, როგორც საუდის არაბეთის მეფეა, მთელი ცხოვრება პოსტზე იყავით და ისე ვითანამშრომლებ თქვენთანო, დამიჯერეთ, ამათზე მეტად დასავლეთი არავის ეყვარება. ჩვენთან საუბარია დემოკრატიულ ტრადიციებზე, ხომ გვინდა ევროკავშირის წევრობა? როგორც საუდის არაბეთში, ჩვენთან რომ იყოს აბსოლუტური მონარქია და მასავით რომ არ გვინდოდეს ევროკავშირში წევრობა, ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი პრობლემა მოეხსნებოდა და, შესაბამისად, დასავლეთის მიმართ სხვა რიტორიკა ექნებოდა. ამ ეტაპზე ეს რიტორიკა არ აქვს ხელისუფლებას იმიტომ, რომ დასავლეთში უფრო დიდ საფრთხეს ხედავს, მის პოზიციას შეიძლება საფრთხე შექმნას.

ამ ადამიანებს იმის პოლიტიკური ხედვა აქვთ, რომ გეოპოლიტიკური ორიენტირები შეაფასონ, მერე გადააფასონ და საერთოდ რამე დაალაგონ საგარეო პოლიტიკაში? ამათ აქვთ ერთადერთი ორიენტირი - კარგად სხედან, კარგად ცხოვრობენ და პრივილეგიებით სარგებლობენ, ფინანსებზე და ძალაუფლებაზე აქვთ წვდომა და ამიტომ ჩათვალეს, რომ რაღაცაში აზრი მოეკითხებათ, თორემ რომელი ერთი მყავს მანდ ტალეირანი, ან ლოთარ მეტერნიხი? ელემენტარულად, პარლამენტის სხდომებს რომ გადახედოთ, დეპუტატებს პოლიტიკური ხედვის კი არა და, ერუდიციის პრობლემა აქვთ, საკმარისი რაოდენობის წიგნი არ აქვთ წაკითხული გარდატეხის ასაკში. რომელ ორიენტირებზე ვლაპარაკობთ, ეს ადამიანები არიან პოლიტიკის შემმუშავებლები და ტერმინი - პოლიტიკა შეუძლიათ განმარტონ საერთოდ? ესენი უყურებენ მარტივად, მთავარია, ხვალ იყვნენ კარგად. სამწუხარო პრობლემა ისაა, რომ იგივე სიტუაცია გვაქვს ოპოზიციის 90%-ში, ანუ სერიოზული ნაკლებობაა ერუდიციის, უნარების, ხედვების, ხარისხიანი პოლიტიკის და ერთადერთი რაღაცის სურვილი რაც არის, იყვნენ კარგად, როგორც არიან. დგანან და ხალხს ხან პურს ესვრიან, ხან - სანახაობას, ქარელობა, კასპობა და ლამისაა მისაქციელობა აღნიშნონ. დღეს ერეკლეობა მოინდომეს... მეფეს არაფერს ვერჩი, მაგრამ აქამდე ის არავის ახსოვდა, ორი წლის წინ მისი 300 წლისთავი არ გაახსენდათ და დღეს გაახსენდათ? ესენი არიან ჩვეულებრივი გატუტუცებული ადამიანები, რომლებმაც მიაგნეს ფულის კეთების გზას, ფულის კეთებით არიან დაკავებულნი, ამას უყურებს მთელი ერი და ამათ უნდა მოვკითხოთ ის, რომ სამეზობლო პოლიტიკა და ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკა შეიმუშაონ, დემოკრატიული რეფორმები გაატარონ და ეკონომიკური პოლიტიკა გააუმჯობესონ? ელემენტარული, მათი ფანტაზია იმის იქით არ წავიდა, რომ შექმნეს რაღაცა უაზრო, "სპოილერი პარტია“, "ხალხის ძალა“, თუ რაღაცა და ახლა დასავლეთთან წავა პოზიციონირება, აი, ჩვენ თუ არ ვიქენით, აგერ, შეიძლება ესენი მოვიდნენ, ამიტომ ისევ ჩვენთან ჯობია კომუნიკაციაო... კი, ზოგადად, დასავლეთთანაც პრინციპულობაა საჭირო, მაგრამ პარტნიორთან პრინციპულობა და იდიოტური მოქცევა, განსხვავებული ცნებებია. რიტორიკის დონეზე, რაც უნდათ, ის ულაპარაკიათ, მთავარია, რას აკეთებენ. კარგი იქნებოდა, ჩვენი სამეზობლო იყოს ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, ნიდერლანდები და ა.შ. მაგრამ გვყავს ირანი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ რეგიონში ვცხოვრობთ და, გინდა, არ გინდა, მათთან ყველასთან გვჭირდება კომუნიკაცია, მთავარია, რა პოზიციით მიდიხარ და ზურგს უკან რა გიმაგრებს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.