ავტორი:

ქალი, რომელიც 20 წელია 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაშია, შესაძლოა, უდანაშაულო აღმოჩნდეს - სკანდალური საქმის დეტალები

ქალი, რომელიც 20 წელია 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაშია, შესაძლოა, უდანაშაულო აღმოჩნდეს - სკანდალური საქმის დეტალები

2003 წელს სასამართლომ ავსტრალიელი ქალი კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო, სხვადასხვა დროს, თავისი ოთხი შვილის მკვლელობაში. მსხვერპლთაგან ყველაზე უფროსი ორი წლისაც არ იყო.

ფოლბიგს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და სასჯელი გადაიხედოს.

  • Ambebi.ge აღნიშნულ თემაზე სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიას გაგაცნობთ.

1999 წლის მარტის თბილ დღეს, ლანჩის დროს, კეტლინ ფოლბიგი ოთახში გავიდა, რათა 18 თვის მძინარე ქალიშვილისთვის, ლორასთვის დაეხედა. ბავშვი ფერმკრთალი იყო და არ რეაგირებდა. ფოლბიგი ამ დროს სინგლტონში, ავსტრალიაში საკუთარ სახლში მარტო იყო. ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ამავე დროს ის ცდილობდა ბავშვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას. ”ჩემი ბავშვი არ სუნთქავს”, - ეუბნებოდა სასწრაფოს ოპერატორს და ევედრებოდა, რომ ეჩქარათ.

ოპერატორთან საუბრისას ფოლბიგმა თქვა, რომ ამ შემთხვევამდე სამი შვილი უკვე გარდაიცვალა ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით (SIDS). ეს ტერმინი გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზის აღსანიშნად, როდესაც ექიმები ვერ ადგენენ სიკვდილის მიზეზს. ყველაზე ხშირად SIDS-ის სინდრომით ერთ წლამდე ასაკის ბავშვები იღუპებიან. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, SIDS-ი ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მთავარი მიზეზია.

როდესაც სასწრაფო მივიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს, გაკვეთისას ბავშვის სხეულში არ აღმოჩნდა უცხო ნივთიერებების კვალი. მოხსენებაში ექიმმა აღნიშნა, რომ ბავშვს გულში ანთებითი პროცესის ნიშნები ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ვირუსით, თუმცა გოგონას სიკვდილის მიზეზი ეს არ ყოფილა.

მედიცინის ექსპერტის თქმით, არასწორი იყო SIDS-ით ერთ ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების ახსნა. მან არ გამორიცხა, რომ ბავშვები მკვლელობის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, სასამართლომ კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო ოთხი შვილის - კალების, პატრიკის, სარას და ლორას მკვლელობაში. არც ერთ შემთხვევაში გამომძიებლებს არ აღმოუჩენიათ ძალადობის ნიშნები. პროკურორმა აღნიშნა, რომ "ბავშვები გარე ჩარევის გარეშე ვერ დაიღუპებოდნენ."

ჩვილ ბავშვთა მკვლელობის საქმემ ფოლბიგი გადააქცია ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელ ქალად.

თუმცა 2018 წელს მეცნიერთა ჯგუფმა დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება და აღმოჩნდა, რომ სიკვდილის ოთხი შემთხვევიდან მინიმუმ ორი შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო მუტაციასთან, რომლის მატარებელი, როგორც გაირკვა, თავად ფოლბიგი და მისი ორი ქალიშველი იყვნენ, თუმცა ვაჟებში ის არ აღმოჩნდა.

ნოემბერში მკვლევრები კომისიას წარუდგენენ ახალ არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც ფოლბიგი შეიძლება გაათავისუფლონ თითქმის 20-წლიანი პატიმრობიდან.

  • 2021 წლის მარტში 90-ზე მეტმა მეცნიერმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც მოითხოვდა ქალის უდანაშაულოდ ცნობას ახლად აღმოჩენილი ფაქტების საფუძველზე. სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერის, ჯეისონ ჩინის თქმით, ფოლბიგის საქმემ შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ურთიერთობა მეცნიერებასა და სასამართლო სისტემას შორის.

რატომ ვერ დაარწმუნა SIDS-მა, როგორც სიკვდილის მიზეზმა ექიმები ან მსაჯულები? - ფოლბიგის ოთხი ბავშვი 10 წლის განმავლობაში გარდაიცვალა. პირველი ვაჟი სიკვდილის დროს მხოლოდ 19 დღის იყო, პატრიკი და სარა რვა და 10 თვის. ლორას გარდაცვალებიდან მალევე, ბავშვების დედა გახდა მთავარი ეჭვმიტანილი და მოგვიანებით დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.

2000-იანი წლების დასაწყისში SIDS-ი, ხშირ შემთხვევაში, გარდაცვალების არადამაჯერებელ მიზეზად მიიჩნეოდა. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას ერთ ოჯახში რამდენიმე ბავშვის გარდაცვალებას უკავშირებდნენ. ამ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო ბრიტანელი პედიატრის როი მედოუს კვლევამ, რომელმაც შეისწავლა ბავშვზე ძალადობის შემთხვევები და თქვა: "ერთი ბავშვის სიკვდილი ტრაგედიაა, ორი ეჭვის მიზეზი, სამის მკვლელობა, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება“.

ფოლბიგის სასამართლო პროცესზე, ზოგიერთმა ექსპერტმა დაივიწყა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ისინი ამბობდნენ, რომ SIDS-ის ოთხი შემთხვევა ერთ ოჯახში, დაუჯერებელი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ირიბი მტკიცებულება ფოლბიგის დანაშაულზე მიუთითებდა. პროკურორმა წარმოადგინა ქალის დღიური, სადაც იგი სინანულით წერდა საკუთარი დედობრივი ნაკლოვანებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კეტლინს პირდაპირ არასოდეს უთქვამს თავის ჩანაწერებში, რომ მან ჩაიდინა მინიმუმ ერთი მკვლელობა.

ფოლბიგის ქმარი კრეიგი პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი მოწმე აღმოჩნდა. მან პირველმა წაიკითხა ცოლის დღიური, რის შემდეგაც ჩათვალა, რომ ბავშვების სიკვდილში დამნაშავე დედა იყო. ნაფიცი მსაჯულები გამოძიების არგუმენტებს დაეთანხმნენ. განაჩენის გასაჩივრების მცდელობამ მხოლოდ სასჯელის 40-დან 30 წლამდე შემცირება გამოიწვია.

ფოლბიგი ყოველთვის უდანაშაულოდ თვლიდა თავს. მას არ შეუწყვეტია მცდელობა ეპოვა საფუძველი განაჩენის გადასინჯვისთვის. 2018 წლის აგვისტოში, მისმა ადვოკატებმა სამხრეთ უელსის გენერალური პროკურორის მარკ სპიკმენისგან ხელახალი გამოძიების უფლება მიიღეს.

ხელახალი სასამართლო განხილვისთვის შუამდგომლობის მომზადების დროს ადვოკატები თანამშრომლობდნენ კაროლა ვინუესასთან, კანბერას ჯონ კურტინის უნივერსიტეტის გენეტიკოსთან. მან ჩაატარა ფოლბიგის გენომის კვლევა, რათა დაედგინა იყო თუ არა ქალი რაიმე მემკვიდრეობითი მუტაციის მატარებელი, რასაც შეიძლება ბავშვების სიკვდილი გამოეწვია.

2018 წლის დეკემბერში ვინუესამ და მისმა კოლეგამ თოდორ არსოვმა მსჯავრდებული ქალის გენომში აღმოაჩინეს ისეთი მუტაცია, რამაც შეიძლება გულის მძიმე პათოლოგიები გამოიწვიოს. მეცნიერებმა სთხოვეს იურისტებს, მიეღოთ ფოლბიგის მეუღლისა და შვილების დნმ. 2019 წლის დასაწყისში გამოძიებას შეუერთდა სამი წამყვანი გენეტიკოსი ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან. საავადმყოფოები, რომლებიც ინახავდნენ გარდაცვლილი ბავშვების ბიოლოგიურ მასალებს, უზრუნველყოფდნენ საჭირო მონაცემებზე წვდომას, ხოლო კეტლინის ქმარმა კრეიგ ფოლბიგმა უარი თქვა დნმ-ის ნიმუშების მიწოდებაზე.

ბავშვების სიკვდილის მიზეზის დასადგენად მეცნიერებმა გამოიკვლიეს მათი გენეტიკური მახასიათებლები და ცდილობდნენ გაეგოთ, შეიძლება თუ არა ესა თუ ის მუტაცია გულის უკმარისობაზე და სხვა დაავადებებზე მიუთითებდეს. ამისათვის ისინი არა მხოლოდ იკვლევდნენ გარდაცვლილის დნმ-ს, არამედ ეძებდნენ მსგავსი გენეტიკური მახასიათებლების მქონე სხვა ადამიანებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 279 იშვიათი გენეტიკური მახასიათებელი. ეს მახასიათებლები იყო ფოლბიგის ოჯახის სულ მცირე ერთ წევრში. ცხრა მათგანს, პოტენციურად შეუძლია გამოიწვიოს გულისა და სუნთქვის პრობლემები, სიკვდილის ჩათვლით.

ამ სიაში ასევე შედიოდა CALM2 გენის ვარიანტი, რომელიც მეცნიერებს აქამდე არ შეხვედრიათ და რომელიც კეტლინისა და მისი ქალიშვილების სარასა და ლორას გენომში აღმოჩნდა. გარდა ამისა, საეჭვო გენების სიაში კიდევ ორი ​​იშვიათი ვარიანტი იქნა ნაპოვნი, რომელთაგან ერთი მხოლოდ ერთ-ერთ ვაჟს, პატრიკს აღმოაჩნდა.

მოსმენების დაწყების შემდეგ მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ მათ აღმოჩენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მუტაცია CALM2-ში, სწორედ ის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედებში კალციუმის კონცენტრაციის დარღვევა და რაც გავლენას ახდენს ბავშვების გულის აქტივობაზე.

ახალზელანდიელი პედიატრი, კარდიოლოგი ჯონათან სკინერი, რომელიც ასევე მონაწილეობდა პროცესში, იზიარებს მოსაზრებას, რომ ფოლბიგის ოჯახის წევრებს ჰქონდათ გულის მუშაობის დარღვევა, რომელსაც ჰქონდა მემკვიდრეობითი ხასიათი და მას შეეძლო სიცოცხლისთვის საშიში არითმია გამოეწვია. თუმცა, მისი აზრით, პატარა ბავშვს, რომელსაც ეძინა და არ გამოხატავდა რაიმე ხილულ დისკომფორტს, არ შეიძლებოდა არითმია დამართნოდა, ვინაიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში სპეციალიზირებულ ლიტერატურაში ასეთი შემთხვევა ფატალური შედეგით არ იყო აღწერილი.

"ჩემი დასკვნა არის ის, რომ ჩვილების მკვლელობის ბრალდებები შეიძლება იყოს ნაადრევი და მცდარი“, - ამბობს საკითხზე მომუშავე კიდევ ერთი კარდიოლოგი შვარცი.

თუმცა იგივე აზრზე არ არიან სიდნეელი მეცნიერები.

2019 წლის ივნისში, ყოფილი მოსამართლე რეჯინალდ ბლანკი, რომელიც თავმჯდომარეობდა განხილვის პროცესს, თქვა, რომ მას ეჭვი არ ეპარებოდა განაჩენის სისწორეში.

თავად მოსამართლემ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება, ისევე როგორც 2003 წელს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი განაჩენი ძირითადად ეფუძნებოდა არა გენეტიკურ მონაცემებს, არამედ ფოლბიგის დღიურს. 1997 წლის ნოემბერში, ლორას დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, ქალმა დღიურში ჩაწერა, რომ ის უკეთესად უმკლავდებოდა მისი "ახალი ქალიშვილის კივილს, ვიდრე სარას შემთხვევაში. სარა უბრალოდ მინდოდა გაჩუმებულიყო", - წერდა ფოლბიგი.

"მე ვგრძნობ, რომ ყველაზე ცუდი დედა ვარ მსოფლიოში", - წერს დღიურის სხვა მონაკვეთში. "მეშინია, რომ ახლაც მიმატოვებს, ისევე როგორც სარა. ვიცი, რომ ხანდახან გამძლეობა მაკლია. მე ვიყავი სასტიკი და მან მიმატოვა...", - წერდა ქალი.

განმეორებით მოსმენაზე მეცნიერები კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ფოლბიგის გენის ვარიანტი პათოგენურია.

2020 წლის ნოემბერში მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა შედეგები სამეცნიერო ჟურნალში EP Europace. მათ დაასკვნეს, რომ გოგონების გენეტიკურმა მუტაციამ შექმნა შესაფერისი პირობები ფატალური არითმიისთვის, ხოლო ინფექციამ, რომელიც ლორას აუტოფსიის დროს აღმოაჩინეს, შესაძლოა გულის პრობლემების გამწვავება გამოეწვია. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ორივე ბავშვი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ავად იყო და სასუნთქი გზების შეშუპება აღენიშნებოდა.

EP Europace-ში სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ფოლბიგის ადვოკატებმა მოითხოვეს შეწყალება. მეცნიერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს განაჩენის გაუქმებას, შედიან ნობელის პრემიის ლაურეატების სიაში, გენეტიკოსი ელიზაბეტ ბლექბერნი და იმუნოლოგი პიტერ დოჰერტი, ასევე პედიატრიის, კარდიოლოგიისა და გენეტიკის რამდენიმე ათეული სპეციალისტი. ანა-მარია არაბიამ, ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა, შეწყალებისთვის პეტიცია შექმნა, მისი თქმით, არცერთმა მათგანმა, ვისაც მიმართა, უარი არ თქვა ფოლბიგის მხარდაჭერაზე, კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ.

14 ნოემბერს დაწყებული მოსმენების მთავარი თემა გოგონების გენეტიკური მუტაციები უნდა იყოს, თუმცა ექსპერტები სხვა საკითხებსაც შეეხებიან: ბიჭების გარდაცვალებას (რომლებიც არ იყვნენ მუტაციის მატარებლები), ასევე ფსიქოლოგიურ შეფასებას.

მთავარი საჩივარი სასამართლო სისტემის მეცნიერულ მონაცემებთან დაკავშირებით არის ის, რომ იურისტები არ არიან საკმარისად მომზადებული ექსპერტების დასკვნების გასაანალიზებლად, მაგრამ ამჯერად ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემია მოწოდებულია უპასუხოს იმ კითხვებზე, რომლებსაც ორივე მხარის წარმომადგენლები დაუსვამენ.

მოსამართლე თომას ბატერსტი, რომელიც განმხილველ კომიტეტს თავმჯდომარეობს, გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს. თუმცა, თუ მეცნიერთა არგუმენტებს ფოლბიგის ქალიშვილების გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ის დამაჯერებლად ჩათვლის, შესაძლოა ქალი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.