"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის მოსაზრებით, შიდაპარტიული არჩევნები პარტიის მხარდამჭერების ფართო ჩართულობით უნდა ჩატარდეს.
კითხვაზე, თუ როდის ჩატარდება "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნები, აკაკი მინაშვილი პასუხობს, რომ ეს "ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება" და თარიღთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა იქნება.
მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი მონაწილეობითი არჩევნები და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ ხედვები, მიდგომები და გეგმები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს წარუდგინონ.
„ამაზე იქნება მსჯელობა. ამ თარიღზე ახლა ვერ გიპასუხებთ. მსჯელობისას ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე, როდესაც მთავარი თემა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხია, არ ღირდა არჩევნებზე საუბარი, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს თემა გადაწყდებოდა, ჩვენ უნდა დაგვეწყო არჩევნებზე საჯაროდ საუბარი. სამწუხაროდ, ჩემი თანაგუნდელების გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ამ სენსიტიურ პერიოდში ბრიფინგი გამართოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს გააკეთა, რამაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, მონაწილეობითი, ჩართულობითი არჩევნები და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ თავისი ხედვები, მიდგომები, გეგმები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს წარუდგინონ, მათ შორის, კითხვებს საფუძვლიანად და სრულფასოვნად გასცენ პასუხი. ეს ვერ მოხდება ერთ და ორ დღეში," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის განმავლობაში იყო და ამის ინიციატორი თავად პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, „როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები“.