ავტორი:

რუსი მობილიზებულების პროტესტი და ქაოსი სამხედრო ბაზებზე - "ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ყოფილა, თხელი პლედი და ვადაგასული კონსერვები გადასცეს, ფულს არ უხდიან"

რუსი მობილიზებულების პროტესტი და ქაოსი სამხედრო ბაზებზე - "ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ყოფილა, თხელი პლედი და ვადაგასული კონსერვები გადასცეს, ფულს არ უხდიან"

რუსეთის მოსახლეობაში მობილიზებულებისთვის თანხის გადაუხდელობის გამო უკმაყოფილება მატულობს. თავდაპირველად მათ თვეში 300 ათას რუბლს ჰპირდებოდნენ, მაგრამ რამდენიმე თვე ისე გავიდა, მათ თანხა საერთოდ არ აუღიათ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა news.ru წერს.

მისივე ცნობით, ულიანოვსკის სამხედრო ბაზაზე მობილიზებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

"ახალწვეულები სამხედრო პლაცდარმზე გამოვიდნენ და ყვიროდნენ - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის! აჯანყებულების დასაშლელად "როსგვარდია" (რუსეთის პრეზიდენტის პირადი არმია) გაგზავნეს. ძალოვნებმა შეძლეს მობილიზებულების დარწმუნება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გასამრჯელოს უახლოეს ხანებში მიიღებდნენ" - წერს გამოცემა.

რამდენიმე დღის წინ, ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ავდეევი აცხადებდა, რომ რეგიონში მობილიზებულებს ფინანსურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. მისივე თქმით, მხოლოდ ერთ დღეში 35 საჩივარი შემოვიდა, რომლის ავტორები მობილიზებულთა ოჯახის წევრები იყვნენ.

პარალელურად, ქალაქ ვლადიმირსკის ხელმძღვანელის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს ჯერ კიდევ სექტემბრის ხელფასი არ აქვთ აღებული. ის ირწმუნება, რომ რეგიონში პრობლემას მალე მოაგვარებენ, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.

მსგავსი პრობლემებია ომსკის ოლქშიც. ადგილობრივი გუბერნატორის, ალექსანდრ ბურკოვის ცნობით, ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უკმაყოფილებაა მის ოლქშიც.

რეგიონის ხელმძღვანელის ცნობით, ოლქში ბიუჯეტის დეფიციტი 12 მილიარდ რუბლს შეადგენს.

"ადრე ბიუჯეტში არსებული ფინანსური პრობლემების მხრივ, მისი ოლქი 29-ე ადგილზე იყო, ახლა კი 51 -ზე გადაინაცვლა. ბურკოვის თქმით, ის ვერ აკონკრეტებს, რა საშუალებით და როდისთვის შეძლებს მოსახლეობას ხელფასები გადასცეს" - წერს გამოცემა.

რუსეთის დუმის დეპუტატი ვიქტორ სობოლევი მობილიზებულთა პროტესტს უკანონოს უწოდებს.

"ჩვენი პრეზიდენტი მათ ყოველთვიურ ხელფასს 195 ათას რუბლს დაჰპირდა... დიახ, მე ვნახე ის პროტესტი. შესაძლოა, მათ ანაზღაურება ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მიიღეს, მაგრამ ვლადიმირ ვლადიმირის ძემ განაცხადა, რომ ისინი თავიანთ კუთვნილ თანხას მიიღებდნენ და ასეც იქნება. ყველას გადაუხდიან. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, შეიძლება დაპირებულზე მეტიც კი გადაუხადონ" - განაცხადა სობოლევმა.

ადგილობრივები ინტერნეტში წერენ, რომ მობილიზებულებისთვის ანაზღაურების გადახდა შერჩევითი პრინციპით ხდება, მოსკოვში, პეტერბურგში, როსტოვსა და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც პროტესტი ხმა მკაფიოდ ისმის, მათ ხელფასს უხდიან, სხვაგან სამხედროებს ან მიზერულ თანხას აძლევენ, ან საერთოდ არაფერს უხდიან.

"სობოლოვს რა ენაღვლება, შვილები თუ ჰყავს, ევროპაში ეყოლება გახიზნული, თავად კი იცის, რომ ჯერ არ ემუქრება სავალდებულო სამხედრო სამსახური, თორემ აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ ჩვენს მობილიზებულებს გაწვევის ფურცელში უწერიათ, რომ თან უნდა ჰქონდეთ საძილე ტომრები, თბილი "ბათინკები", საკვები, ზოგადად, სამხედრო ამუნიცია. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ყოფილა" - წერს ადგილობრივი ლეონიდ კრუგლი.

"სიკვდილზე უშვებენ შვილებს, მშივრებს, საზაფხულო სამოსით და ფეხსაცმლით... თხელი პლედი, პარკები, ვადაგასული კონსერვები გადასცეს. სამი თვეა კაპიკი არ მიუციათ, არავინ იცის, რას ჭამენ და როგორ არიან. ზოგს ავტომატის ყიდვაც თავად უწევს, საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს. არ ვიცი, რატომ ვითმენთ, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?" - კითხულობს პიტერ ცარკოვი.