ავტორი:

"მასაც შეშურდება და სხვა ვირთხებსაც..." - ვინ გაანაწყენა კრიშტიანუ რონალდუ და ვისი ქცევები აკვირვებს პორტუგალიელ ვარსკვლავს

"მასაც შეშურდება და სხვა ვირთხებსაც..." - ვინ გაანაწყენა კრიშტიანუ რონალდუ და ვისი ქცევები აკვირვებს პორტუგალიელ ვარსკვლავს

"მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს ცნობილ ჟურნალისტ პირს მორგანთან ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა. რონალდუმ პირველად საჯაროდ ისაუბრა მისი და "იუნაიტედის“ მენეჯმენტის დაპირისპირებაზე, ფეხბურთელებთან დაძაბულ ურთიერთობასა და დაუფასებლობაზე.

მორგანთან ინტერვიუში რონიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ და ყოფილ ფეხბურთელებს შორის არსებულ დაძაბულობასაც გაუსვა ხაზი. პორტუგალიელის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ აკრიტიკებს მას უეინ რუნი.

"მე არ ვიცი, რატომ მაკრიტიკებს ასე ძალიან რუნი... ალბათ, იმიტომ რომ მან უკვე კარიერა დაასრულა, მე კი კვლავ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. თან იმასაც არ ვამბობ, რომ მე უკეთესად გამოვიყურები ვიდრე ის, რაც სიმართლეა (იცინის).

ნახევარი წლის წინ, ის ჩვენთან სახლში იყო. მოვიდა და თავის შვილები წაიყვანა, კრიშტიანუ რონალდუ უმცროსს კი მათთან სტუმრობა და ფეხბურთის თამაში შესთავაზა. მე არ მესმის ასეთი ადამიანების. შესაძლოა უბრალოდ, მედიის ყურადღება, ან ახალი სამსახური, ან სხვა რამ სურთ.

ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება, მაგრამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მხრიდან არ უნდა შეხედონ, ჩემი პოზიციაც უნდა იცოდნენ", - ამბობს რონალდუ.

პორტუგალიელს, ასევე უკვირს, გარი ნევილის საქციელი, რომელიც ადრე მასთან "მანჩესტერში“ თამაშობდა.

"გაკრიტიკება ადვილია. როცა ტელევიზიაში მუშაობ, რაც უფრო ხშირად აკრიტიკებ, მით უფრო პოპულარული ხდები. მაგრამ მე ასეთი რაღაცების არ მესმის.

რთულია, როდესაც ხედავ, ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად გასახდელში იმყოფებოდნენ, ახლა ასეთი სახით გაკრიტიკებენ. ისინი ჩემს სახელს იყენებენ", - ამბობს ფეხბურთელი.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც რუნისა და ნევილის მსგავსად არ იქცევიან და კლუბსა სა რონის გვერდით უდგანან. საუბარია "წითელი ეშმაკების“ ყოფილ მცველზე რიო ფერდინანდსა და ნახევარმცველ როი კინზე.

"ძალიან კარგი ბიჭები არიან. არა იმიტომ, რომ ჩემზე დადებითად საუბრობენ, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთელები არიან. მათ იციან როგორ უნდა იქცეოდნენ ფეხბურთელები", - დასძინა კრიშტიანუმ.

  • ინტერვიუს დროს პირს მორგანსა და რონალდუს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

პირს მორგანი: უფრო მეტი ფული გაქვს თუ "ინსტაგრამის“ გამომწერების რაოდენობა?

რონალდუ: ალბათ, დაახლოებით ერთნაირად (იცინის)

პირს მორგანი: ანუ უეინ რუნი უფრო მეტად ვერ გიტანს

რონალდუ: განა მარტო ეგ, არამედ სხვა ვირთხებიც (იცინის)

ამჟამად რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატზეა სრულად კონცენტრირებული, რომელიც კატარში გაიმართება. 37 წლის პორტუგალიელისთვის შესაძლოა ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი აღმოჩნდეს.

ავტორი: ანრი კურტანიძე