ავტორი:

ვინ ისროლა რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე? - რა ვერსიები განიხილება და ვინ რას აცხადებს

ვინ ისროლა რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე? - რა ვერსიები განიხილება და ვინ რას აცხადებს

მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტების ჩამოვარდნის შემდგომ განვითარებულ პროცესებს. ინციდენტი, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 ნოემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები რუსეთმა ისროლა, რომელმაც იმავე დღეს უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა.

რუსეთიდან ეს ბრალდება კატეგორიულად უარყვეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციად” შეაფასა.

"პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ პშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ დასახლებულ გამოქვეყნებულ ნამსხვრევებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის ძალებთან”, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს პირველად ინფორმაციას, რომ რაკეტები, რომლითაც პოლონეთზე იერიში მიიტანეს, შესაძლოა უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. მათ მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ უკრაინელები ცდილობდნენ თავი რუსული თავდასხმისგან დაეცვათ, რომელიც მათ ენერგო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.

შეგახსენებთ, დღეს დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი.

"დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის“ სამიტზე არიან შეკრებილი, მომხდარის გამო საგანგებო შეხვედრა გამართეს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

ჯო ბაიდენის განცახდებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.

ამასთანავე, ბაიდენი, რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას დღეს დილით ტელეფონით ესაუბრნენ.

"საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერამ ოლაფ შოლცმა,

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ზბიგნევ რაუს და დმიტრო კულებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ, ბლინკენმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ რაუს დაუდასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა აფეთქების მიმდინარე გამოძიებაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ზოგიერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის გადაწყვეტილებაა მიღებული. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.