ავტორი:

"თითქოს, ხეები მესაუბრებოდნენ... ტყე ჩემი სახლია, ურბანულ გარემოში სტუმარი ვარ" - გაიცანით ბუნებაზე შეყვარებული რუსუდან უსტიაშვილი და მისი "ჯადოსნური სამყარო"

"თითქოს, ხეები მესაუბრებოდნენ... ტყე ჩემი სახლია, ურბანულ გარემოში სტუმარი ვარ" - გაიცანით ბუნებაზე შეყვარებული რუსუდან უსტიაშვილი და მისი "ჯადოსნური სამყარო"

იშვიათია ადამიანი ბუნებაში, ტყეში ყოფნა, სეირნობა არ უყვარდეს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ყველაფრით უდიდეს ენერგიას, სიამოვნებას იღებენ. ყველა ხის მნიშვნელობა იციან და ტყის დანიშნულებასა და თერაპიაზეც დიდ ინფორმაციას ფლობენ.

ერთ-ერთი ასეთი რუსუდან უსტიაშვილია, ის თავისი ინტერნეტ პოსტებითაც კი, გარკვეული დოზით, მუდმივად ცდილობს, ამ კუთხით საკუთარი ცოდნა, თუ გამოცდილება გაგვიზიაროს.

როდის დაინტერესდა ბუნებით და როდის შეიყვარა ის ასე, განსაკუთრებით კი - ტყე, რა არის ეს ყველაფერი მისთვის და რას ურჩევს სხვებს, ამაზე რუსუდანი Ambebi.ge-ს უამბობს.

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ბუნებაში ყოფნა, თუმცა მაშინ ეს იყო გაუცნობიერებელი მიზიდულობა. 10 წლის წინ დავიწყე ლაშქრობა, სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა ამ გარემოში ყოფნა. ფაქტობრივად, ბუნებაში გასვლიდან გასვლამდე დავიწყე ცხოვრება. იქ ვგრძნობდი თავს ყველაზე კარგად, ყველაზე ძლიერად, ყველაზე - შინ. ახლაც ასეა. ჩემს სახლად ვთვლი. აქ, ურბანულ გარემოში - სტუმრად ვარ, პერიოდულად კი ვბრუნდები შინ, რომ ჩემ თავს დავუბრუნდე, ძალები აღვიდგინო, ახალი სუნთქვა ავიღო.

ერთი პერიოდი ბუნების ფოტოგრაფიამაც გამიტაცა. კონკურსებშიც მივიღე მონაწილეობა, ჩემი რამდენიმე ფოტო წიგნებშიც შეიტანეს. ვიცი, აუცილებლად მოვა დრო, როცა საბოლოოდ დავბრუნდები სახლში.

- გამორჩეულად გიყვარს ტყე. რატომ?

- ლაშქრობებში აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად ტყე მოქმედებდა ჩემზე, ხეების გარემოცვაში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი. რაღაც მისტიკური და ჯადოსნური გრძნობებით ვივსებოდი, თითქოს ხეებთან კავშირს ვამყარებდი. მესაუბრებოდნენ, ჩემთვის ძალიან ახლობლები ხდებოდნენ. ვხუმრობდი ხოლმე, წინა ცხოვრებაში ხე ვიყავი ალბათ-მეთქი, ხე თუ არა, დრუიდებთან მაინც მექნებოდა რამე კავშირი...

ხეები ახლაც ყველაზე დადებით არსებებად მიმაჩნია. ისინი გვაძლევენ საკვებს, წყალს, ჩრდილს, თავშესაფარს და რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება სიცოცხლისთვის - ჟანგბადს. საოცრად ცოცხლები არიან, ფესვების მეშვეობით საკუთარი საკომუნიკაციო ქსელი აქვთ. როდესაც ერთი ხე დაავადდება და ვეღარ იღებს მიწიდან საჭირო საკვებს, სხვა ხეები ამას გრძნობენ და საკუთარი ფესვებს მიმართავენ დაავადებული ხისკენ, მომართონ საჭირო მინერალები.

- ხშირად სტუმრობ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტყეს. ე.ი. ტყე მართლაც თერაპიაა შენთვის?

- ტყეში ყოფნა მაძლევს სიმშვიდეს, ძალას, სიცოცხლის მშვენიერების განცდას. მახსენებს, რა არის ყველაზე მთავარი ამ სამყაროში, რისთვის მოვდივართ. როდესაც ეს საოცარი მიზიდულობა გავაცნობიერე, ხეების შესწავლა დავიწყე, მაინტერესებდა, ვიგონებდი რამეს, თუ მართლა ჰქონდათ ამხელა ზემოქმედების ძალა. ხეებს საოცრად ძლიერი ენერგეტიკა აქვთ.

- რა შეგიძლია ტყეზე იმაზე მეტი გვიამბო, რაც ჩვენ ჯერ კუდევ არ ვიცით?

- გარემო ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს, ენერგიის ერთ-ერთ სუფთა წყაროს კი სწორედ ხეები წარმოადგენენ. ადამიანებმა ასეული წლების წინ შეიმუშავეს ხეებით მკურნალობის პრაქტიკა, რასაც დენდროთერაპია ჰქვია. თითქმის ყველა ხე ზემოქმედებს ჩვენზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ხეებს ავადმყოფობისგან და სხვადასხვა მდგომარეობისგან განკურნება შეუძლიათ. არსებობენ დონორი და ვამპირი ხეები, დონორი ხეები ენერგიით გვამარაგებენ, ვამპირები კი - ენერგიით იკვებებიან. სტრესის, დეპრესიის, თავის ტკივილების, ანთებითი პროცესების დროს საჭიროა, ამ ნეგატიური ენერგიებისგან გათავისუფლება, სწორედ მაშინ ვამპირ ხეებს უნდა მივმართოთ.

დონორი ხეებია: აკაცია, არყი, კედარი, მუხა, ფიჭვი, ცაცხვი, ალუბალი, გარგარი. ვამპირი ხეებია: ვერხვი, ალვა, ნაძვი, წაბლი, ტირიფი. ნეკერჩხალი განსაკუთრებული დონორი ხეა: ის უბრალოდ კი არ შთანთქავს უარყოფით ენერგიას, არამედ მას შეუძლია ამ ენერგიის პოზიტიურად გარდაქმნა. ამ ხესთან მაშინ უნდა მიხვიდეთ, როცა სტრესის მოხსნა და ენერგიით დამუხტვა გინდათ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა დავკავდეთ დენდროთერაპიით, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

- როდის?

- საუკეთესო დრო არის დილა, ან 4-6 სთ-მდე. ასევე გაზაფხულია საუკეთესო დრო, რადგან ზამთარში ხეების ენერგეტიკული პოტენციალი ეცემა. ტყის თერაპიით იაპონია ლიდერობს და სწორედ იქ ტარდება ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები მისი სარგებლიანობის შესახებ. "შინრინ-იოკუს“, ქართულად ტყის აბაზანების პროგრამა 80-იან წლებში იაპონიაში იქნა შემუშავებული იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და მეთევზეობის სამინისტროს მიერ. არსებობენ შინრინ-იოკუს სერტიფიცირებული გიდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები, მათი მოვალეობაა, უხელმძღვანელონ ჯგუფს უსაფრთხოდ გაიარონ ყველა აქტივობა. აქტივობებში შედის გაცნობიერებული სუნთქვა, ყნოსვა, მოსმენა და სხვა მსგავსი სავარჯიშოები, რომლებიც მგრძნობიარე სხეულის მეშვეობით ხელს უწყობენ გარემოსთან შერწყმას.

იაპონიის ტყით თერაპიის საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ ტყეში სეირნობისას ქვემოთ იწევს სტრესის დონე, რეგულირდება არტერიული წნევა და პულსი. ტყის აბაზანები ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას და ფოკუსირების უნარს, დადებითად მოქმედებს ყურადღების დეფიციტის პრობლემებზე ჰიპერაქტიურობის აშლილობის მქონე ბავშვებშიც კი. ნატურალისტი ჯონ მუირის ციტირებით, "ბუნებასთან ყოველი გასეირნებისას ადამიანი ბევრად მეტს იღებს, ვიდრე ეძებს“.

- ყველაზე შთამბეჭდავი შენთვის რომელი ტყეა. საქართველოს მასშტაბით ყველა ტყე გაქვს ნანახი?

- არა, რა თქმა უნდა. საქართველოს საერთო ტერიტორიის დაახლოებით 38% ტყეს უკავია, - ყველა ვერ მექნება ნანახი, თუმცა გაზაფხულიდან აქტიურად ვფიქრობ ბევრი მათგანის მონახულებას. ჩემი საყვარელი ტყე შოვშია, ყოველ წელს ვცდილობ, დავუბრუნდე ხოლმე იმ ადგილს...

- პროფესიით მსახიობი ხარ. რატომ აირჩიე ეს პროფესია და გიმუშავია თუ არა შენი პროფესიით?

- მსახიობობა - ეს ფიქრი მაშინ მოვიდა, როდესაც ბავშვობაში ყველაზე ღრმა ემოციები განვიცადე ფილმის ყურებით, როდესაც პირველად დავფიქრდი, ვინ ვართ ადამიანები, რატომ ვართ, როდესაც პირველად გავაცნობიერე ადამიანის შინაგანი სამყარო. გამიჩნდა სურვილი, მეც ვყოფილიყავი ის, ვინც სხვა ადამიანის ტყავში შეძვრება, გაუგებს მას, ამოხსნის მისი ქმედების უკან რა დგას და ამით სხვა ადამიანებსაც დააფიქრებს, აატირებს, აღაფრთოვანებს, დაეხმარება, სულ ცოტათი მაინც გაიზარდოს...

თუმცა მაშინვე სამსახიობოზე არ ჩამიბარებია, რადგანაც არანაირი შეხება არ მქონდა ამ სამყაროსთან, არავის ვიცნობდი, ვინც რჩევას მომცემდა. ამიტომ ჩემთვის იმ დროს რაც ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი იყო, იქ ჩავაბარე. თუმცა სამყარომ იცის, სად რა გზით მიგიყვანოს. უცხო ენებზე სწავლისას აღმოვჩნდი ზუსტად ისეთ გარემოში, რამაც განაპირობა, რომ II კურსის დახურვის შემდეგ სამსახიობოზე ჩამებარებინა.

დღეს ამ პროფესიით არ ვმუშაობ, მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც გადამიდგამს. გავაკეთე ის, რაც ძალიან მინდოდა, რამაც დიდი გამოცდილება მომცა, საინტერესო ადამიანები გამაცნო და უფრო ღრმად შემიყვანა იმ სამყაროში, რასაც საკუთარი და სხვა ადამიანების შეცნობა ჰქვია. ჩემთვის მთავარია გზა, რომელსაც გავდივარ, პროცესია მნიშვნელოვანი და არა დანიშნულების ადგილი, ან პუნქტი. ამიტომ არც გული მწყდება და არც ვნანობ, რომ ბოლომდე არ დავრჩი ამ პროფესიაში. სწავლის დასრულების შემდეგ ვითამაშე ახმეტელის თეატრისა და რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. ამის შემდეგ კი ჩემი და თეატრის გზები გაიყო. ალბათ, ასე იყო საჭირო, ყველაფერი ხომ ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს?!

- საოცარი ხმა გაქვს. მისი გამოყენება სარეკლამო მიმართულებითაც შეიძლება, მით უფრო, რომ მსახიობი ხარ. არ გიფიქრია ამაზე?

- ბოლო წლებში ვიფიქრე ამაზე. 1 წელზე ცოტა მეტი ხანია, რაც ხმის ბანკში დავტოვე ჩემი ხმა და დროდადრო რეკლამების გახმოვანებაზე მირეკავენ ხოლმე. ისეთი ხმის ტემბრი და ჟღერადობა მაქვს, ჩემი აზრით, უფრო დოკუმენტური მასალის გახმოვანებას მოუხდება, ვიდრე რეკლამებს. იქნებ ესეც მოვიდეს, ვნახოთ. ისე გეგმაში მაქვს "იუთუბზე“ არხის გაკეთება, სადაც ქართულ ენაზე მედიტაციებს ჩავწერ, რომელსაც თვითონ გავახმოვანებ. საკმაოდ ცოტაა ქართულად მსგავსი მასალა.

- საოცნებო როლი კინოსა თუ თეატრში არ გქონია და ხომ არ მიუბრუნდები ამ საქმეს?

- რას ვიზამ, ამის თქმა გადაჭრით ძნელია. თუ ვიგრძნობ, საჭიროებას, სურვილს ჩემში, რა თქმა უნდა, მივუბრუნდები. ის, რაც გამომივლია, რაც მისწავლია, თუ მიკეთებია, ყველაფერი ჩემი ნაწილი ხდება, მიყვარს და ჩემში რჩება, ამიტომ არაფერი სრულდება ჩემთვის, შეიძლება ფორმა იცვალოს, სხვანაირად გამოიხატოს, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არ იცვლება. შესაბამისად, გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება საოცნებო როლს, დიდი ხანია, ამაზე არ მიფიქრია, ამიტომ, მიჭირს კონკრეტულად ვინმეს დასახელება.

საინტერესო იქნებოდა ისეთი როლი, სადაც ჩანს ადამიანის ტრანსფორმაცია, გარდასახვა, საკუთარი თავისკენ სვლა, წინააღმდეგობების დაძლევა, კათარსისი. ეს ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა და ალბათ, მაყურებლისთვისაც, რადგან, ვფიქრობ, ხშირად უნდა მივცეთ ადამიანებმა მოტივაცია და დავანახოთ ერთმანეთს, რომ შესაძლებელია ჩვენი თავების საუკეთესო ვერსიები გავხდეთ, არ ვთქვათ: ასეთი ვარ და მორჩა. არამედ სულ ვიაროთ სრულყოფისკენ, განვითარებისკენ.

- დღეს პიარისა და კომუნიკაციის სპეციალისტი ხარ. მუშაობ ცნობილ კომპანიაში. მსახიობობა გეხმარება ამ საქმეში?

- ის, რისთვისაც გადავწყვიტე თავის დროზე მსახიობობა - ანუ საკუთარი თავის და სხვების შეცნობისთვის და გაზიარებისთვის, ყველაფერში მეხმარება, კომუნიკაციაში - განსაკუთრებით. ადამიანების მოლოდინების გაგებაში, მათი თვალით მოვლენებისთვის შეხედვაში, სწორი, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებაში - რაც ჩემს ახლანდელ პროფესიაში, უმნიშვნელოვანესია.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-ახლა ვთარგმნი ტყის მედიცინის იაპონური საზოგადოების თავმჯდომარის მიერ დაწერილ წიგნს ტყის თერაპიის შესახებ. მსურს, მეტი გავიგო მის განმაკურნებელ ძალაზე. სამომავლოდ ვაპირებ "იუთუბ ბლოგის“ გაკეთებას, სადაც დეტალურად ვისაუბრებ ხეების დადებით თვისებებზე და მათ სასიკეთო გავლენაზე ადამიანზე.

- ბოლოს ისევ ტყის თემას რომ მივუბრუნდეთ. ამ მიმართულებით რას ურჩევ ადამიანებს?

- ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ, ბუნებასთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კარგად ყოფნისთვის, მეტად ენერგიულობისთვის. ამიტომ ადამიანებს ვურჩევდი, ხშირად გაატარონ დრო ბუნებაში, ხშირად ჩაეხუტონ ხეებსაც და საყვარელ ადამიანებსაც.