ავტორი:

ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"

ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"

აფხაზეთის მოსახლეობას (ე.წ. ხელმძღვანელობასაც) ახალი თავსატეხი გაუჩნდა - სად დამალონ და როგორ შეფუთონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ისე, რომ მათ უცხო ქვეყნის აგენტების კვალიფიკაცია არ მიანიჭონ.

ქართველი სპეცსამსახურების შიშით, ინალ არძინბას პირად კონტროლზე აქვს მათი მუშაობა აყვანილი. ადგილობრივების თქმით, არასამთავრობოებს, რომლებიც მოსახლეობის სოციალური პრობლემებს, ქალთა უფლებებს, ჯანდაცვას, ბავშვთა პრობლემებსა და სხვა საკითხებს იკვლევდნენ, იატაკქვეშეთში გადასვლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან აფხაზეთი პატარაა და ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც რაღაცის სანაცვლოდ ჩაუშვებთ, შემდეგ კი, მათ აგენტად მონათლავენ და მკაცრად გაასამართლებენ...

გასულ დღეებში სოხუმის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ახალგაზრდები, ვინც მათი საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებს. ამავდროულად ე.წ. ხელმძღვანელობა ყველგან ხედავს საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თვეებია ითხოვენ მთავრობის წევრებთან შეხვედრას, რათა ყველა ანგარიში წარუდგინონ, რომელიც მათივე თქმით, სრულიად გამჭვირვალეა. თუმცა, პასუხად, "ხელმძღვანელობა" დუმს.

ცნობისთვის, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი უკვე მოქმედებს რუსეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება, განსაკუთრებით ბიჭვინთის აგარაკის გარშემო დაწყებული მღელვარების შემდეგ, გამუდმებით ითხოვდა, რომ მსგავსი კანონი აფხაზეთშიც მიეღოთ.

"ყველაფერი ამისკენ მიდის - გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ შეიქმნება" - წერენ აფხაზები ინტერნეტ ქსელებში.

არასამთავრობოების ხელმძღვანელობის თქმით კი, კანონი ჯერ არც კი შემოუღიათ, მაგრამ მთავრობამ უკვე მტრად მიიჩნევს და ღიად ებრძვის.

  • აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა ახალი არ არის. მათ მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო თითქმის ყველა "ხელმძღვანელობა", მაგრამ აკრძალვის გადაწყვეტილება არც ერთს არ მიუღია. ადგილობრივების თქმით, ყველაფერი ურთიერთკრიტიკით შემოიფარგლებოდა.

ekhokavkaza.com-თან საუბარში ე.წ. ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობოების რუსეთში მოქმედ ორგანიზაციებთან შედარება არც შეიძლება, რადგან ისინი ბევრად რთულ პირობებში მუშაობენ, თუმცა აფხაზეთში მათი საქმიანობა ძირითადად ქვეყანაში არსებული პრობლემების გარეთ გატანას ემსახურება...

"მეტიც, აფხაზეთის აღიარებაში პირველი საძირკველი, სწორედ მათ ჩაყარეს" - ამბობს კონსტანტინ ტუჟბა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ლილი დბარი ამბობს, რომ ისინი ძალზე კვალიფიციური კადრები არიან, თავიანთ საქმეს მართლაც კარგად აკეთებენ, პატრიოტები არიან და ძნელია მათი "უცხოეთის აგენტობა" დაუმტკიცონ.

"მით უფრო, რომ მათ თავიანთი საქმიანობით, ინტელექტითა და პროფესიონალიზმით მაღლა არიან და მეტი აქვთ გაკეთებული თავიანთი სამშობლოსთვის, ვიდრე მათ, ვინ ამ კანონპროექტს ლობირებს. ის, რაც ბოლო ხანებში ჩვენს გარშემო ხდება, ძალიან ჰგავს სულელურ ზღაპარს." - ამბონს დბარი.

კიდევ ერთი ადგილობრივი, ასლან კობახია წერს, რომ ის არასამთავრობოების გარკვეული მიმართულებით საქმიანობას არ ეთანხმება, მაგრამ მათი უცხო ქვეყნის აგენტებად შერაცხვის წინააღმდეგია.

"ასეთი ნაბიჯი ნამდვილი ჩიხია. მათი უცხო ქვეყნის აგენტად, არასაიმედო ადამიანებად აღიარება, აფხაზურად ძალიან დამამცირებელია. თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვინმეს ვასიამოვნოთ, ან თავი მოვაწონოთ, უხეში შეცდომაა, რადგან აფხაზი საზოგადოება ამას არ მიიღებს... დღეს, როგორც არასდროს სიფრთხილე მართებს ჩვენს მრავალეროვან მოსახლეობას, რადგან გარშემო რთული სიტუაცია შექმნილი. ღმერთმა დაგვიფაროს, კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ის, რაც ჩვენმა ხალხმა 90-იან წლებში გამოიარა. მაშინ გამოჩნდება, ვინ არის აგენტი და ვინ "პატრიოტი". აშკარაა, რომ ვიღაცებს ნამდვილად სურთ ადამიანებისგან აგენტების შექმნა" - წერს კობახია.

ცნობისთვის, ე.წ. საგარეო მინისტრი ინალ არძინბა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დღიდანვე უნდობლობას უცხადებს მათ. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. არძინბას თქმით, ქართულ-აფხაზური პროექტები საქართველოს სპეცსამსახურების მიზნებს ემსახურება.