ავტორი:

ქართველი "ზორო" მსოფლიოს ჩემპიონია - სანდრო ბაზაძის წარმატების გზა: "მამამ დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ადგილის დამკვიდრება"

ქართველი "ზორო" მსოფლიოს ჩემპიონია - სანდრო ბაზაძის წარმატების გზა: "მამამ დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ადგილის დამკვიდრება"

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირის დედაქალაქში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ბაზაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში იტალიელი ლუიჯი სამელე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ უკვე მეოთხედ მოახერხა მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება.

აქამდე მსოფლიო თასის ეგიდით სანდრო ბაზაძეს ერთი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული.

  • Ambebi.ge-ს არქივში არის ინტერვიუ უკვე ლეგენდად ქცეულ სპორტსმენთან, რომელსაც მეგობრები "ზოროს" ეძახია. სანდროს თქმით, მას მამამ და ძმამ უბიძგეს, რომ ეს გზა აერჩია.

"ერთი ძმა მყავს, ბექა და ისიც მოფარიკავეა. ჩემამდე დაიწყო ფარიკაობა და სტიმულიც მან მომცა. ბექა 4 წლით უფროსია ჩემზე, როგორც წესი, ძმა ძმისთვის სამაგალითოა ხოლმე, და მეც ეს სპორტი ავირჩიე. მამა - მერაბ ბაზაძეც მოფარიკავე იყო. ერთი სიტყვით, მათ მიბიძგეს, ამ გზას დავდგომოდი, ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ...

სხვათა შორის, ფარიკაობაზე გვიან შევედი - 14 წლის. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი, კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, აღარ გავაგრძელე ვარჯიში და კარიერა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პირველი მწვრთნელი და ის ადამიანი, ვინც აქამდე მომიყვანა, არის მერაბ ბაზაძე - მამაჩემი, რომელმაც მთელი თავისი ძალა, ენერგია, გული და სული ჩადო იმაში, რომ მე ამ დონემდე მიმეღწია და აქამდე მოვსულიყავი. ვფიქრობ, მამას იმედებს ვუმართლებ, თან ჯერ ყველაფერი წინ არის. ბექა ჩვენი გუნდის კაპიტანია და ძალიან კარგი სპორტსმენი, მას ყველა პატივს სცემს. ოთხკაციანია ჩვენი ჯგუფი და ბექა ერთ-ერთი ლიდერია მასში. დედაც ძალიან მეხმარება და ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს, ჩემს წარმატებაში მისი დამსახურებაც უდავოა.", - ამბობდა ბაზაძე.

  • პირადი ცხოვრების შესახებ:

გამიმართლა ასეთი მეუღლე რომ მყავს. სალომე ძალიან მეხმარება და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შედეგების მიღწევაში, ის ჩემი მოტივაციაა. ჩვენ პატარა, 3 წლის დაჩი გვყავს. ხშირად დიდი ხნით მიწევს ქვეყნიდან წასვლა, მდგომარეობას სალომე მიმსუბუქებს და მეუბნება, არ ინერვიულო, საფიქრალი არაფერი გქონდესო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სალომე ჩემმა მეგობარმა გამაცნო, რომელიც მისი პარალელურ კლასელი იყო. იმ წელს ქობულეთში ვისვენებდით, იქ ვნახე და პირველივე დღიდან სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ, სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება. სალომე ბიზნესს სწავლობს, სხვათა შორის, ის ჩვენს ფედერაციაში მუშაობს და ძალიან დაგვეხმარა შეჯიბრის ორგანიზებაში, ის უძღვება პიარსაც და ა.შ. ძალიან ბედნიერები ვართ... დიდი იმედი მაქვს, დაჩიც ჩემს გზას გააგრძელებს, არაფერს დავაძალებ, მაგრამ დიდი სურვილი მექნება, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და იფარიკაოს. ვნახოთ, თუ მოინდომებს, მე ყველანაირად შევუწყობ ხელს.

  • მიღწევები

საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიხარული იყო, მაგრამ ჩემი კარიერის მესამე წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი 20 წლამდე ასაკში და ეს იყო ყველაზე დიდი პირველი წარმატება. მაშინ უაღრესად ბედნიერი ვიყავი და დღემდე მახსოვს ეს გრძნობა, როგორ გავახარე ჩემი მწვრთნელი მამა, მან დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. ამ შედეგის შემდეგ მოვუმატე ვარჯიშს და ჩემს თავზე მუშაობას.

შემდეგ კიდევ ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი, უკვე 23 წლამდე ასაკში, ბევრჯერ მაქვს მოგებული მსოფლიო თასი ახალგაზრდებში, საქართველოს ჩემპიონიც ბევრჯერ გავხდი. შემდეგ, უკვე დიდებში, სამჯერ მაქვს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოპოვებული,10-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი... მართალია, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი მოვიპოვე, მაგრამ ესეც უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის და ალბათ იმით, რომ უფრო მეტს ვმუშაობ თავზე. ჩემი მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიური თამაშებია. მანამდე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი მექნება, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია მაინც ოლიმპიადაა.