"არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა..." - Twitter-მა საოფისე შენობები დახურა: რა ელის სოციალურ ქსელს მასკის ხელში?

"არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა..." - Twitter-მა საოფისე შენობები დახურა: რა ელის სოციალურ ქსელს მასკის ხელში?

Twitter-ის ილონ მასკის სადავეებში გადასვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, პლატფორმის გარდაუვალი კოლაფსის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. საიტი, რომელზეც გლობალურად წუთში 6. 000-ზე მეტი "ტვიტი" იდება, მომხმარებლების ვარაუდით, დახურვის პირასაა. მას შემდეგ, რაც მასკმა ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, მან დარჩენილ პერსონალს ულტიმატუმი წაუყენა - ან დამატებით საათებში და უფრო მკაცრ პირობებში იმუშავებდნენ, ან საერთოდ წავიდოდნენ კომპანიიდან. მასკის მოსვლამდე, ტვიტერს დაახლოებით 7500 თანამშრომელი ჰყავდა, აგრეთვე, ფირმაში დასაქმებული იყო ათასობით კონტრაქტზე მომუშავე ადამიანი, რომელთა უმეტესობაც დაითხოვეს.

დღეს "ტვიტერმა" თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიის საოფისე შენობები 21 ნოემბრამდე იხურება. ამავე დროს, "ტვიტერის" ბევრი მომხმარებელი საიტზე სხვადასხვა პრობლემებს წააწყდა, რაც, სავარაუდოდ, პლატფორმაზე მომუშავე პირების შემცირებით იყო გამოწვეული. კომპანიის რამდენიმე დღით დახურვის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების დიდმა ნაწილმა მასკის მიერ წაყენებული ულტიმატუმის გამო კომპანია დატოვა.

Twitter-ის ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, BBC-ს განუცხადა:

"ვფიქრობ, დღეის შემდეგ 2 000-ზე ნაკლები ადამიანიღა დარჩება კომპანიაში".

მან ისიც დაამატა, რომ მის გუნდში ყველა გაათავისუფლეს:

"ჯერ გუნდის მენეჯერი გაათავისუფლეს, შემდეგ ამ მენეჯერის მენეჯერი და მისი მენეჯერი. ასე რომ, ამ გუნდში მეთაურის პოზიციაზე აღარვინ დარჩა".

კომპანიიდან წასული მეორე თანამშრომელი კი ამბობს: "არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა და გვითხრა, - აქ მხოლოდ განსაკუთებული ადამიანები უნდა მუშაობდნენო... არადა, მე ისედაც 60-70 საათს ვმუშაობდი კვირაში".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="zxx" dir="ltr"><a href="https://t.co/rbwbsLA1ZG">pic.twitter.com/rbwbsLA1ZG</a></p>&mdash; Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1593459801966538755?ref_src=twsrc%5Etfw">November 18, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ტვიტერის" დახურვასთან გამოხატულ შეშფოთებას, მასკმა რამდენიმე "ტვიტით" უპასუხა:

"საუკეთესო ხალხი დარჩება, ასე რომ, დიდად არ ვნერვიულობ". ცალკეულ პოსტებში კი მან ჩონჩხების "ემოჯი" დაპოსტა და საფლავის ქვის ფოტო დაურთო, რომელზეც "ტვიტერის" ლოგოა ჩასმული.

"ტვიტერის" მომხმარებლები კი ამასობაში ცდილობენ, რომ ალტერნატიული სოციალური ქსელი მონახონ, სადაც საიტის დახურვის შემთხვევაში გადაინაცვლებენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა