ავტორი:

"ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია -კეზერაშვილ - მერაბიშვილის ბრძოლა" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია -კეზერაშვილ - მერაბიშვილის ბრძოლა" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

ვინ იქნება ენმ-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებზე გაირკვევა, რომლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პარტიაში დაწყებულია კონსულტაციები თავმჯდომარის არჩევის წესსა და თარიღთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ, ნიკა მელიას ჩანაცვლების ამბიცია ბევრ კანდიდატს ექნება, რომლებიც მოქმედი თავმჯდომარის გამარჯვების მცირე შანსებზე ლაპარაკობენ. დღეს გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას გარდა, პრეტენზია გიორგი ჩალაძემ გამოთქვა, რომელიც თავმჯდომარესთან მწვავე დაპირისპირებაში იმყოფება. როგორც ჩალაძე ამბობს, იმის მიზეზი, რის გამოც ის არჩევნებში ერთვება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. მისი ინიციატივა ენმ-ს რიგებში სიცილად არ ეყოთ, ხუმრობად მიიღეს და რომან გოცირიძემ ფბ გვერდზე ისიც დაწერა "ამ ადამიანს უნდა, რომ თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?“

დიდი ალბათობით, მელიას კონკურენტი ლევან ხაბეიშვილიც იქნება, რომელმაც გუშინ ღიად თქვა, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. ხაბეიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ გუნდი მის კანდიდატურაზე მსჯელობს, ეს სურვილი არა მისგან, არამედ პარტიიდან მომდინარეობს და თუ კი გუნდი გადაწყვეტს, მზად არის, თავმჯდომარე გახდეს. მისი აზრით, ბევრი კანდიდატი იქნება და არ გამორიცხავს, რომ პარტიას თუ დასჭირდა, კენჭისყრაში მონაწილეობაზე ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილიც დათანხმდნენ.

ნიკა მელიას პოსტისთვის ბრძოლას არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძეც შეუერთდა, რომელიც მელიას უუნარო ლიდერად მოიხსენიებს.

"ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას!.. ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტირებულად ავუხსნა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!" - წერს ის და ჩალაძის დარად აცხადებს, რომ პარტიამ პრიორიტეტად მიშას გათავისუფლება უნდა დაისახოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მუმლაძემ რამდენიმე კვირის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ძალადობაში დაადანაშაულა.

კულუარულად საუბარობენ ლევან ვარშალომიძის კანდიდატურაზეც, რომელიც წყაროს ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში იმყოფება და რომელიც წინა არჩევნებში ნიკა მელიას ერთადერთი კონკურენტი იყო.

რაც შეეხება პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელია მედიასაშუალებებთან აღარ ჩნდება, ის მხოლოდ პირველ დღეს გამოეხმაურა რიგგარეშე არჩევნებს და თქვა, რომ მზად არის არჩევნებისთვის, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ამისთვის არასწორი დრო შეარჩიეს.

"ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესი ენმ-ს დაშლით დასრულდეს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ პარტიაში კრიზისია და ბრძოლა გავლენების გადანაწილებაზე მიმდინარეობს. "ოცნება“ ფიქრობს, რომ ეს კეზერაშვილის თამაშია, რესურსიც მისია და ბრძოლა მელიას განზე გასაწევად მიდის.

ჩვენი წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ პირიქით, ნიკა მელიასთან შედარებით სხვა კანდიდატების მცირე შანსებზე საუბრობს:

"არჩევნები, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში“ 2 წელიწადში ერთხელ იმართება, მარტამდე უნდა ჩატარებულიყო. ახლა, ნაადრევად იმიტომ ინიშნება, რომ ვიღაცეებს ალბათ ინიციატივის ხელში აღება უნდათ. ვანო მერაბიშვილიც უკვე თბილისშია, აქამდე ლვოვში იჯდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს არის მელია-კეზერაშვილ-მერაბიშვილის ბრძოლა.

როგორც ვიცი, ვარშალომიძე აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა არაფერია გამორიცხული, სრული სურათი იმ კვირაში გამოიკვეთება. ჩალაძემ რომ გამოაცხადა, ჩემს კანდიდატურას დავაყენებო, მთელი "ნაცსასტავი“ სიცილით კვდება, ეს არასერიოზულად მიაჩნიათ, ან რისი შანსები აქვს? პარტიული ელექტორატი მას მხარს არ დაუჭერს. ამბობენ, რომ შეიძლება პარტიამ დააყენოს ხატიას, პეტრეს და ლევანის კანდიდატურები. მაინც და მაინც კეზერაშვილზეა აქცენტი, მაგრამ მანდ სხვა დაჯგუფებებიცაა - მელიას გარდა, ვანო თავისთვის იბრძვის, მაგრამ კეზერაშვილთან აქვს თუ არა "ლინკი“, არ ვიცი.

მელია ბოლომდე იბრძოლებს, მის კისერზე გადაიარა ბევრმა დარტყმამ - ციხეში ჩაჯდა, დეპუტატობაზე უარი თქვა და ახლა, ფაქტობრივად, პოსტი სხვას უნდა დაუთმოს? ამას არ იზამს... მელია თავმჯდომარეობას თუ დათმობს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკიდანაც უნდა წავიდეს. მას ნაკლებაქტიურობას საყვედურობენ და რა ექნა, როცა აქციაზე 200 კაცზე მეტი არ გავიდა? ფაქტია, ხალხი აღარ გამოდის... ამათ ჰგონიათ, მელია თუ წავა და ვინმე სხვა მოვა, მიშას ის გამოუშვებს, ან ბიძინას გაუშვებს? დადონ პროგრამები და თქვან, როგორ აპირებენ ამას. ენმ-ში მიმდინარე არეულობაში, სავარაუდოდ, ივანიშვილის ხელიც ურევია, რომელსაც შიგნით დასაყრდენი ჰყავს. შეიძლება ისეთიცაა, ვისზეც ვერავინ წარმოიდგენს, კაცმა არ იცის, ვინ რას "ჩალიჩობს“. იმედია, მალე ყველა გაიშიფრება. სავარაუდოდ, მელიას შეცვლა თუ უნდათ, ბევრი კანდიდატი არ იქნება. მელია თავის მრავალრიცხოვან ხმებს მაინც მიიღებს, უკმაყოფილოთა ხმები კი დაიქსაქსება და უპირატესობა ისევ მის მხარეს იქნება. ჯერ ისიც გასარკვევია, რა ტიპის არჩევნები ჩატარდება, დელეგატების და ამომრჩევლების რეგისტრაცია როგორ მოხდება. წინა არჩევნებზე, ჩვეულებრივ, ელექტრონულად იყო ხმის მიცემა და მელიამ 13 ათასზე მეტი, ვარშალომიძემ კი მისი ნახევარი - 7 ათასი ხმა მიიღო.

ვიღაცეებს ენმ-ში უნდა ცვლილება და საკუთარი გუნდის ყოლა, ზოგს - პრობლემების შექმნა. ერთადერთი, ვინც შეიძლება "ოცნება“ შეცვალოს, ენმ-ა. "ოცნებას“ მეტი ნარატივი ხომ არ აქვს, 10 წელი აშინებდნენ ამომრჩეველს და გაიძახოდნენ - ნაცები, ნაცებიო, რასაც მხოლოდ მისი 25%-იანი ამომრჩეველიღა იჯერებს. ადრე თუ არა, დღეს უკვე აწყობს "ოცნებას“ ენმ-ს დაშლა, მოწინააღმდეგე აღარ ეყოლება.

მიშას პოზიციას რაც შეეხება, ის კვლავ დუმს, კაცმა თქვა, პოლიტიკიდან წავედიო და მან რომ პოზიცია დააფიქსიროს, ეს ნიშნავს იმას, რომ არსადაც არ წასულა. ჩათვალეთ, რასაც ეკა ხერხეულიძე ამბობს, იმას იტყოდა და იმ აზრზე იქნებოდა მიშაც, ვინაიდან ისაა მიშას ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირი. ეკა კი მელიას მხარდამჭერია,“ - გვეუბნება წყარო.