ავტორი:

"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ" - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან

"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ" - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან

ყველა დროის უმშვენიერესს ქალბატონს კირა ანდრონიკაშვილს 15 ნოემბერს იუბილე ჰქონდა... თუ როგორია იხსენებს წარსულს, როგორია მისი დღევანდელობა, ამის შესახებ ვრცელ ინტერვიუში თავად კირა ანდრონიკაშვილი გვესაუბრა...

- 15 ნოემბერს იუბილე გქონდათ... ამ გადასახედიდან რას იტყოდით, იყო თქვენი ცხოვრება იმდენად ადვილი, როგორც გარედან ჩანს ვარსკვლავურად?

- რა თქმა უნდა სირთულეები იყო და ამის გარეშე ადამიანი ვერც იქნება... არ მიყვარს ჩემი პრობლემებით ვინმეს დამძიმება... ვარსკვლავი არც არასოდეს ვყოფილვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი! ახლა მოიგონეს ეგ სიტყვა, თორემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქრობდით, გვეშრომა, ბევრი წიგნი წაგვეკითხა, კარგ ადამიანებთან ურთიერთობა გვქონოდა... ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი არ იბრალებდნენ, ვარსკვლავები ვართო... ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ყოფილა ნატოზე დიდი ვარსკვლავი! საზღვარგარეთ ამ წოდების ადამიანები დიდ ანაზღაურებას იღებენ, იმიტომაც აქვს იქ აზრი, მერე ქველმოქმედება გაწიონ, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთონ.

ჩვენთან ძალიან კარგი მსახიობები და ასევე კარგი ადამიანები იყვნენ. ბევრ მათგანთან ერთად გადაღებაზე ვყოფილვარ. ვხედავდი, როგორ იტანდნენ სიცივეს, მძიმე პირობებს. რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ჯერ "მთვარის მოტაცებაზე" ვიყავი, შემდეგ დათო ცინცაძემ რომ - ნოველა სიყვარულზე გადაიღო... ლიკანში მიხაილ რომანოვმა რომ სასახლე ააშენა, ამ სასახლეში გადაღება იყო, იქაურობა არ თბებოდა, უზარმაზარი ჭერი იყო, ძველი ნაგებობა და ამ ყინვაში მოთმინებით ისხდნენ ეს გენიალური მსახიობები, არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდათ... "მთვარის მოტაცების" გადაღებაზე სკოლის შენობაში ვცხოვრობდით, ეროსი გვერდით ფლიგელში იყო და ერთხელ რომ მივედი, თოკი ჰქონდა გაბმული, ტანსაცმელს იშრობდა... ყველა საოცრად დახვეწილი იყო... ზურაბ ქაფიანიძე მაგალითად როხროხა იყო, მაგრამ უსაყვარლესი...

მასზე სასაცილო ამბავს გიაბობთ: მძღოლს გადაღებბზე ცოტა გვიან მივყავდი, იქ სანამ კინოს გადაღებები აეწყობოდა. ზურაბ ქაფიანიძე მანქანიდან გადმოსულს რომ დამინახავდა, ყვიროდა - კირილე მოვიდა ხალხნო, კირილეო... ყველა გაშტერებული მიყურებდა და გაგიჟებული ვიყავი, კირილე არ ვარ-მეთქი...გადაღებები რომ მორჩა, ხალხიც ცოტა დაიფანტა, ვუთხარი, ზურა ძალიან გთხოვ, კირილე არ დამიძახო, ძალიან კარგი სახელი მაქვს - კირა-თქო... დამპირდა, აუცილებლად შეგისრულებ თხოვნას და აღარ დაგიძახებო... ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მასიურ გადაღებაზე ვიყავით და ხალხში ისევ აყვირდა, ხალხნო კირილე მოვიდაო... ახლა სულ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახალგაზრდა ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდი. ძალიან ვბრაზდებოდი, მაშინ სულ რაღაც 27 წლის ვიყავი...

ანაკლიაში "მთვარის მოტაცების გადაღებისას", უცებ გამოგვიცხადეს ბუღალტერიამ ფული ვეღარ გადმორიცხა, თბილისში უნდა წახვიდეთო და თვითმფრინავის ბილეთები აგვიღეს... მე, ზურა ქაფიანიძე, გეიდარ ფალავანდიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი თვითმფრინავით წამოვედით... ჩემს ჭკუაში ზურას არ ველაპარაკებოდი, რადგან კირილეს მეძახდა... უცებ თვითმფრინავის პილოტმა გამოაცხადა, არ შეგეშინდეთ, მაგრამ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, თვითმფრინავი გაფუჭდა, მაგრად მოეჭიდეთო... წარმოიდგინეთ მამიდა - ნატო ვაჩნაძე ხომ მაგ ტერიტორიაზე, სამეგრელოში დაიღუპა და ბავშვობიდანვე ძალიან შიში ჩამრჩა. ნატა რომ მოასვენეს, იმ დღეს სიცხემაც მომცა, რადგან მამიდა ჩემზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა... თვითმფრინავში შევხედე ზურა როგორ იდგა და ეჭიდებოდა, როგორ წვალობდა... ვიფიქრე უკვე ვიღუპებით-მეთქი, ზურას დავუძახე, გინდ კირილე, რაც გინდოდეს მეძახე-მეთქი... საბედნიეროდ პილოტმა თვითმფრინავი დასვა და რომ გადმოგვიყვანეს, იქვე სახანძრო და სასწრაფო იდგა.

არიადნა შენგელაია, გეიდარ ფალავანდიშვილი და კირა ანდონიკაშვილი - "მთვარის მოტაცება"

ფოთში დაგვსვეს და არცერთს ფული არ გვქონდა მატარებელს რომ გამოვყოლოდით... ზურამ თქვა აქ დამელოდეთო, იქ რესტორნის დირექტორი მისი ახლობელი ყოფილა, ყველა წაგვიყვანა, ძალიან მშიერები და შეშინებული ვიყავით. დაგვაპურეს, არაჩვეულებრივი სუფრა იყო, ახლაც მახსოვს საოცარი თევზი გემო. იმ ქვეყნად წასვლის ნაცვლად რომ ასეთ რესტორანში აღმოვჩნდით... რესტორნის დირექტორმა მოსასვენებლად ოთახიც დაგვითმო და მერე მატარებლის ბილეთებიც აგვიღო. აი იქ იყო ნამდვილი ქართული მეგობრობის და მასპინძლობის ნიმუში. ხომ ბევრი ცუდი ხდება, მაგრამ ასეთმა რამეებმა მოგვიყვანა დღემდე!

- ასეთი საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად, ძალიან ახალგაზრდა - 37 წლის ასაკში ბებია გახდით...

- გადასარევი შეგრძნება იყო, მეგონა, ბავშვი მე გავაჩინე და სულ მინდოდა, ძუძუ მეჭმია. სულ ვიხუტებდი, გულში ვიკრავდი... ჩემს შვილიშვილებს ვზრდიდი, ხან ერთს მივარბენინებდი ეტლით, ან მეორეს ხელით, მათზე ძალიან ვზრუნავდი. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ერთმა ამხანაგმა, რომელიც გარკვეული პერიოდი ჩემთან ცხოვრობდა, მითხრა, ამ ამპლუაში რა სხვანაირი ხარ, რამდენად დიდი ბედნიერება გაქვს სახეზეო... ახლა უკვე დიდები არიან, მუშაობენ, შრომობენ და აღარ სცალიათ ჩემთან ხშირად რომ იყვნენ. სამი შვილთაშვილი მყავს, მაგრამ მათზე ამაგი ნამდვილად აღარ მაქვს.

კირა ანდრონიკაშვილი და ქეთი ყიასაშვილი

კირა ანდრონიკაშვილი შვილთან და შვილიშვილთან ერთად

- ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, ალბათ დაოჯახებამდე აუარებელი თაყვანისმცემელი გყავდათ...

- ნამდვილად ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არ ვიყავი ცუდი გოგო, მაგრამ ეგ ჩემი კი არა, გენების დამსახურება იყო... ვერის ბაღთან, ჩემი სახლის წინ ზაფხულის კინოთეატრი იყო... ბაღში ძველებური ნაყინი იყიდებოდა, ძალიან კარგი ხარისხის, ეტყობა მაშინ არაფერს ურევდნენ. იქ ჩემი ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ არ მაწუხებდნენ, კინოთეატრის აფიშასთან თავისთვის იდგნენ და აივანზე რომ გავიდოდი, იქიდან მიყურებდნენ. ვისაც უფრო ახლოს ვიცნობდი, სულ მახსოვდა რომ მასთან სხვა თაყვანისმცემელზე არ წამომცდენოდა, ჩხუბი რომ არ მომხდარიყო... ძალიან ინტელექტუალური ბიჭები იყვნენ, რადგან კითხვა მოდაში იყო...

ახლა ერთი თაყვანისმცემელი დამრჩა და მის შესახებ გაგანდობთ... მეზობლის კატას შევუყვარდი. ერთ დღეს შევხედე, რაღაც არაჩვეულებრივი კატა იჯდა ჩემს აივანზე, თათებზე სამაჯურებით, მაღალი კისრით... ძეხვი გამოვუტანე, მაგრამ არ მიირთვა, ნაჭამი და მოვლილი იყო. მერე ოთახში შემოვარდა და იმ სავარძელზე დაჯდა, სადაც ჩემი მეუღლე ხშირად იჯდა... იმდენად შემეშინდა, ვიფიქრე სული ხომ არ გადაისახა მასში მეთქი... მერე მეორე სადარბაზოს მეზობელს აივნიდან დავუძახე, თქვენ კატა ხომ არ გყავთ-მეთქი და აღმოჩნდა რომ უკვე ეძებდნენ... ვერაფრით ვერ გაიტყუეს, მე მეტმასნებოდა, იცინოდნენ, თქვენ შეუყვარდით, თქვენთან უნდაო... თურმე იმ დღეს აუცრიათ და მათზე გაბრაზებული იყო.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- მთავარია ადამიანი იქ მოხვდე, სადაც შენი ადგილია... მე ვთვლი, რომ ჩემს შემთხვევაში ასე იყო. არქეოლოგიის ცენტრში ვმუშაობდი, საუკეთესო საზოგადოებაში, შიგადაშიგ გადაღებები სულ მქონდა... ბევრი ფილმები ხალხმა არც კი იცის, რომლებშიც ვმონაწილეობდი. ჩემს საღამოზე კადრები რომ გადიოდა, ხალხს უკვირდა, ეს როდინდელიაო... ყოველთვის მყოფნიდა რაც მქონდა და დღესაც ვერ წარმომიდგენია, ბანკიდან კრედიტი გამოიტანო, მხოლოდ იმისთვის, კარგად ჩავიცვა და დავიხურო. ღმერთმა ყველას აშოროს და კრედიტს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თუ ავიღებ... მაწვნის ნისიად წამოღებაც კი არ მიყვარს, თუ არ მაქვს, არ ვიყიდი... მეუღლეს ფული ჰქონდა, სულ სიკეთეს აკეთებდა, მაგრამ მე რემონტს, მოგზაურობებს, არაფერს ვთხოვდი. ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ - დანია, შვედეთი, გერმანია... ადამიანი რასაც ითხოვ იმას იღებ და არ ვთხოვდი. თუმცა მისი იმედი სულ მქონდა.

მეუღლე 14 წლის წინ გარდამეცვალა. მის შემდეგ ჩემი შვილები ჩემი დედები გახდნენ, ძალიან მივლიან, მეხმარებიან... რომც არ მომეხმარონ მირჩევნია ტაფაზე პური გავაცხელო, ორი სტაფილო, ორი ბულგარული ვიყიდო და ასე ადვილად გადავიარო. გართულება არ მაქვს. წუწუნს ვერ ვიტან და ერთი ქალბატონი, რომელიც სახლში რაღაცებზე მეხმარებოდა, მითხრა შენ მაძღარი სისხლი გაქვს, არაფერზე არ წუწუნებო... ამ გენეტიკას სულ ვგრძნობდი. მამაჩემი ამბობდა, რაც გაქვს, უნდა იკმაროო. ასე გავატარე მთელი ცხოვრება!