ავტორი:

"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?

"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?

ნიჭიერ მომღერალს ლელა სიხარულიძეს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ქართულ საესტრადო სცენას ძალიან უხდებოდა. მისი ნამღერი მსმენელს უყვარდა. ნიჭიერი, მშრომელი და საქმეზე ორიენტირებული მომღერალი სამწუხაროდ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტრაგიკული შემთხვევას ემსხვერპლა... ხანძრის შედეგად სხეულის დიდი პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...

ლელა სიხარულიძის უახლოესი მეგობარი დიზაინერი მარინა ხორავა ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალს ჩვენთან საუბარში ასე იხსენებს:

- უახლოესი მეგობრები ვიყავით, ჩვენი მეგობრობა სტუდენტობიდან მოდიოდა. ბოლო წლებში კი განუყრელი მეგობრები გავხდით, თან, მისი დიზაინერიც გავხდი. მოწესრიგებული ადამიანი იყო, გემოვნებიანი ჩაცმა ძალიან უყვარდა. ამას დიდ ყურადღებას აქცევდა. სახლშიც კი მუდმივად მოწესრიგებული იყო და მით უმეტეს, სცენაზე... ასე რომ, ვთანამშრომლობდით კიდეც. სტუდიაში მის ჩაწერებსაც ვესწრებოდი, რომ საკონცერტო კოსტიუმი უკეთესად წარმომედგინა, რომ შემექმნა.

საერთოდ, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ლელას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული. ისტორიკოსი იყო, კარგად იცოდა თავის საგანი... ჩვენ შორის თავიდანვე სიმპათიებით განწყობილი ურთიერთობა დაიწყო. 90-იანების ბოლოს კი ჩვენი გზები სერიოზულად გადაიკვეთა. გემოვნებით კი განვსხვავდებოდით, მაგრამ როგორც იტყვიან, - „ხარი ხართან რომ დააბაო“... ერთი-ორჯერ მარინა ბერიძემ უთხრა კიდეც, როგორ დაგეტყო შენი დიზაინერის ხელიო... კლასიკური, დედოფლური, ჩაცმა უყვარდა. მე ჯინსებზე გადავიყვანე, რადგან უფრო ქეჟუალის ტიპაჟი ვარ. მენდობოდა და წამომყვა.

- ბევრს დღემდე ახსოვს "ბერიკონში" გამართული მისი სოლო კონცერტი...

- იმ პერიოდისთვის ის პირველი კოსტიუმირებული კონცერტი იყო საქართველოში. 1998 წელს ჩატარდა, მისი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თუმცა კონცერტისთვის მზადება და აქტიური მუშაობა 1997 წელს დავიწყეთ - სიმღერების ჩაწერა, კოსტიუმები შეკერვა. „პრიმერკაზეც“ საოცრად მოწესრიგებული მოდიოდა. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით, რა და როგორი გვინდოდა. ყველა სამ სიმღერაში, ახალი კოსტიუმი ჰქონდა. ამას შექმნა უნდოდა... ერთ-ერთი მწვანე კაბა, მკერდზე ბევრი ყვავილით გაფორმდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ იმ კაბით დაიკრძალა კიდეც. ცხადია, ის კოსტიუმი მანამდე კონცერტზე ეცვა. ისეთივე შთამბეჭდავი იყო შავი კაბაც, რაღაც გრანდიოზული. იმ კოსტიუმების კეთების პროცესში ბედნიერი იყო...

ლელა სიხარულიძე

კონცერტის რეჟისორი დათო დოიაშვილი გახლდათ. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, თუმცა მანამდე ძალიან ნერვიულობდა, უდიდესი პასუხისმგებლობას გრძნობდა, თან, ბედნიერი იყო. გარდა იმისა, რომ უნდა ემღერა, თან კულისებში კოსტიუმების გამოცვლა უწევდა. უნდოდა, ყველაფერი მაღალ ხარისხში უნდოდა, ჰქონდა და მისი ემოციებიც გასაგები იყო. მეორე კონცერტი „ოქროს ნალში“ ჩატარდა, მაშინაც ისეთივე განცდები ჰქონდა. ის სხვა მასშტაბის და სხვა ფორმატის კონცერტი გახლდათ. სტუმრებს როგორც დიასახლისი ისე ხვდებოდა, თან სუფრასთან უმასპინძლდებოდა და თან, მღეროდა... 2 კვირაში კი მოხდა ის, რაც მოხდა.

- იქნებ ის მძიმე დღეებიც გაიხსენოთ?

- ის დაიწვა, რაც შემთხვევითობის ამბავი იყო, გენერატორი აფეთქდა და რეალურად ამას ემსხვერპლა. მერე იმ აალებულ სიტუაციაში ოთახში შესვლა სცადა, ახალი შექმნილი კოსტიუმები იყო და მისი გადარჩენა უნდოდა, იყო ასევე რაღაც ნივთები, მათი გამოტანა სცადა და ამასობაში ყველაფერი აალდა. ალი ნაყლაპიც ჰქონდა და სხეულის დიდი პროცენტი დაეწვა... ის დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც დიდხანს იცოცხლა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა. ბოლომდე გონებაზე იყო, ნერვიულობდა, რაც მთავარია, სახე არ ჰქონდა დამწვარი. სანახავად საავადმყოფოში რომ მივდიოდი, ვამშვიდებდი, ვაწყნარებდი, - ექიმებს დაუჯერე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი...

მანამდე ერთად აუზზეც დავდიოდით, ვსეირნობდით, თან, საქმეს ვაკეთებდით - ის თავისას, მე ჩემსას და ერთობლივსაც… ერთად უამრავი რამ გვქონდა დაგეგმილი, სოჭში გასტროლებს ვაპირებდით და ახალი კოსტიუმების ჩანახატებიც გვქონდა. მონარქისტული კოლექცია რომ მქონდა შექმნი, კოსტიუმები იქიდან უნდოდა... ისიც უცნაურია, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა...

მარინა ხორავა

- მის პიროვნულ თვისებებზე რა გვეტყვით?

- არ იყო ჭორიკანა ადამიანი, არასდროს არავის განიკითხავდა. არ მახსოვს, ვინმეზე რაიმე აუგად ეთქვა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის შეფასებაში. ვაჟკაცური თვისებები ჰქონდა, რთული ადამიანიც იყო, მასთან ურთიერთობა არ იყო მარტივი... ჩემთან, მერაბ სეფაშვილთან და ლალი სტურუასთან იყო ახლოს... საერთოდ, მეგობრები უყვარდა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან... იყო ნიჭიერი, მშრომელი და შემტევი ადამიანი. თუ რამეს დაისახავდა, ის საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.

- როგორც ვიცით, ლელას დარჩა შვილი?

- ჰყავს შვილი - თამუნა მოსიძე. მაშინ 9 წლის იყო. ულამაზესია, რომ უყურებ ძალიან ჰგავს ლელას - მანერებით, ლაპარაკის ტონით... დედა კი ახსოვს, მაგრამ ძალიან პატარა იყო, რომ დაკარგა... თამუნაც მღერის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლელას მსგავსი ხმა საქართველოში ერთ-ორ მომღერალს თუ აქვს...

- ლელას შესრულებული მამუკა ჩარკვიანის სიმღერები მართლაც გამორჩეულია...

- "ირინოლა" მამუკა ჩარკვიანთან ერთად თამუნამ თავის ქორწილში იმღერა... ლელას დიდი სურვილი ჰქონდა, ფილარმონიაში გაემართა კონცერტი, აინტერესებდა და სულ ამბობდა, ნეტავ, დარბაზი თუ გაივსებაო? სიცოცხლეში ვერ მოასწრო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, ფილარმონია გაივსო, ხალხი კიბეებზეც იჯდა. მე და ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ვიყავით. ბევრი მომღერალი გამოვიდა, ყველამ იმღერა ლელას სიმღერა მისი რეპერტუარიდან, ნამღერს ვერავის დაუწუნებდი, მაგრამ მისი სიმღერები ისე ვერავინ შეასრულა, როგორც თავად მღეროდა. ახლაც კი, როცა ჩანაწერს ვუსმენ, ძალიან განვიცდი... მამუკა ჩარკვიანის „ირინოლა“ ბერიკონის კონცერტზე რომ შეასრულა, ჩემ წინ ჩამოჯდა და მიმღერა. იცით, რომ იქ არის ფრაზა თავლის ფერზე...

მამუკა ჩარკვიანი, ნუგზარ ერგემლიძე, გია გოგორიშვილი და ლელა სიხარულიძე

- თქვენი თვალის ფერი მართლაც გამორჩეულია და როგორც ჩანს, ამაზე კონცერტზე ამ ჟესტით ხაზი გაუსვა, თან მადლიერება გამოგიხატათ...

- კი და იმავე კონცერტზე პერსონალური მადლობაც გადამიხადა და ეს ჩანაწერიც არსებობს... მის არყოფნას, ასე უდროოდ წასვლას ძალიან განვიცდი, ახლაც კი, როცა გესაუბრებით... რომ გარდაიცვალა, ჩემს პირველ შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ. სულ ამბობდა, იცოდე, შენი შვილის ნათლია მე უნდა ვიყოო. საოცარი რამ მოხდა, რომ მათთან სამძიმარზე რომ მივედი, თამუნა გამოვარდა და მუცელზე ჩამეხუტა, მომეფერა. არ იცოდა, მე და ლელა რაზე ვიყავით შეთანხმებულები და უცებ მითხრა - მუცელში რომ პატარა გყავს, იმას მე მოგინათლავო... აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, სუნთქვა შემეკრა... ასეც მოხდა, ჩემი შვილია ნათლია თამუნა გახდა... ლელას დაბადების დღეზე, ყოველ 1-ელ ივლისს მე, თამუნა დალელას მეგობრები საფლავზე ავდივართ... მე ასეთი მეგობარი მყავდა, რომელიც ძალიან ადრე დავკარგე

ნახეთ ასევე: