ავტორი:

არეულობა "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვინ ითხოვს შიდაპარტიულ არჩევნებს და ვის მიაჩნია ეს უდროოდ?

არეულობა "ნაციონალურ მოძრაობაში"  - ვინ ითხოვს შიდაპარტიულ არჩევნებს და ვის მიაჩნია ეს უდროოდ?

"ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული პრობლემებია. უკვე გაუგებარიც კია, ვინ ვის და რატომ უპირისპირდება. პარტიის ლიდერების ნაწილი თავმჯდომარის ახალი არჩევნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, რომელზეც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, "როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები".

ამის შემდეგ ლიდერების ერთი ნაწილი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებს, რომ არ აპირებს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პარტიის განახლების და ცვლილებების მომხრეა.

"მივესალმები ჩემი კოლეგების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმ ინიციატივასაც, რომ პარტიის თავმჯდომარე თანახმაა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყოს. ახლა, მნიშვნელოვანია ეს მოხდეს სწრაფად. დასაკარგი დრო არც "ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ქართველ ხალხს არ აქვს. "ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების დასრულებაში. ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ლეგიტიმაცია სჭირდება. მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გაიაზრებენ ამ პროცესს. მინდა გავუსვა ხაზი კონკრეტულ განცხადებებს, არ შეიძლება "პარტიზანები“ ეძახო შენს თანამებრძოლებს. ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის წევრების, საკრებულოს არჩეული წევრების მიმართ. ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები. მე განახლების მომხრე ვარ და ცვლილებების“, - განაცხადა მან.

პარტიის გენმდივანი პეტრე ცისკარიშვილიც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პარტიის წევრების ნაწილის მოთხოვნას მხარს უჭერს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მიესალმება.

"იმ ადამიანებს, ჩვენი პარტიის ფუნდამენტს, ჩვენი ორგანიზაციის ფესვებს, ვინც გუშინ გამოვიდა და ეს ინიციატივა გაახმოვანა, მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, ვემხრობი და სხვანაირად არც შეიძლება იყოს და არც წარმომიდგენია. ცხადია, პარტიის შიგნითაც ბოლო პერიოდში იყო საუბრები ყველა დონეზე არჩევნების ჩატარებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საკრებულოს დეპუტატები მთელი საქართველოდან, თბილისიდან, რეგიონებიდან ასეთ ინიციატივას ასახელებენ, უბრალოდ უფლება არ გვაქვს ყური არ დავუგდოთ და არ გავითვალისწინოთ მათი აზრი. აქედან გამომდინარე, იმასაც მივესალმები, რომ თავმჯდომარემ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს გამოწვევა მიიღო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები დაინიშნოს. მან ისიც თქვა, რომ ისიც ხელახლა იასპარეზებს თავმჯდომარის პოსტზე ამ არჩევნებში. დაველოდოთ ვინ იქნება სხვა კანდიდატურა. მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. მე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არც ხატია დეკანოიძეს აქვს.

"არ განვიხილავ ამ საკითხს, მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა "ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგი არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს და არც განვიხილავ, იმიტომ, რომ რეალურად ვთვლი პარტიაშიც და პარლამენტშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს“, - განაცხადა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის მოსაზრებითაც, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"მსჯელობისას ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე, როდესაც მთავარი თემა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხია, არ ღირდა არჩევნებზე საუბარი, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს თემა გადაწყდებოდა, ჩვენ უნდა დაგვეწყო არჩევნებზე საჯაროდ საუბარი. სამწუხაროდ, ჩემი თანაგუნდელების გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ამ სენსიტიურ პერიოდში ბრიფინგი გამართოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს გააკეთა, რამაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, მონაწილეობითი, ჩართულობითი არჩევნები და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ თავისი ხედვები, მიდგომები, გეგმები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს წარუდგინონ, მათ შორის, კითხვებს საფუძვლიანად და სრულფასოვნად გასცენ პასუხი. ეს ვერ მოხდება ერთ და ორ დღეში," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

იხილეთ ასევე: