"სტატუსს ახლა თუ არ მოგვცემენ, ეს ნიშნავს რუსეთის პირდაპირ წაქეზებას, რომ "არიქა ბიჭებო, ესენი თქვენი არიან და გაჯიჯგნეთ როგორც გინდათ“ - ალეკო ელისაშვილი

"სტატუსს ახლა თუ არ მოგვცემენ, ეს ნიშნავს რუსეთის პირდაპირ წაქეზებას, რომ "არიქა ბიჭებო, ესენი თქვენი არიან და გაჯიჯგნეთ როგორც გინდათ“ - ალეკო ელისაშვილი

"ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სტატუსი მიიღოს, მაგრამ პრინციპული მუხლებიდან გამოძვრეს, - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციაში, "როგორც ჩანს, ვიღაცებს არ სურთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“.

"ოპოზიციის ერთი ნაწილი პირდაპირ დაჩხავის ამ ამბავს, რომ "აი, არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს“. თან არ მუშაობ სამუშაო ჯგუფებში და თან დაჩხავი. როგორც ჩანს, ვიღაცებს არ უნდათ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რათა ეს "ოცნების“ წინააღმდეგ გამოიყენოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სტატუსს "ოცნება“ კი არ იღებს, საქართველო მიიღებს. თუ იხეირებს, ქვეყანა იხეირებს და არა "ქართული ოცნება“. ხომ ვიცით, რომ ნაღდად დაძვრებოდნენ ქართველი ოპოზიციონერები ვიზალიბერალიზაციის წინ - კანდელაკი ნაღდად დადიოდა და ეუბნებოდა, რომ არ მისცეთო, მერე ხელისუფლებიდან ვერ გაუშვებთო. ვიზალიბერალიზაციით ვინ ისარგებლა? ჩვეულებრივმა მშრომელმა ხალხმა. ამიტომ, კანდიდატის სტატუსი სჭირდება ქვეყანას და არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, თუკი საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, 90%-ით ეს იქნება "ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, ხოლო 5%-ით ოპოზიციის.

"მივიღოთ სტატუსი და ჯანდაბა ამ "ოცნებას". სტატუსი თუ მივიღეთ, 14-მილიარდიან ფონდზე წვდომა გაგვიჩნდება. ეს ფული იქნება სოფლის მეურნეობის, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა ყველაფრის. ჩვენ რა ბიუჯეტიც გვაქვს, იმაზე მეტი არის 14 მილიარდი, ამიტომ ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ ამბავს.

არ არის სწორი წინასწარ იმაზე ლაპარაკი, რომ "ოცნება“ მაინც არაფერს შეცვლის. რაღაცები გაითვალისწინეს ძალიან კარგად - იქ, სადაც პოლიტიკური ინტერესი იყო: საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ძალიან კარგი აზრთა გაცვლა იყო და ნაღდად გაითვალისწინეს რაღაცები. ყველგან გაითვალისწინეს რაღაც სასამართლოს გარდა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს რაც შეეხება, ეს არის თავიდან ბოლომდე სისულელე. ესეც შეცდომაა ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელიც დარბოდა ევროპარლამენტში და სთხოვდა ჩაეწერათ რეზოლუციაში, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი გვჭირდება. ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მიამიტობით დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს, აიცილა "ქართულმა ოცნებამ“, დატრიალდა ახლა ეს ბუმერანგი და ხვდება ხაზარაძეს, ჭუტა წერეთელს. სანამ "ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ვინ მიიღებს ივანიშვილის წინააღმდეგ რამე კანონს? ჩვენ თუ გვინდა, რომ ოლიგარქიული მმართველობა არ იყოს, უნდა იყოს სასამართლო სასამართლოს სიმაღლეზე და პროკურატურა - პროკურატურის.

ყველაფრის მიუხედავად, მე მჯერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.

ევროპაში კარგად ხვდებიან, რომ ჩვენ თუ ახლა სტატუსს არ მოგვცემენ, რუსეთი ჩათვლის, რომ ეს არის მისი უკანა ეზო. რაღაცებზე დასავლეთი თვალს დახუჭავს, რაღაცები კი გულწრფელად გაკეთდა. 12 პუნქტში 9-ს რომ გულწრფელად გაკეთებულს ნახავენ, დანარჩენ 3-ზე პატარას წაუყრუებენ, რადგან ასევე სხვა რაღაცებიც არსებობს - არის როგორც ღრმაწყლოვანი ელექტროკაბელი, ისე ნავთობი, გაზი და ა.შ. ასევე არის პოლიტიკური მოცემულობაც, რადგან ახლა უარის თქმა საბოლოოდ ხელის კვრა იქნება, რადგან სტატუსს ახლა თუ არ მოგვცემენ, ეს ნიშნავს რუსეთის პირდაპირ წაქეზებას, რომ "არიქა ბიჭებო, ესენი თქვენი არიან და გაჯიჯგნეთ როგორც გინდათ“, - განაცხადა ელისაშვილმა.