ავტორი:

ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობის უმძიმესი ამბავი: რატომ გაცვალა უკრაინამ ტყვე, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ინტერვიუ მისცა: "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს მათი პრობლემაა...“

ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობის უმძიმესი ამბავი: რატომ გაცვალა უკრაინამ ტყვე, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ინტერვიუ მისცა: "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს მათი პრობლემაა...“

13 ნოემბრის ღამეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემენ უკრაინული ტყვეობიდან დაბრუნებულ მამაკაცს. ეს კაცი იყო ევგენი ნუჟინი, მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც ვაგნერის PMC-ის მიერ იყო დაქირავებული უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინაში ტყვედ აყვანილი ნუჟინი იტყვის, რომ ნებაყოფლობით ჩაბარდა, რადგან უკრაინის მხარეს უნდოდა ბრძოლა, მაგრამ მას საბოლოოდ გაცვლიან, რაც მის სიცოცხლეს ფატალურად დაასრულებს... ევგენი ნუჟინის ისტორიას BBC ყვება.

  • "შურისძიების ჩაქუჩი"

2022 წლის აგვისტოში ძმებმა ილია და ნიკიტა ნუჟინებმა ნათესავებთან ერთად, მამას, ევგენის, ვიდეოზარით ციხეში დაურეკეს. ნუჟინის ოჯახში ასეთი ზარები ჩვეულებრივი იყო - ევგენი ნუჟინი 2000-იანი წლების დასაწყისიდან იხდიდა კოლონიაში მკვლელობისთვის სასჯელს. მისი მეუღლე ოლგა ქმართან პაემანზე დადიოდა, ხოლო შვილები, შვილიშვილები და სხვა ნათესავები მას ვიდეოზარით უკავშირდებოდნენ.

იმ დღეს ევგენი შეშინებული ჩანდა, იხსენებს რძალი ანასტასია. მამაკაცმა უთხრათ, რომ მასთან ევგენი პრიგოჟინი (Wagner PMC-ის შემქმნელი, რომელიც გაზაფხულის ბოლოდან ახორციელებს რუსი პატიმრების მობილიზებას უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად) მივიდა და ომში წასვლა შესთავაზა, რაზეც დათანხმდა. მაშინ მისმა ვაჟებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს მამასთან მათი ბოლო საუბარი იყო.

მალე ახლობლებმა მედიიდან შეიტყვეს, რომ ნუჟინი უკრაინას ტყვედ ჩაბარდა და რამდენიმე ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომელშიც ამბობდა, რომ სურდა უკრაინის მხარეს ებრძოლა.

13 ნოემბრის ღამეს, ვაგნერთან დაკავშირებულ "ტელეგრამზე" გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა ნუჟინი. მამაკაცს სახეზე წებოვანი ლენტით აგურები ჰქონდა დამაგრებული...

"მე, ევგენი ნუჟინი, 1967 წელს დაბადებული, წავედი ფრონტზე, რათა გადავსულიყავი უკრაინის მხარს, რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. 4 სექტემბერს განვახორციელე ჩემი გეგმა. 11 ნოემბერს კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე თავში რაღაც ჩამარტყეს, რის შედეგადაც გონება დავკარგე და სარდაფში გამეღვიძა. აქ მითხრეს, რომ გამასამართლებდნენ“, - ამბობს, კაცი, რის შემდეგაც კულისებში ჩნდება ადამიანი, რომელიც ნუჟინს ჩაქუჩს ურტყამს.

ვიდეოს წარწერაში ვკითხულობთ, რომ ნუჟინი მოღალატეა, რომელმაც "მიიღო ტრადიციული, პირველყოფილი, "ვაგნერული" სასჯელი". ვიდეოს ავთენტურობა აქამდე არავის დაუდასტურებია.

ნუჟინის ახლობლებმა ვიდეოს შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყვეს. მისმა მეუღლემ ოლგამ ვიდეოს ბოლომდე ყურება ამ დრომდე ვერ შეძლო - გამუდმებით ტირის და არ სჯერა იმის, რაც ქმარს დაემართა.

  • ევგენი ნუჟინის შესახებ

ევგენი ნუჟინი ყაზახეთში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ჯარში გაწვევის შემდეგ, სამუშაოდ შინაგან ჯარებში დარჩა, სადაც პრაპორშჩიკის წოდებით მსახურობდა. 1995 წელს პენსიაზე გავიდა და ოჯახი საცხოვრებლად ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში გადავიდა.

1999 წელს მკვლელობისთვის გაასამართლეს. რუსეთში ბანდიტიზმი და არეულობა იყო. ვესროლე, ერთი მოვკალი და მეორე დავჭერი... დავასწარი, შეიძლებოდა მე მოვეკალი, მაგრამ მე მოვკალი..." - ამბობდა ჟურნალისტთან ტყვეობისას.

სასამართლომ ნუჟინს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება გამოიცვალა, ურალში სპეციალური რეჟიმის კოლონიაში ყოფნისას კი გაქცევა სცადა, რის შემდეგაც 4 წელი კიდევ დაუმატეს, ის ციხიდან 2027 წელს უნდა გათავისუფლებულიყო.

სკოპინსკის კოლონიაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სხედან, ევგენი "ძალიან კარგად" ცხოვრობდა, "ის იყო ავტორიტეტი", იხსენებს მისი რძალი ანასტასია. მან თავად განუცხადა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომ 2009 წლიდან მას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა პლანშეტი და ტელეფონი, რომლის შეტანაც კოლონიაში ქრთამის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. სწორედ ინტერნეტის საშუალებით გაიცნო მეორე ცოლი ოლგა.

ნუჟინი, VKontakte-ს აქტიური მომხმარებლი იყო. მის პროფილში იძებნება ქორწილის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ციხეში გადაიხადა. სუფთად გაპარსული ნუჟინი მუქ პერანგშია გამოწყობილი, ოლგას თეთრი მაქმანებიანი შარფი და კარდიგანი აცვია. გვირგვინოსან მეუღლეებს ხელში სანთლები უჭირავთ, მათ უკან კი ციხის ოფიცერი დგას.

რამ აიძულა ევგენი, რომელსაც ოთხი წელი დარჩა მოსახდელი, ფრონტზე წასულიყო, მისი საყვარელი ადამიანებისთვის საიდუმლოდ რჩება.

ბუტუსოვის არხთან ინტერვიუში ნუჟინმა თქვა, რომ 2022 წლის ივლისში, ვერტმფრენი დაეშვა IK-ის ტერიტორიის მახლობლად. პატიმრები მოედანზე იყვნენ მწკრივში. პრიგოჟინი მათთან მივიდა და უთხრათ, რომ შეწყალებისა და ხელფასის სანაცვლოდ უკრაინაში საბრძოლველად წასვლა შეეძლოთ. პრიგოჟინმა ფრონტზე წასვლის აუცილებლობა ახსნა იმით, რომ "სამშობლოს საფრთხე ემუქრება", - თქვა ნუჟინმა.

წასვლაზე 92 ადამიანი დათანხმდა, მათ შორის ნუჟინი. ერთი თვის შემდეგ პრიგოჟინი მეორედ დაბრუნდა IK-3-ში, ხოლო 25 აგვისტოს მოხალისეები ჯერ როსტოვის მახლობლად ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ვერტმფრენით ლუგანსკის რეგიონში.

"მინდოდა უკრაინელების მხარეს მებრძოლა, ამიტომ დავნებდი. გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე, ჯერ კიდევ იქ ვიჯექი. იმიტომ რომ უკრაინას არ დაუწყია ომი, არამედ პუტინმა დაიწყო", - ამბობდა ნუჟინი.

ნუჟინის თქმით, დასავლეთ უკრაინაში მისი ნათესავები - ბიძა და და ცხოვრობენ. "როგორ შეგიძლია ნათესავებს ებრძოლო?" - განაცხადა მან რამინა ეშკაზაისთან ინტერვიუში. მან თქვა ისიც, რომ ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში 22 წლის განმავლობაში, რუსეთში კარგი არაფერი გაუკეთებია. ნუჟინის ვაჟმა ნიკიტამ ინტერვიუში განაცხადა, - მამაჩემმა გვითხრა, უკრაინაში ომი პუტინმა გააჩაღა და ჩვენ იქ არაფერი გვაქვს გასაკეთებელიო...

თუ ყოფილ პატიმარზე VKontakte-ზე მისი პროფილის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ძნელია ეჭვი შევიტანოთ მის ოპოზიციური შეხედულებებში ან უკრაინის მიმართ სიმპათიაში. სოციალურ ქსელში ნუჟინი ძირითადად აზიარებდა საჯარო პოსტებს სსრკ-ში ცხოვრებაზე და ჯგუფებს ბუნების შესახებ პოეტური სახელებით...

შვიდი წლის წინ მიტოვებულ ნუჟინის სხვა გვერდზე ის რეგულარულად აქვეყნებდა სურათებს იმპერიული დროშებით, ციტატებს "რუსული სულის" ძალაუფლებისა და მართლმადიდებლობის შესახებ, თუმცა უფრო ხშირად აქვეყნებდა, თავისი ვაჟებისა და ცოლის ფოტოებს წარწერებით "ჩემი არწივები" ან "ჩემო სიყვარულო".

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყვის, რომ ნუჟინი "ომამდე იყო აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდამჭერი".

ევგენი ნუჟინი სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატიმარი უკრაინის მედიასივრცეში. მისი პირველი ინტერვიუ ჟურნალისტ იური ბუტუსოვთან 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. სარდაფში საწოლზე მჯდარი ნუჯინი ძალიან დაღლილი ჩანდა.

მისმა ოჯახმა ინტერვიუდან შეიტყო, რომ ის ტყვედ აიყვანეს და ცდილობდა რაიმე მაინც გაეგო მისი ბედის შესახებ. არცერთი ოფიციალური უწყება არ დაეხმარათ მათ. წითელ ჯვარში ზარებიც უსარგებლო აღმოჩნდა, - ამბობს ევგენი ნუჟინას რძალი ანასტასია. იმისათვის, რომ როგორმე დაკავშირებოდნენ ნუჟინს, რომელსაც იგი "მამას" უწოდებს, მან და სხვა ნათესავებმა დაიწყეს კომენტარების დატოვება ბუტუსოვის არხზე.

ჟურნალისტმა რამინა ეშაკზაიმ ტყვეობაში მყოფ ნუჟინს, ინტერვიუს დროს ახლობლების მესიჯი წაუკითხა. ინტერვიუ ოქტომბერში შედგა და ვიდეოზე ევგენი შესამჩნევად კარგად გამოიყურება, ინტერვიუ ნათელ, მყუდრო ოთახში მიმდინარეობს. ვიდეოში ატირებული ნუჟინი მოიკითხავს ახლობლებს და ბოლოს შვილებსა და რუსეთის ციხეების პატიმრებს სთხოვს, არ წავიდნენ ომში.

ამის შემდეგ ნუჟინის ახლობლებს კიდევ ერთი ვიდეო გაუგზავნეს ევგენის მონაწილეობით. მათ 1-ლ ნოემბერს ვიდეო ბუტუსოვის არხის მეშვეობით მიიღეს - მასზე ყოფილი პატიმარი, სპორტული ტანსაცმელშია გამოწყობილი, ჰპირდება, რომ "ყველაფერი კარგად იქნება..."

  • აუხდენელი იმედები...

ზუსტად როგორ მოხვდა ნუჟინი სარდაფში, სადაც ის მოკლეს, გაურკვეველია. უკრაინის ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არაერთხელ მოუწოდა რუს სამხედროებს დანებებისაკენ. ამისთვის უკრაინაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი "მე მინდა ვიცხოვრო" - ოფიციალური პირები არწმუნებენ, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩაბარდება, მათი სურვილის გარეშე, რუსეთში ექსტრადირება არ მოახდება.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ და ჟურნალისტებმა რამდენიმე ვერსია გამოთქვეს, თუ რატომ შეიძლებოდა ნუჟინის გადაცემა რუსული მხარისთვის. 15 ნოემბერს სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ ნუჟინი არ იყო "ნებაყოფლობით ჩაბარებულთა“ სიაში.

"ნუჟინი იხდიდა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლონიაში. ციხიდან გამოსასვლელად იგი დათანხმდა დაქირავებულთა რიგებში შესვლას, რათა მონაწილეობა მიეღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, იმყოფებოდა ქვეყანაში, როგორც ყველაზე სასტიკი კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" ნაწილი და ომამდე ის იყო აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდამჭერი“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში, რომელიც მუშაობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო დეპარტამენტთან.

სააგენტო დარწმუნებით ამბობს, რომ "არც ერთი რუსი სამხედრო ტყვე, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა უკრაინულ ჯარებს, არ გაიცვლება და არ დაბრუნდება აგრესორ სახელმწიფოში მისი თანხმობის გარეშე", - ასევე ჰპირდებიან, რომ რუს სამხედრო ტყვეებს მოეპყრობიან ჟენევის კონვენციების შესაბამისად.

რამდენად დაიცვეს ნუჟინი, საკითხავია, რადგან ის ფრონტზე მოხვდა არა როგორც რეგულარული დანაყოფების ნაწილი, არამედ როგორ პატიმარი. კონვენციის თანახმად, ეჭვის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პატიმრის სტატუსი.

ოფიციალურად დეპარტამენტი არ აღიარებს ნუჟინის გაცვლის ფაქტს. 11 ნოემბერს, მკვლელობის ამსახველი ვიდეოს გამოჩენამდე ორი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა რუსეთთან პატიმრების ახალი ჯგუფის გაცვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 45 სამხედრო მოსამსახურე უკრაინას გადაეცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად არ დაადასტურა გაცვლის ფაქტი, მაგრამ კრემლის მომხრე ბლოგერი ანასტასია კაშევაროვა შემდეგ ამტკიცებდა, რომ გაცვლა მოხდა Wagner PMC-ის მეშვეობით, რომელსაც, სავარაუდოდ, აქვს "საკუთარი გაცვლის ფონდი".

ნუჟინის შემთხვევაში, BBC-ის წყაროს თქმით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მიდიოდა PMC-ის წარმომადგენლებთან და ყოფილ მსჯავრდებულში რუსული მხრიდან "ძალიან კარგი პირობები“ შესთავაზეს.

რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა ტყვეობიდან ნუჟინის სანაცვლოდ, BBC-ის თანამოსაუბრემ ზუსტად არ იცის, მაგრამ განმარტავს, რომ უკრაინისთვის პრიორიტეტი ტყვეების დაბრუნებაა და "როგორ მოექცევიან რუსები რუსებს, ეს უკვე მათი პრობლემაა...“

ის ასევე ამბობს, რომ ერთხელ პრიგოჟინმა მოახერხა ასეთი მოლაპარაკებების გზით დაბრუნებულიყო მისი ხუთი დატყვევებული მებრძოლი დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების სანაცვლოდ.

უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმერ ზოლკინი, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუები რუს სამხედრო ტყვეებთან, თქვა, რომ ნუჟინი არ იყო სახელმწიფო პროგრამის "მე მინდა ცხოვრებას" წევრი.

პირველი უკრაინელი ოფიციალური პირი, რომელმაც ღიად აღიარა, რომ ნუჟინი მართლაც გაცვალეს, იყო მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.

"იქ სიტუაცია სრულიად გამჭვირვალეა. ჯერ ერთი, ის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს. მეორეც, ტყვეობაში ბევრ რამეზე ისაუბრა, ჩვენება მისცა. ამის შემდეგ, ნებაყოფლობით ხელი მოაწერა თანხმობას გაცვლაზე და გაცვალეს", - განუცხადა ტელეკომპანია "დოჟდს...“

ნუჟინის ოჯახს არ სჯერა, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით წასვლა გაცვლაზე.

"როგორ შეეძლო რაიმეზე მოაწეროს ხელი, როცა უკრაინაში ინტერვიუს დროს ძალიან ბევრი თქვა“, - აინტერესებს ანასტასია ნუჟინას. მისმა ქმარმა ნიკიტამ, ევგენის ვაჟმა, BBC-ს განუცხადა, რომ მის ოჯახს არ სურდა მისი გაცვლა, რადგან მათ "წინასწარ იცოდნენ", რაც ელოდა რუსეთში.

ზუსტად როგორ მოხვდა ნუჟინი იმ ადამიანების ხელში, ვინც ის მოკლა, გაურკვეველია. BBC-მ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოხდა, მაგრამ გამოცემას პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

BBC-ის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ამ ვიდეოს შემდეგ ვაგნერში წასვლის მსურველი ნაკლები იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილია თავისი კარგი ხელაფსით. ისინი ამას პრიგოჟინის რეპუტაციისთვის ძლიერ დარტყმას უწოდებენ და მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო გავრცელდა მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი Telegram არხის მიერ, ისინი ირწმუნებიან, რომ ეს სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევდა დაქირავებულ მებრძოლებში...

BBC-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრე, რომელიც დიდი ხანი იბრძოდა PMC-ში, რომელიც არ ასოცირდება პრიგოჟინთან, ამბობს, რომ ვიდეომ ნუჟინთან ერთად დაარწმუნა, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა: ”ყველას სურს შეუერთდეს "ვაგნერს", რადგან მათ აქვთ საუკეთესო იარაღი, კარგი აღჭურვილობა, ხალხი გამოცდილია, მაგრამ არ მინდოდა, რადგან სირიაში ხალხს თავებს აჭრიდნენ და თავისებიანებს სასტიკად სცემდნენ"...

  • სიჩუმე

კრემლმა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, "ეს ჩვენი საქმე არ არის" ამბობენ ნუჟინის საქმეზე. ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ "საგამოძიებო ორგანოები ამოწმებენ ამ ფაქტებს“ და "ნებისმიერი სისასტიკე და უკანონობა მოითხოვს სახელმწიფოს ჩარევას“.

ნუჟინის ოჯახმა არაფერი იცის მსგავსი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მათ არც საგამოძიებო კომიტეტი და არც პოლიცია არ დაკავშირებია.

"ახლა გარედან დიდი ზეწოლაა, ხალხი წერს, რომ ჩვენც უნდა დაგვხოცონ“, - ამბობს ანასტასია ნუჟინა.

ნუჟინის მკვლელობიდან ერთი დღეც არ იყო გასული, როდესაც პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება.

"ამ შოუში ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ, მაგრამ სამართლიან ხალხს. მგონი ამ ფილმს ჰქვია "ძაღლს ძაღლური სიკვდილი. მშვენიერი სარეჟისორო ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ყურება. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა", - ამბობს პრიგოჟინი.

14 ნოემბერს კი პრიგოჟინმა მისწერა გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს თხოვნით "ჩატარდეს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება ევგენი ანატოლიევიჩ ნუჟინის მკვლელობის ფაქტისა და გარემოებების დასადგენად". განცხადებაში ის 27 წლის წინ CIA-ს მიერ ნუჟინის დაქირავების შეგნებულად დაუჯერებელ ვერსიას აყენებს და ასევე ფანტაზიორობს, რომ ის გაიტაცეს და მოკლეს "ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებმა".

ნუჟინის ახლობლებს, რა თქმა უნდა, ამის არ სჯერათ. ”მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გააკეთეს ან უკრაინელებმა ან ვაგნერის PMC-მა, დანარჩენები კი უბრალოდ არ არიან ჩართულნი,” - ამბობს ანასტასია.

ოჯახი იმედოვნებენ, რომ ევგენის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. ოჯახს სურს ნორმალურად დაემშვიდობოს მას, ანასტასია ამბობს:

"გვინდა ცხედრი მოგვცენ, მაგრამ ვინც ამას გააკეთებს, ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავე იქნება მის მკვლელობაში. ვფიქრობ, ეს ახლა შეუძლებელია..."

იხილეთ ასევე: