ავტორი:

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დამარცხება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით - რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები: "ეს არის ექსპერიმენტი, შენი შვილი საცდელი კურდღელია"

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დამარცხება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით - რას ამბობენ სპეციალისტები და მშობლები: "ეს არის ექსპერიმენტი, შენი შვილი საცდელი კურდღელია"

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორმა, ანა არგანაშვილმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელშიც ჟურნალისტებს მოუწოდებდა საზოგადოების ინფორმირებისკენ. კერძოდ კი, თემა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს შეეხებოდა, რომელთა ოჯახებიც შვილებისთვის ახალი მეთოდით მკურნალობას ცდილობენ, რაც საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ეს მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია ...

ანა არგანაშვილი:

"ხალხო, რა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა აუტიზმის მქონე ბავშვებზე? თან თბილისში? ერთი უბრალო სამეცნიერო მტკიცებულება მაინც მაჩვენეთ, რომ ეს მიზანშეწონილია. აბა, რაში იხდის ათასებს ეს ხალხი? - ჟურნალისტების დახმარება გვინდა, ვიდრე უკიდურესად გაღარიბდა ეს ოჯახები..."

საქართველო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება. ამ მეთოდზე კვლევების ჩატარების ნებართვა FDA-მ პირველად 2012 წელს გასცა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უკვე ათი წელი გავიდა, თერაპიის ეფექტიანობაზე მყარი მტკიცებულებები დღემდე არ არსებობს.

კვლევები რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა: ჩინეთში, ინდოეთში და აშშ-ში, კერძოდ, ჩრდილოეთ კაროლინაში... რამდენიმე შემთხვევაში კვლევამ სპექტრის მქონე ადამიანებში მდგოამრეობის გარკვეული გაუმჯობესება აჩვენა, მათ პარალელურად უტარდებოდათ რეაბილიტაციაც. ასევე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შორეული შედეგების შესახებ.

ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი "მენტალური ჯანმრთელობის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, კვლევების შესახებ დეტალურად საუბრობს:

"2013 წელს ჩინეთში ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ჩართული იყო აუტიზმის დიაგნოზის მქონე 3-დან 12 წლამდე ასაკის 37 ბავშვი. 24 კვირის განმავლობაში ბავშვებს მკურნალობდნენ დონორის ჭიპლარის სისხლისა და ქსოვილებისაგან მიღებული ღეროვანი უჯრედებით. კვლევაში მონაწილე ბავშვები დაყვეს 3 კატეგორიად: პირველი ჯგუფი იღებდა ღეროვან უჯრედებს მიღებულს ჭიპლარის სისხლიდან და უტარდებოდა ფსიქორეაბილიტაციური მკურნალობაც; მეორე ჯგუფი იყო შერეული, იღებდა უჯრედებს წარმოქმნილს როგორც ჭიპლარიდან, ასევე ჭიპლარის სისხლიდან და მათაც უტარდებოდათ რეაბილიტაცია, მესამე ჯგუფი კი იყო საკონტროლო და უტარდებოდათ მხოლოდ რეაბილიტაცია. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით პირველ 2 ჯგუფში შედეგი იყო მნიშვნელოვნად უკეთესი (Lv et al., 2013).

ინდოეთში ჩატარებული ერთ-ერთი პოპულარული კვლევა, იყენებდა ძვლის ტვინიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს. კვლევა გრძელდებოდა 6 თვეს და მოიცავდა 3-დან 33 წლამდე ასაკის აუტიზმის დიაგნოზის მქონე 32 პირზე დაკვირვებას. ყველა მათგანს უტარდებოდა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ღეროვანი უჯრედებით თერაპია. პაციენტებს სიმპტომები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ასევე, ნეიროვიზუალურ კვლევებითაც დაფიქსირდა ტვინის აქტივობის ზრდა მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ (Sharma et al., 2013).

ჩრდილოეთ კაროლინაში მკვლევართა გუნდმა არც თუ ისე დიდი ხანია დაიწყო 40 - მილიონიანი კლინიკური კვლევა ჭიპლარის სისხლიდან აღებული ღეროვანი უჯრედების როლის დასადგენად.

"იმის სათქმელად, რომ ეს თერაპია ეფექტიანია, საჭიროა ჩატარდეს ფართომაშტაბიანი, რანდომიზებული, საკონტროლო კვლევა მკაცრი კონტროლით“,- ამბობს პედიატრიის პროფესორი, წამყვანი მკვლევარი ჯოან კუცბერი, მას კვლევებით დამტკიცებული აქვს, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შესაძლოა მიღწეული იყოს მკვეთრი გაუმჯობესება ორსულობის დროს ჰიპოქსიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების უკუგანვითარებაში".

ქრისტინა ზამბახიძე ერთ-ერთია იმ მშობლებს შორის, რომელის შვილსაც საქართველოში ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ამბობს, რომ შედეგით უკმაყოფილოა. ახლა ბავშვთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს, ჩვენთან საუბარში ქრისტინამ აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაოცებულები დარჩნენ ექიმები, როდესაც გაიგეს, რომ აუტისტური სპექტრის გამო, ბავშვს მსგავსი ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა.

- ლუკას უჯრედები 2021 წლის 16 ივლისს გადაუნერგეს. თავიდან თითქოს რაღაც ცვლილებები იყო, მაგრამ საბოლოოდ არაფერიც არ შეცვლილა. მე როგორც მითხრეს, სამჯერ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ პირველი გაკეთების შემდეგ, რასაც ველოდი, ის შედეგი არ დადგა. გარანტიას ვერ გაძლევთ, მაგრამ აუცილებლად ცვლილებებს დაინახავთო. გამონათებები ყოველთვის ჰქონდა ბავშვს და ახლაც აქვს... ამხელა წვალებად არ ღირდა. მითუმეტეს, რომ რისკებზე საერთოდ არაფერი უთქვამთ, 100 %-იანი გარანტია მომცეს, რომ ბავშვს უკუჩვენება არ ექნებოდა.

- რა ღირდა ოპერაცია, ახლა საფრანგეთში ცხოვრობთ და რა სახის რეაბილიტაციას გადის მანდ?

- ლუკა ახლა 13 წლის არის. 11 წლის იყო გადანერგვა რომ გაუკეთეს. ოპერაციაში 8 ათასი ლარი გადავიხადე და კვლევები, დაახლოებით, 2 ათასი ლარი დამიჯდა. მთლიანობაში 10 ათასი ლარი გადავიხადე. საფრანგეთში სამი პირადი ფსიქიატრი ჰყავს. ვიდრე კვლევებს გავდიოდით, უამრავ ექიმთან გავდიოდით კონსულტაციას, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჰქონდა გაკეთებული, ყველას უკვირდა, - აუტიზმზე რატომ გაუკეთეს, ეს არ არის ის მდგომაროება, როდესაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გამართლებულიაო. გვეუბნებოდნენ, - ბავშვს რაიმე სიმსივნური დაავადება ხომ არ ჰქონდაო...

მარი კორკოტაძე ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინაააღმდეგ“ ხელმძძღვანელია. მისი უფროსი ვაჟი დათა უკვე 14 წლის არის. მარი ამბობს, რომ როდესაც ბავშვს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი დაუსვეს, თავიდან ისიც ცდილობდა ალტერნატიული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა..

- დათას ორი-სამი წლის დასმული ჰქონდა დიაგნოზი, ეს იყო 2014 წელს, როდესაც ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შესახებ გავიგე. მაშინ პროფესორი ვანო ბოკერია ცოცხალი იყო და მახსოვს, პოსტი დაწერა, - ძალიან დიდი სისულელეაო, აკრიტიკებდა და უარყოფით კონტექტსში განიხილავდა ამ მეთოდს.. ეს რომ წავიკითხე, მის ნათქვამში ეჭვი არ შემპარვია. ეს მეთოდი მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული. 2014 წლის შემდეგ რამდენი დრო გავიდა და ჯერ კიდევ ექსპერიმენტის დონეზეა.

ძალიან ბევრი მშობელი მწერს ამ თემაზე, ყველას ვეუბნები, რომ ეს არის ექსპერიმენტი და შენი შვილი საცდელი კურდღელია - მეთქი. თან საკმაოდ დიდ თანხებზეა ლაპარაკია. აქვე ვუხსნი, რომ ამ ოპერაციას სახელწიფო არ დაუფინანსებთ.

შეიძლება ღეროვანი უჯრედების გადანერგვით არც არაფერი უშავდება ბავშვს, მაგრამ თვითონ პროცედურა ხომ სტრესულია.

ამ მეთოდს ძირითადად ის მშობლები მიმართავენ, ვინც ვერ მიიღო შვილის ეს მდგომარეობა. არავის ვკიცხავ, ძალიან ძნელია ამის მიღება. ჩვენც დამწყებები რომ ვიყავით დათა დამყავდა ერთ ჰომეოპათთან, გადასხმებს უკეთებდა, რომელიც მართლა უმაღლებდა იმუნიტეტეს, მაგრამ თან გვიმტკიცებდა რომ აუტიზმს შველოდა. დღეს ჩემი თავი მეზიზღება, როდესაც ვიხსენებ, ბავშვისთვის რამხელა სტრესი იყო ამ გადასხმებზე სიარული. ჩვენ შემთხვევაში ყველაზე დიდი შედეგი თერაპიამ მოგვცა.

ხშირად ლაპარაკობენ მშობლები ტვინის მკვებავეზეც, მაგრამ ამისიც არ მჯერა, წლების შემდეგ ეს ტაბლეტები რა შედეგებს მოიტანს, არავინ იცის.

Ambebi.ge ქართველი მეცნიერს, შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის წევრ, ზაალ კოკაიასაც დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ თემაზე ვრცელი სტატუსი ჯერ კიდევ 2020 წელს დაწერა და ახლაც იგივე აზრზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატუსიდან ორი წელი გავიდა, სიახლე ამ კონკრეტული ექსპერიმენტის შესახებ არ გაუგია...

ზაალ კოკაია:

"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება რჩევას ღეროვანი უჯრედებით სხვა და სხვა დაავადებების მკურნალობის თაობაზე, რასაც დღეს არამარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც სთავაზობენ სამედიცინო კლინიკები. ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა კითხვები აუტიზმის სპექტრის დარღვევები სიმპტომების შესაძლო მკურნალობის შესახებ და ამიტომაც გადავწყვიტე ამ სტატუსის, შეძლებისდაგვარად მოკლედ დაწერა:

ნებისმიერი მკურნალობის ეფექტიანობის დასადგენად და შესაბამისი წამლის ან მეთოდის კლინიკებში დასანერგად, აუცილებელია ჩატარდეს კლინიკური გამოცდები. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან ძვირად ღირებული პროცედურაა და ტარდება მკაცრად გაწერილი წესებით: ასეთ კვლევებში უნდა იყოს ჩართული პაციენტთა დიდი რაოდენობა და შესასაბამისი საკონტროლო ჯგუფი, თანაც თავად პაციენტმა და მკურნალმა ექიმმაც კი არ უნდა იცოდნენ თუ რომელ ჯგუფს განეკუთვნება პაციენტი, ჯგუფებში პაციენტების განაწილება უნდა მოხდეს ექიმის ჩაურევლად და შემთხვევითობის პრინციპის დაცვით, კვლევები უნდა ჩატარდეს სტანდარტიზირებული წესებით, ერთდროულად მრავალ კლინიკაში და სასურველია რამდენიმე ქვეყანაში და ა.შ.

კლინიკური გამოცდები დაყოფილია ფაზებად და საწყის ფაზებში იკვლევენ წამლის ან მეთოდის უსაფრთხოების საკითხის. ეს შედარებით იაფი და ხანმოკლე (1-2 წელი) პროცედურაა და ხშირად საკონტროლო პაციენტთა ჯგუფიც კი არ არის ჩართული. სწორედ მხოლოდ ამ ტიპის კლინიკური კვლევებია ჩატარებული აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე პაციენტებზე ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.

ამდენად, პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ღეროვანი უჯრედები ეფექტიანი აუტიზმის სამკურნალოდ, თანამედროვე სტანდარტებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცით, ვინაიდან ამ მიდგომის ეფექტიანობის დასადგენად სრულყოფილი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

უფრო მეტიც, აუტიზმის სიმპტომები და მათი გამოვლენის ხარისხი ძალზედ მრავალფეროვანია (ამიტომაც ჰქვია სპექტრი) და ასევე მრავალფეროვანია ის ღროვანი უჯრედები, რომლებიც შესაძლოა გამოვყოთ ადამიანის ძვლის ტვინიდან ან სხვა ქსოვილებიდან. ამდენად, აუტიზმის და ღეროვანი უჯრედების მარტივად ერთ კალათში მოთავსება მიჩნეულია გაუმართლებელ და არასწორ მიდგომად..."