ავტორი:

რომელი რესპირატორული ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად მიმდინარე პერიოდში საქართველოში და როგორია ზოგადი ეპიდვითარება - რას აცხადებს თამარ გაბუნია

რომელი რესპირატორული ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად მიმდინარე პერიოდში საქართველოში და როგორია ზოგადი ეპიდვითარება - რას აცხადებს თამარ გაბუნია

მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, უფრო დაბალ პროცენტშია ადენოვირუსი და ძალიან მცირე 5%-ია ე.წ. გრიპის ვირუსი - განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებული და მომზადებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ვირუსების ცირკულაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით წელს არ განსხვავდება გასული წლებისგან, ანუ იმ ვირუსების ცირკულაციისგან და იმ ტიპებისგან, რომელიც ჩვენ გასულ წლებშიც გვქონდა“.

"მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, უფრო დაბალ პროცენტშია ადენოვირუსი და ძალიან მცირე 5%-ია ე.წ. გრიპის ვირუსი. რაც შეეხება ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია იმ მდგომარეობის, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ჰონგ-კონგის ვირუსის დასახელება ისტორიულია, 1968-1969 წელს იყო გავრცელებული ეპიდემიის სახით და მას შემდეგ მისი გავრცელება არსად მსოფლიოში არ ყოფილა და ეს ვირუსი არის ასევე რუტინული, ჩვეულებრივი ცირკულაციის ვირუსი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ან განსაკუთრებული რისკი არ ახლავს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ვირუსებს შორის დიფერენცირება, - კლინიკურ პრაქტიკაში არც აქვს ამას ღირებულება და არც არის შესაძლებელი ამ ვირუსებს შორის დიფერენცირება. მთავარი არის ის, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და მშობელმა ჩვეულებრივად მართოს მისი მდგომარეობა, თუ ბავშვს არ აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. ვირუსები საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები და ასეთ დროს საჭიროა მეტი ინტერესი თავის დაცვისთვის, ისევ და ისევ ხელის ჰიგიენა, დისტანცია, ავად თუ არის, სკოლაში არ უნდა გავუშვათ და იგივეა მოზრდილებზეც. განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებული და მომზადებულია იმისთვის, რომ სიცხიანი ბავშვი შეაფასოს და მისი მდგომარეობა მართოს ბინაზე. თუ ბავშვს არ აქვს რაიმე თანმხლები მძიმე დაავადება ჰოსპიტალში, მისი გადაყვანა ზედმეტი სტრესია როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.