ავტორი:

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს" - ვალერი ზალუჟნი

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს" - ვალერი ზალუჟნი

უკრაინის ჯარები გეგმის მიხედვით აგრძელებენ შეტევას ხერსონის ოლქში. 1-ელი ოქტომბრიდან თითქმის 1.4 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობი გათავისუფლდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

"მოწინააღმდეგის ყოველი ეგრეთ წოდებული "კეთილი ნების ჟესტის" მიღმა დგას ჩვენი ჯარების კოლოსალური ძალისხმევა. ისევე როგორც მტერმა უკან დაიხია კიევიდან და ხარკოვის ოლქიდან, დატოვა კუნძული "ზმეინი“, ხერსონიდან შესაძლო გასვლა ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ახლა ვერ დაადასტურებენ ან უარყოფენ ინფორმაციას ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გასვლის შესახებ.

"ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ჩვენი გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან, უკრაინის ჯარები მტრის თავდაცვითი ზონის სიღრმეში 36.5 კმ-ზე შეიჭრნენ. მათ მიერ დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1381 კვადრატულ კილომეტრს აღწევს და კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე აღადგინეს.

"მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში პეტროპავლოვკა-ნოვორაისკის მიმართულებით თავდაცვის ძალების ნაწილებმა 7 კმ-ით წაიწიეს წინ, კონტროლი 6 დასახლებაზე აიღეს და უკრაინას 107 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია დაუბრუნეს. პერვომაისკოე-ხერსონის მიმართულებით 7 კმ-ით წინ წავიწიეთ, 6 დასახლებაზე დავიბრუნეთ კონტროლი, გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი 157 კვადრატული კილომეტრია“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.