ავტორი:

"რთულია, ვისაუბრო... მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ..." - რას წერს თორნიკე შენგელია

"რთულია, ვისაუბრო... მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ..." - რას წერს თორნიკე შენგელია

14 ნოემბერს, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისი არენაზე შედგა და მატჩი იტალიელების გამარჯვებით, ანგარიშით - 84-85 დასრულდა. ბოლო წამებზე ჩვენი გუნდის კაპიტანს, თორნიკე შენგელიაშ შანსი ჰქონდა, რომ ბურთი კალათში მოეთავსებინა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, შენგელიამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ამ წაგების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს.

"რთულია, ვისაუბრო ასეთი წაგების შემდეგ. დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა დაგვავალა, მეტოქეს უფრო მეტი სამქულიანი ვასროლინეთ, ვიდრე – ორქულიანი. წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ეს გუნდი სამქულიანებს ხშირად ისვრის, ჩაგდებაში კი ხელი ვერ შევუშალეთ.

ჩემით დაწყებული ძალიან ბევრი დაკარგვა გვქონდა. გარდა ამისა, შემიძლია, ვთქვა, რომ ვიბრძოლეთ. ბოლო წამზე თქვენც ნახეთ, რა მოხდა, ამის გამო მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა, შემდეგი ტური ჩვენს ხელშია.უკეთესი მეორე ნახევარი გვქონდა, ვიდრე – პირველი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ისევ გვაქვს", - წერს შენგელია.

ცნობისთვის. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს.