ავტორი:

სასამართლომ ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატის შუამდგომლობა, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიების შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა - პროკურატურა

სასამართლომ ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატის შუამდგომლობა, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიების შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა - პროკურატურა

პროკურორ გიორგი ნადირაძის განცხადებით, ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ბრალდების საქმეში არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ მან წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რითაც ითხოვდა ნაკაიძის მიმართ შეწყვეტილიყო 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

გიორგი ნადირაძის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო.

"რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიცია, რომელმაც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმეზე არსებობს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ყველა საჭირო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დაზარალებულს დაზიანებები აქვს. საქმის ინტრესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით აღნიშნული დაზიანების ხარისხს და გიდასტურებთ, რომ დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც გაუპატიურებას ეხება, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა და ამ ნაწილშიც დევნა შეწყვეტილი არ არის”, - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: