ავტორი:

"ალისა ძალიან ჰგავს მიშას, მამას პალატაში მისი სურათი უკიდია" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილის უკიდურესად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, სანდრასა და შვილიშვილებზე

"ალისა ძალიან ჰგავს მიშას, მამას პალატაში მისი სურათი უკიდია" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილის უკიდურესად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, სანდრასა და შვილიშვილებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა "ფეისბუკით“ მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

"მიშა უნდა გადარჩეს! ჩემი იქ მისვლით მეტ სოლიდარობას ვუცხადებ, შვილს მეტად ვუახლოვდები, მაგრამ მიშამ ისიც იცის, რომ არ შემიძლია სიარული, ძალიან მიჭირს. არ ვიცი, ვინ მივა და ვინ - არა, ეს 20 ნოემბერს გამოჩნდება. ეს უნდა იყოს ხმაურიანი გამოსვლები პოლიტიკის გარეშე, უნდა მოხდეს პოლიტიკისგან სრული დისტანცირება, რომ ვიღაცეებმა ბოროტად არ ისრგებლონ და რაღაც პროვოკაციები არ მოაწყონ. აქ სიცოცხლეზე და ექსპრეზიდენტის გადარჩენაზეა საუბარი. ვისაც მიშა არ მოგწონთ, არ გიყვართ და მის მიმართ ბოღმა გაქვთ, როცა გამოჯანმრთელდება ამაზე მერე დაჯექით და ილაპარაკეთ. წაქცეულ კაცს არ უნდა ეჭიდაო,“- გვეუბნება ექსპრეზიდენტის მამა ambebi.ge-სთან ინტერვიუში:

ნიკოლოზ სააკაშვილი:

- ჩემს შვილის დაკავების შემდგომ, გარკვეულ პერიოდში 14 დიაგნოზი გამოხტა, ამას ძვლის ტუბერკულოზიც დაემატა. მიშას პრობლემა აქვს მარცხენა კიდურის სახსარში და ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა ჩატარდეს ენდოპროტეზირება, რასაც აქ სათანადოდ ვერ აკეთებენ. ჩამოსულმა უცხოელმა სპეციალისტები თქვეს, სასწრაფოა და ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათო. კაცი ხელს ვეღარ ხმარობს, მიდის ბევრი პროცესი... გუშინ ყურში მომხვდა ერთ-ერთი პარლამენტარის ნათქვამი - სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა, როგორც ყველა კრიმინალი პატიმარიო. რა შუაშია კრიმინალი, ლაპარაკობ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც 9 წელი გაშენებდა, საერთაშორისო ასპარეზზე გაგიყვანა და შეგიქმნა ქართული სიმბოლიკა, რომელიც აქამდე არ გქონდა. ექიმი ვარ და არ მეგულება კლინიკა, სადაც მხრის სახსარზე ენდოპროტეზირება კეთდებოდეს, ვერ ვპოულობთ, ამიტომაა საჭირო მისი გაყვანა უცხოეთში, სადაც მაღალპროფესიონალები არიან, მაგალითად, გერმანიაში.

- ადვოკატმა გელბახიანმა ეჭვი გამოთქვა მის მოწამვლაზე, თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- დიახ, ვიზიარებ. ეს მე ჯერ როდის ვთქვი, მაგრამ კაციშვილმა ყურად არ იღო. აკადემიკოსი კაცი ვარ, წლების განმავლობაში ექიმად ვიმუშავე სერიოზულ კლინიკებში და ექიმის თვალი კარგად მაქვს განვითარებული. რადგან თვითადზიანებაზე საუბრობენ, დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანი ჩამოვიდა და შევიდა საპატიმროში ჯანმრთელი, მერე იშიმშილა. შიმშილობა არის პოლიტიკური აქტი და ჩვენმა მესვეურებმა ეს თუ არ იციან, ცუდია. პოლიტიკოსის მოხსენიება, რომ ის "ფეიკებს“ ახდენს და შიმშილობას თვითდაზიანების მიზნით აცხადებს ისე, როგორც კრიმინალი, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ქვეყნისათვის და, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტისთვის. მიშა კარგი იყო, თუ ცუდი, ხარვეზები ჰქონდა თუ - არა, ყველას თავისი შეხედულება აქვს და ამას ვერავის აუკრძალავ, ამაზე კაცს ვერ დაძრახავ, მაგრამ არ უნდა ახვევდე საზიზღრობას სხვებს. მიშამ 50 დღე იშიმშილა, სპეციალობით გასტროენტეროლოგი ვარ და მქონია მოშიმშილეებთან მუშაობის გამოცდილება (9 აპრილს, ჩემი კონტროლის ქვეშ იყვნენ მოშიმშილეები), ამაზე მეტი რა ვიცი. არსებობს მოშიმშილეების სპეციალური სქემა. მე რაც აქ ვნახე, მიშასთან რაც გაკეთდა, არ იყო სწორი, იმ სქემის განხორციელება ბოლომდე არ დასრულდა, აბსოლუტურად, სხვა სქემით უნდა ემუშავათ, რაც ციხის პირობებში არ გამოდიოდა. ამან ბევრი რამ გააუარესა, ამიტომ ატარეს აქეთ-იქეთ. ამ პერიოდში კაცმა "აიკიდა“ 15 დაავადება, რასაც ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი - პოსტშიმშილის შემდგომმა არასწორმა რეაბილიტაციამ, ციხეში განხორციელებულმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და წამებამ, რაც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ნორმალური, მაღალი ინტელექტის ადამიანი ამას ვერ იტანს, მიშა სუპერსაფეხურზე განვითარებული პიროვნებაა და როგორც ჩანს, მას ეს გაუჭირდა. მიშა ამას კი არ აღიარებს, მაგრამ მე ხომ დავინახე... ვიღაცამ გაისროლა ფრაზა - სააკაშვილს უჭირს ადაპტაცია და ციხის პირობებს ვერ ეგუებაო. ნურას უკაცრავად, ის ციხის პირობებს ძალიან კარგად შეეგუებოდა, რომ არა ამდენი დაავადება.

- ბოლოს როდის ნახეთ და რა მდგომარეობაში იყო?

- რასაკვირველია, მიშას გარშემო მიმდინარე პროცესებს მუდმივად ვადევნებ თვალს, დაახლოებით 10 დღის წინ ვნახე ჩემი შვილი. შეიძლება მასთან ყოველდღიურად არ შევდივარ და არცაა საჭირო, ისიც არ მომწონს, ამდენი ხალხი რომ შედის ყოველდღიურად. ვნახე, რომ მძიმე სიტუაციაა. მას ჩემი, როგორც ექიმის, სჯერა და ლაპარაკის დროს ცდილობს რაღაც ამომწურავად გამომტყუოს, სულ რაღაცას მეკითხება, მე კი არ ვიცი, ამის თქმა შეიძლება თუ - არა, არის რაღაცეები, რასაც ვერ ვეტყვი. ზრდასრულია, ბავშვი არაა, დამოუკიდებელი კაცია და, ბოლო-ბოლო, ჩემი პრეზიდენტი იყო და ბევრ რამეს ვერ გავუბედავ. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე იზრდებოდა, მიშას ჩემი ყოველთვის სჯეროდა.

- "ემპათიის“ დასკვნა ნანახი გაქვთ?

- მართალია, ჩემთვის არ მოუტანიათ, მაგრამ ვიცი, მისი ყველა დაავადება რაც არის, არ დავიწყებ ჩამოთვლას, რთული მდგომარეობაა... ექიმებში ვტრიალებ და ვიცი, რაც აქვს, მანამდეც ვიცოდი. ეს ჯიშკარიანის საქმეა, გამოვა და ილაპარაკებს. მიშა თუ საქართველოში დარჩა, ძალიან მარტივად შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს ყველაფერი, რაც უდიდესი კრახი იქნება ქვეყნისთვის, არ შეიძლება ორ პრეზიდენტს გაუთხარო სამარე საკუთარ ქვეყანაში.

- საზოგადოებას მიშას გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებისკენ მოუწოდეთ, გაქვთ იმედი, რომ ქუდზე კაცი გამოვა?

- ეს იდეა ლევან ფერაძეს ეკუთვნის, უჭკვიანესი კაცია, მეც ჩავერთე. ბოლო ხანს არ ვჩანდი, არ ვაქტიურობდი, დინამიკაში ვაკვირდებოდი, რა ხდება, ვინ ჩამოდის, ვინ რას ითხოვს, რას ასკვნის... ნობელის პრემიის ლაურეატი ჩამოვიდა და სკამზეც არ დასვეს, 5 დღე აყურყუტეს 82 წლის აკადემიკოსი კაცი... ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ დღემდე სააკაშვილის შიში აქვთ. პატარა კაცებში პატარა გული და დიდი ბოღმა დევს. მაინც მგონია, რომ ეს პუტინის დაკვეთაცაა. მან არ უთხრა მიშას პირდაპირ, ჩემი ოცნებაა, კვერცხებით ჩამოგკიდოო? დადგა დრო და ოცნებას ისრულებს.

- რა შემთხვევაში შეიძლება გაუშვან მიხეილ სააკაშვილი?

- როცა მთელი მსოფლიო გიყურებს, როცა ლაპარაკია ევროინტეგრაციაზე, ამ დროს აქ ადამიანის უფლებები ირღვევა. მიშას მსოფლიო უყურებს როგორც ავტორიტეტს, ვინაიდან მან შექმნა მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული კლიმატი, ეს არის კაცი, რომელიც, სწორად გამიგეთ და, მხარზე უკაკუნებდა ამერიკის პრეზიდენტს, ჩამოჰყავდა და ძველ თბილისში აცეკვებდა, ჩამოიყვანა ბაიდენი, ტრამპი... ისინი ულაპარაკოდ მოსდევდნენ მიშას. ადრე თუ შეზღუდულები იყვნენ, დასავლეთში ახლა უფრო ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი მის გადაყვანაზე, აქ კიდე ამბობენ, ჩალის ფასია მათი ნათქვამიო. ეს რა ლაპარაკია, ან რა ზრდილობა? სიტუაცია რთულდება, ვინაიდან მიშას ძვლის ტუბერკულოზიც აღმოაჩნდა, რომელსაც სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება და აქ ამის გამოცდილება არ არსებობს ერთ კაცში ამდენ დიაგნოზს ეხუმრებით? არის კლინიკები, რომლებიც მზად არიან მიიღონ მიშა, დაფინანსებასაც კისრულობენ და მზად არიან მის გადასარჩენად. პოლონეთის პრეზიდენტი როცა ჩამოფრინდა, კლინიკაშიც არ შეუშვეს - ესაა ამათი პასუხი. არ ვიცი, ალბათ ხალხის მხრიდან უფრო მასიური მოთხოვნაა საჭირო, ხმაურიანი გამოსვლები პოლიტიკის გარეშე. პოლიტიკა გვერდზე უნდა გაწიო, აქ სიცოცხლეზეა საუბარი და გადარჩენაზე. უნდა მოხდეს პოლიტიკისგან სრული დისტანცირება, რათა ვიღაცეებმა ბოროტად არ ისარგებლონ და რაღაც პროვოკაციები არ მოაწყონ. ხალხიც უნდა მოვიდეს აზრზე...

- მიშას დაფუძნებულ პარტიაზე რას ფიქრობთ, მიგაჩნიათ, რომ საკმარისად იბრძვის მისი ლიდერისთვის?

- მოდით, რა, პარტიაზე და პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთ, ეს არაა ჩემი საქმე. მე გელაპარაკებით როგორც ექიმი, არც ერთი პარტიის, კომპარტიის წევრიც არ ვყოფილვარ. ამ ეტაპზე ყველაფრისგან ვდისტანცირდები და მაინტერესებს მხოლოდ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გადარჩენა.

- რას ფიქრობთ, შეცდომა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლა და ვინ დაარწმუნა ამაში?

- არ უნდა ჩამოსულიყო, ვთვლი, რომ მისი მხრიდან ეს შეცდომა იყო, არც ის ვიცი, ვინ დაარწმუნა ჩამოსულიყო. ეს უკვე ჭორაობა იქნება, რაც არ ვიცი, არ ვიცი. ვუყურებ ტელევიზიებს და საოცრად მაღიზიანებს, წვრილმანებზე რომ იწყება ინტერვიუები. გლობალური საკითხია - მიშა უნდა გავიყვანოთ, მიშას უნდა შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. ეს განწყობა უნდა იყოს და როცა გამოჯანმრთელდება, ვისაც მიშა არ მოგწონთ, არ გიყვართ და მის მიმართ ბოღმა გაქვთ, მერე დაჯექით და ილაპარაკეთ. წაქცეულ კაცს რატომ ეჭიდავები?

- სამართლიანად თვლით მის დაპატიმრებას? ისე არ გეკითხებით, როგორც მამას...

- არ ვთვლი სამართლიანად, გეუბნებით როგორც ამაში 100%-ით დარწმუნებული რიგითი მოქალაქე. ვიცი, როგორი იყო მისი ცხოვრების სტილი და ეს გამორიცხულია. მეცინება რაღაცა პიჯაკებზე ჭიდაობა და ამაზე პროცესების გამართვა. თქვე დალოცვილებო, ქვეყნის პრეზიდენტს რატომ არ უნდა ეცვას ქაშმირის პალტო? ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პირობები, რომ იაზროვნოს და იმოქმედოს თავისი ქვეყნისთვის. და რა პირობები ჰქონდა? - ფეხით დარბოდა და აშენებდა ქვეყანას. კარგით, რა...

- პიჯაკების გარდა, სხვა ეპიზოდებიც არის...

- მოდით, რა, ეს მერე განვიხილოთ. წაქცეულ კაცთან არ შეიძლება ჭიდაობა. მეც მყავდა თანამშრომლები, მქონდა შემთხვევები, როცა გაფუჭებული საქმისთვის ვიღაც იყო დასასჯელი, მაგრამ არასდროს ვაწვებოდი ამ ადამიანს იმ დროს, როცა მას ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირდა, მერე ვლაპარაკობდით და განვიხილავდით. გაუშვი, მოარჩინე და მერე ვილაპარაკოთ, იქნება მერე სხვანაირი სასამართლოც გვქონდეს და თქვას, სააკაშვილს არაფერი დაუშავებიაო. ოჯახშიც კი არაა ყველა ერთმანეთის კმაყოფილი და რა გასაკვირია? კაცმა დანგრეული სახელმწიფო ჩაიბარა, ფეხზე დააყენა... ყველას ვერ მოეფერები.. მიშა სასწრაფოდ უნდა გაიყვანონ სამკურნალოდ. საკითხი დგას ასე - მას სიცოცხლე ერთმევა, რისი უფლებაც მარტო უფალს აქვს, ამათ - არა. არ წაართვათ მიშას სიცოცხლე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, თუ საჭირო იქნება, მეც დავჯდები მათთან ერთად სალაპარაკოდ.

- ცნობილია, რომ სანდრა რულოვსთან დღემდე განსაკუთრებული და მეგობრული ურთიერთობა გაქვთ...

- სანდრა ჩემი რძალია და მისი შვილები - ჩემი შვილიშვილები (ერთი მათგანი - ჩემი მოსახელეა). ედუჩიც და ნიკოლოზიც ძალიან ნიჭიერები არიან, ედუჩი უფრო დინჯია, ნიკოლოზი უფრო ექსპრესიული და ქცევებით მამას ჰგავს. სანდრას ძალიან ვუყვარვარ, ხშირად ვკონტაქტობთ. სანდრა ცდილობს, ნიკუშა ხშირად შემახვედროს და დიდი დრო გაატაროს ჩემთან. ედუჩიც რომ ჩამოდის, მასაც უშვებს ჩემთან, სახლში. სანდრას მშობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ამასწინათ, მამამისი იყო ჩამოსული და არაჩვეულებრივად ვუმასპინძლეთ. ყველამ თავისი ოჯახის საქმე თვითონ იცის, ვთვლი, რომ არ უნდა განსაჯო სიტუაცია. ის, რაც იცის ცოლმა და ქმარმა, არავინ იცის. მეც გავცილდი ცოლს, მაგრამ არავის ვაძლევ ჩვენს საქმეში ჩარევის უფლებას, დღემდე მარტო მან და მე ვიცით, რა მიზეზით მოხდა ეს.

მე და სანდრა ლიკანშიც ერთად დავდიოდით, ახლაც მეხვეწებოდა, ბორჯომში წამოდიო, მაგრამ არ შემიძლია სიარული. ის შესანიშნავი ადამიანია და ყოველთვის თბილ ურთიერთობაში ვიყავით, ჩემთან თანამშრომლობდა და ბალნეოლოგიურში ბევრ რამეში მეხმარებოდა. ერთად ცენტრის რეაბილიტაციას ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვასწარით ამის გაკეთება. მინდოდა, სანდრაც ჩამერთო, როგორც უცხოელი პარტნიორი, რომელიც იშვიათი დაავადების სამკურნალოდ მოიძიებდა კონტიგენტს, აპარატურას... ყოველგვარი ზემდგომის დახმარების გარეშე. ამისთვის რომ მიმეღწია და ეს ცენტრი გამეკეთებინა, ჩემს შვილს ხომ ჩემთან წავიყვანდი და ვუმკურნალებდი?

- სოფოს შვილიც ძალიან ჰგავს მამას... მათთან თუ გაქვთ ახლო ურთიერთობა?

- სოფოს ბავშვი ძალიან საყვარელია, მართლა ძალიან ჰგავს მიშას. სხვათა შორის, მამას პალატაში ალისას სურათი უკიდია. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში... ვთვლი, რომ გოგონა ძმების გარემოცვაში უნდა გაიზარდოს. ასეთ საკითხებში საკმაოდ ლიბერალი და დემოკრატი ვარ. პატარ ალისას სიმღერა დაუწყია, დედის გენეტიკა, თორემ, აბა, მიშას სმენა არასდროს ჰქონია.

ჯერჯერობით, გარკვეული მიზეზების გამო, არ გვაქვს მყარი ურთიერთობა, მაგრამ მაქვს სურვილი და მომავალში ამას არ გამოვრიცხავ.

ლიზა იასკოს რაც შეეხება, არ ვიცნობ, მითქმა-მოთქმებს კი არასდროს ვუსმენ.