მათ არ სურთ ამ ომის დასრულება. მანამ, სანამ რაიმე დაღლას იგრძნობენ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილან ომისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, გრძნობს თუ არა პარტნიორი ქვეყნებისგან ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
"ყველამ უნდა გაიგოს, რომ კრემლი და ერთადერთი ადამიანი - რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი არ დაღლილან ომისგან. პუტინი შესაძლოა დაიღალა ცხოვრებით, ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ არ დაღლილა ომისგან... ახლა ამ ადამიანს და რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას სჭირდებათ პაუზა. ისინი გრძნობენ სანქციების გავლენას, თავიანთ საზოგადოებაში უკმაყოფილებას. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ხმას არ იღებენ, რადგან მათ რომ ქუჩებში გამოსვლის არ ეშინოდეთ, ზეწოლას მოახდენდნენ. ეს არის ის, რისიც რუსეთის ხელმძღვანელობას ეშინია. რაც შეგვეხება ჩვენ, ვამბობთ, დაიცავით გაერო-ს წესდების პრინციპები, პატივი ეცით ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივი ეცით ჩვენს ხალხს, სიცოცხლეს, უფლებებს, თავისუფლებას, ტერიტორიას და არჩევანს. ასე რომ, სიტყვა “დაღლა“ დიდი სიტყვაა. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ადრეა დაღლა. რუსეთს რომ მართლა უნდოდეს მშვიდობა, ჩვენ ამას აუცილებლად დავინახავთ და ვიგრძნობთ, მაგრამ მშვიდობის სურვილი მხოლოდ სიტყვებში არ გამოიხატება, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. შეწყვიტეთ ომი, გადით ჩვენი ტერიტორიიდან, შეწყვიტეთ ადამიანების მკვლელობა, დაიწყეთ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიაყენეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, კვლავ რჩება თუ არა იმ პოზიციაზე, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გამართავს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას კარი არ დაუხურავს.
"24 თებერვლის შემდეგ რუსეთისგან მხოლოდ ულტიმატუმებს, დენაციფიკაციას და დენაციონალიზაციას ვისმენთ. მათგან წამოჭრილი ყველა საკითხი "დე“-თი იწყება. მათ ყოველთვის სურთ წაგვართვან რაღაც ჩვენს მიწაზე ძალადობის გზით. მე განვაცხადე, რომ არ დაველაპარაკებოდი ამ ადამიანს, თუ ის ყალბ რეფერენდუმებს ჩაატარებდა და ყალბ ხელისუფლებებს აღიარებდა, მაგრამ მე არ დამიხურავს კარი, მე ვთქვი, რომ მზად ვიქნებოდით მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ განსხვავებულ რუსეთთან. იმასთან, რომელსაც ნამდვილად სურს მშვიდობა და ნამდვილად სურს აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან, მზად არიან, კომპენსაცია გადაუხადონ ჩვენს ხალხს. ეს არ ეხება ფულს, მათ უნდა დააბრუნონ ყველაფერი : ტერიტორიები, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც ყველაზე მთავარია, აღადგინონ სამართლიანობა. მშობლებისთვის, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი შვილები, ფული საკმარისი არ არის, ეს არ არის პრიორიტეტი, მათ უნდა დააბრუნონ სამართლიანობა და მე აქამდე არავისგან მსმენია ასეთი განცხადებები, არც რუსეთისგან და არც პუტინისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.