ავტორი:

ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში

ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში

ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში, ტრანსფერის მერე გატაცებული და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში

არაერეთი სკანდალის შემდეგ, ა.წ. 20 ნოემბერს, კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა. პირველი მატჩი, ტრადიციულად, მასპინძელმა ქვეყანამ გამართა. კატარელები ეკვადორს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით: 0:2 დამარცხდნენ. ორივე გოლი ენნერ ვალენსიამ გაიტანა, რომელმაც უკვე მე-3 წუთზე გააქარწყლა თამაშის წინა მითქმა-მოთქმა, რომ თითქოს ეკვადორელებმა ყატართან მატჩი გაყიდეს...

Ambebi.ge 33 წლის ენნერის ისტორიით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ეკვადორელ ფეხბურთელს ნამდვილად გიჟური ცხოვრება ჰქონდა. მოგიყვებით ამ გზის შესახებ და დარწმუნდებით, როგორი მოულოდნელი და სასტიკია ცხოვრება.

ეკვადორის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ვალენსიამ ისეთი ამბები დაატრიალა, რომ სამხრეთ ამერიკელებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩინა.

ჯერ იყო და მე-3 წუთზე დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი, თუმცა რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა, შემდეგ პენალტი გაიტანა, მოგვიანებით კი აქტივში მეორე გოლიც ჩაიწერა.

ამბობენ, რომ უკიდურეს სიღარიბეში გაატარა ბავშვობა და მოზარდობა, ადგილობრივ "ემელეკში“ თამაშის დაწყების შემდეგაც კი მუყაოს ყუთში ეძინა. 2013 წელს "ემელეკის“ რიგებში სეზონში 10 გოლზე მეტი გაჰქონდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მაინც არ იწვევდნენ... იმ მომენტში ნაკრების თავდამსხმელი 27 წლის კრისტიან ბენიტესი იყო. კრისი რეალურად უკომპრომისო ფორვარდი გახლდათ და უკვე 27 წლის ასაკში ეკვადორის ეროვნული ნაკრების ყველა დროის 3 საუკეთესო ბომბარდირს შორის იყო.

იმავე წელს, ბენიტესი, რომელსაც ზედმეტსახელად ჩუჩოს ეძახდნენ, სათამაშოდ კატარის ჩემპიონატში გადავიდა. "ელ-ჯაიშიც“ სადებიუტო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. მალევე ფეხბურთელმა მუცლის მკვეთრი ტკივილი იგრძნო, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა კრისტიანს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

2013 წელს ეკვადორმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც ბრაზილიაში ტარდებოდა. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ნაკრებს სტაბილური ფორვარდი არ ჰყავდა. ენნერი "ემელეკში“ ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რეინალდო რუედამ ის ნაკრებში გამოიძახა და ცენტრში დააყენა...

მწვრთნელის გათვლამ გაამრათლა: 5 ამხანაგურ მატჩში ვალენსიამ 4 გოლი გაიტანა. არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა უშუალოდ ბრაზილია 2014-იც, სადაც ენერმა ჯერ შვეიცარიას გაუტანა გოლი, შემდეგ კი ჰონდურასს დუბლი შეუსრულა. ასე მოულოდნელად და ბენიტესის გარდაცვალების შემდეგ, ვალენსია მსოფლიო ჩემპიონატზე ეკვადორის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შემდეგ იყო პრემიერ ლიგა, ჯერ "ვესტ ჰემი“, შემდეგ "ევერტონი“, თუმცა იქ ვერ შეთამაშდა და დიდად თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ბოლოს კი მექსიკაში გადავიდა.

2021 წლის 7 ოქტომბერს ვალენსიამ ბოლივიას დუბლი გაუტანა და ეკვადორის ნაკრების ყველა დროს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუშინდელი მორიგი დუბლის შემდეგ, ფეხბურთელს სანაკრებო კარიერაში 37 გოლი დაუგროვდა.

გუშინ, როდესაც პირველად დალაშქრა კატარელების კარი, გულშემატკივარი შეატყობდა, რომ ვალესნიამ არ იზეიმა... ის გოლი მან ჩუჩოს მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ დოჰაში გარდაიცვალა...

ვალენსია არა მხოლოდ კატარის მცველებს გაურბის კარგად, არამედ სამართალდამცავებსაც. 2016 წელს ადგილობრივმა პოლიციამ ფეხბურთელის დაპატიმრების ორდერი იმის გამო გამოწერა, რომ ის ალიმენტებს დროულად არ იხდიდა. მისი დაკავება პირდაპირ სტადიონზე, ეკვადორი-ჩილის მატჩზე იყო დაგეგმილი. ენნერმა ტრავმა მიიღო და 82-ე წუთზე შეცვალეს. ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ვერსიით, ფეხბურთელს არანაირი ტრავმა არ ჰქონია, უბრალოდ, იმ მომენტში სამართალდამცავებისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტინი გზა გამონახა.

სასწრაფო დახმარების მანქანას 12 ოფიციერი გაეკიდა, მაგრამ მაინც ვერ დააკავეს - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს "ფეხის ტრავმა ჰქონდა“ ნაკრების ექიმმა ჟანგბადის ნიღაბი გაუკეთა, პოლიციელებს შეეშინდათ, გული არ გაუსკდესო და შეეშვნენ...

"დასანანია, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა კანონის შესრულება ვერ უზრუნველყო. არ მესმის, ადამიანი, რომელიც ასეთ ფულს გამოიმუშავებს, არ იხდის ალიმენტებს, რომელიც მის ქალიშვილს უნდა მოხმარდეს", - აღშფოთდა ყოფილი მეუღლის ადვოკატი მომხდარზე.

მოგვიანებით, ვალენსიამაც გააკეთა კომენტარი:

"ვცდილობ, რომ ოჯახური ცხოვრება მქონდეს და ჩემ ქალიშვილ ბეირასთან დრო ხშირად გავატარო. მაგრამ ახლა ყოფილმა ცოლმა რამდენიმე საჩივარი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. ყოველთვიურად 30 ათას დოლარს ვუხდი, მაგრამ როცა ეკვადორში ვარ, ხელს მიშლიან რომ ბეირას შევხვდე. ახლა აქეთ მე ვუჩივლებ და ვიბრძოლებ იმაზე, რომ ქალიშვილზე სრული მეურვეობა მე მერგოს.“

სხვათა შორის, ვალენსიამ შვილი "დაიბრუნა“. 2019 წელს ბეირას დედა და მისი ახალგაზრდა საყვარელი მაიამიში დააკავეს. მათ 7 წლის გოგონა რამდენიმე საათით მანქანაში დატოვეს, თავად კი Hard Rock Café-ში წავიდნენ გასართობად. ასეთი გზით, ყოფილმა ცოლმა ქალიშვილის მეურვეობის უფლება დაკარგა. ახლა ენერი თავად ზრუნავს ბეირაზე.

2020 წელს ენერის და ერსი შეიარაღებულმა პირებმა ზუსტად იმ დღეს გაიტაცეს, როდესაც ფეხბურთელი "ფენერბახჩეში“ გადავიდა. გოგონა ეკვადორის ჯუნგლებში წაიყვანეს, დაბრუნება კი მხოლოდ 10 დღის შემდეგ მოხერხდა.

მიიჩნევა, რომ ერსი "ფრონტ ოლივერ სინისტერამ“ გაიტაცა. ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაციის "კოლუმბიის რევოლუციური არმიის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი. გამომძიებელის თქმით, ბანდის წევრები გამოსასყიდის სახით 2 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.

გათავისუფლების ოპერაციაც ჰოლივუდური "ბოევიკის" სცენარს ჰგავდა. ეკვადორის სპეცრაზმის ჯგუფმა აღმოაჩინა დამნაშავეები და შტურმით აიღო მათი ბანაკი.

ვალენსიას მთელი ეს დრო სამართლადამცავებთან თანამშრომლობდა, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველას დიდი მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი, ეკვადორის პრეზიდენტს ლენინ მორენოს.

"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა მაქვს“, - თქვა მაშინ ფეხბურთელმა.

ინგლისში ჩავარდნილი სეზონებისა და ასევე, ნაკლებად წარმატებული მექსიკური პერიოდის შემდეგ, ვალენსია თურქეთის ლიგაში მოულოდნელად აყვავდა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე ენნერმა 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კატართან გუშინდელი თამაშის შემდეგ, ენნერი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ვარსკვლავი გახდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე