ავტორი:

ერთი ძმა რუსებმა წამებით მოკლეს, მეორე - ხერსონთან დაეცა - უკრაინას შეწირული ძმები მაჭარაშვილები და მამა, რომელიც ოკუპანტებს ებრძვის

ერთი ძმა რუსებმა წამებით მოკლეს, მეორე - ხერსონთან დაეცა - უკრაინას შეწირული ძმები მაჭარაშვილები და მამა, რომელიც ოკუპანტებს ებრძვის

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი, რომელიც 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში მძიმედ დაიჭრა, გარდაიცვალა. ერნესტის ძმა თემურ მაჭარაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს აპრილში შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა თემური წამებით მოკლეს. უკრაინის მხარეს იბრძვის თემურის და ერნესტის მამა ბონდო მაჭარაშვილიც...

არაოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან-დღემდე რუსეთ-უკრაინის ომში 28 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლების მემორიალურ საიტზე მაჭარაშვილების ოჯახზე ვრცელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ერნესტი მაჭარაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ როვენკიში ცხოვრობდა. მაჭარაშვილების ოჯახში 12 შვილი იზრდებოდა, ექვსი ძმა და ექვსი და. როდესაც 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ოჯახმა ლუგანსკის რეგიონი დატოვა და და-ძმები სხვადასხვა ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ერნესტმა მიკოლაევის რეგიონი აირჩია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსახურობდა ქალაქ ოჩაკოვის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. მოგვიანებით იგი იყო მიკოლაევის ახალგაზრდულ ბანაკებში მასწავლებელი.

"მას ჰქონდა სწორი აზრები და უკრაინული ღირებულებები, რაც ჩაუნერგა ახალგაზრდა თაობას", - ჰყვებიან მეგობრები.

როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ერნესტი და მისი ძმა თემური საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინაში დაბრუნდნენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რიგებს შეუერთდნენ. მალე ფრონტის ხაზზე წავიდნენ.

“როცა როვენკის დავიბრუნებთ, ჩვენ შევალთ იქ უკრაინული ტანკებით და შეძახილებით: "დიდება უკრაინას!“ ყველა ვირთხას დავიჭერთ. ყველა სეპარატისტი უკეთეს შემთხვევაში გაიგზავნება რუსეთში. იმავე ტანკით, ჩვენ ჩამოვაგდებთ ლენინის ძეგლს მთავარ მოედანზე და სიმბოლურად გავათრევთ მთელ ქუჩაზე, რომელსაც იგივე სამარცხვინო სახელი ჰქვია. იმ ადგილას ძეგლს ამ ომში დაცემულ ჩვენს გმირებს, როვენკელებს დავუდგამთ. ლენინის ქუჩას ან გაგარინის კვარტალს ძმებ მაჭარაშვილების სახელს დავარქმევთ“, - წერს მაჭარაშვილების და ილონა მაგაი-მაჭარაშვილი.

მათი მამა ბონდო მაჭარაშვილი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან გახლავთ. საბჭოთა პერიოდში, უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის დროს, 1977 წელს, ბონდო მაჭარაშვილმა უკრაინელზე იქორწინა. წყვილს 12 შვილი შეეძინა - ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟი. მათგან ორი თემური და ერნესტი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ.