ავტორი:

"საბას ხელი ეკიდა თურმე ჭრილობაზე და იძახდა, - დაჭრილი ვარო" - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ამბობენ მკვლელობაში ბრალდებულზე, რომელიც კრივში საქართველოს პრიზიორია

"საბას ხელი ეკიდა თურმე ჭრილობაზე და იძახდა, - დაჭრილი ვარო" - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ამბობენ მკვლელობაში ბრალდებულზე, რომელიც კრივში საქართველოს პრიზიორია
  • ფოტოკოლაჟზე: საბა მამფორია

შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში წუხელ მოხდა. მოკლულია ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 15 წლის საბა მამფორია. როგორც ირკვევა, საბას თანატოლმა ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილი შველას ითხოვდა, ის მალევე გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში, მაგრამб სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდб მოზარდი სისხლისგან დაიცალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ჩვენი ინფორმაციით, მან დანაშაული უკვე აღიარა. რა გახდა უმძიმესი ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ჯერჯერობით არავინ ლაპარაკობს. როგორც ირკვევა, მომხდარ მკვლელობას წინ უძღოდა თანატოლებს შორის ჩხუბი, რაც იქვე, სპორტულ მოედანზე დაიწყო და შემდეგ ცოტა მოშორებით გაგრძელდა.

მამუკა ბულია, ზუგდიდის რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:

- ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა მოკლული. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. მესხიას ქუჩაზე, სპორტული მოედანია, ხელოვნურსაფარიანი და ახალგაზრდები თურმე იქ თამაშობდნენ. იქ მოსულა დაჭრილი ბავშვი. ხელი ეკიდა თურმე მუცელზე და იძახდა, - მიშველეთ, დაჭრილი ვარო. ბავშვი სისხლისგან იცლებოდა... ეს რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციას გუშინ ორი პირი ჰყავდა დაკავებული. თუმცა მათგან ერთს, ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს წაუყენეს ბრალი. მეორეც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ის გამოუშვეს. გამოძიება მიმდინარეობს.ორივე სკოლის სკოლის დირექტორს ვესაუბრე, ისინი კარგად ახასიათებენ როგორც მოკლულს, ასევე დაკავებულს. მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენია, ამბობენ, აქამდე კონფლიქტი არასოდეს მოსვლია, მანდატურებს მასზე არასდროს უთქვამთ შენიშვნა, ისე მოვიდა მე-12 კლასამდეო.

დანაშაულის მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. გავრცელებული ინფორმაციით, საბას ჭრილობა ე.წ შტირით მიაყენეს... ეს ორი სკოლა ერთმანეთისგან ძალიან მოშორებულია და არ ვიცი იცნობდნენ თუ არა ისინი მანამდე ერთმანეთს. საბა დანახულის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა. მას ყველა დადებითად ახასიათებს.

პარასკევს სკოლაში, გაკვეთილზე მეჯდაო., - მითხრა მისმა ერთ-ერთმა პედაგოგმა, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბიჭი, კარგი მოსწავლე იყოო. როგორც ირკვევა, დაჭრა სტადიონიდან ცოტა მოშორებით მოხდა და ამის შემდეგ დაჭრილი წამოვიდა მოედნისკენ და მოახერხა დახმარება ეთხოვა. ძალიან განვიცდით ყველანი, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს...

მაიკო გუნია, საბა მამფორიას ცეკვის პედაგოგი:

- ძალიან ცუდად ვარ, ამ თემაზე ლაპარაკიც მიჭირს. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როგორი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო საბა, როგორი წესიერი და მხიარული. როგორ შეიძლება საბაზე წარსულში ვისაუბრო. მსგავსი ადამიანი არ მინახავს. საოცარი ბიჭი. ამდენი წელია პედაგოგი ვარ და ასეთი მოსწავლე არ გვყოლია. სულ იცინოდა, უზომოდ თბილი და წესიერი. მართლა საშინელებაა ეს ცხოვრება. ვერც ვლაპარაკობ, ისე ვარ განადგურებული. ერთეულია ასეთი ბავშვები. იმხელა სითბო დატოვა ჩემს გულში. ერთი ზედმეტი სიტყვა არ გამიგია მისგან, მხოლოდ სითბოს აფრქვევდა. გუშინ უნდა მოსულიყო ცეკვაზე, მაგრამ ფეხბურთს ვთამაშობდი და ფეხი ვიტკინეო, ამიტომ ვერ მოვიდა.

როგორც გავიგე, საბა არაფერ შუაში იყო, აშველებდა სხვებს. როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არ ვიცი. გაოგნებული ვარ. საბას ძმაკაცმა მიამბო, რომ აშველებდა, კარგს აკეთებდა და ეს უბედურება მოხდა. საბა ძალიან სპორტული ბავშვი იყო, კალათბურთზე დადიოდა, ფეხბურთს თამაშობდა, ცეკვავდა, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. როგორც მითხრეს, დაჭრის შემდეგ, დაეცა თურმე, მაგრამ წამოდგა და ჭრილობაზე ხელაფარებულმა სცადა გავლა...

ლევან ღურწკაია, ზუგდიდის მე-3 სკოლის დირექტორი:

"მოტივი არ ვიცით ამ დრომდე. უპატიოსნესი ბავშვი იყო საბა. აგრესიული არასოდეს ყოფილა. ოჯახიანად გამორჩეული, უკარგესი ბიჭი დავკარგეთ. მეტს ვერაფერს გეტყვით. იკითხებიან თვითმხილველები და გაირკვევა დეტალები".

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორს. სადაც ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდა სწავლობდა.

ლია გრიგოლია:

"მკვლელობას ჩვენს მოსწავლეს ედავებიან. თვითონ აღიარა დანაშაულიო. არადა, მასზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა . გაოცებულები და შოკირებულები ვართ მომხდარით. ის კონფლიქტური არასდროს ყოფილა, პირიქით მომრიგებელი იყო ხოლმე... სკოლის გარეთ რა ხდებოდა ან იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით. საქართველოს პრიზიორია კრივში. ადრე მესამე სკოლაშიც ვმუშაობდი და ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს ამ სკოლასთან, საბას არ ვიცნობდი, რადგან ალბათ მაშინ პატარა იყო, მაგრამ მასაც ძალიან კარგად ახასიათებენ, სამწუხაროა, ასეთი ტრაგედია რომ მოხდა. ერეკლეც პატიოსანი ოჯახშია გაზრდილი, ჰყავს დედ-მამა და ძმები. როგორც ვიცი, მამა საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ. ხშირად წვრთნები ჰქონდა და ოფიციალურად თავისუფლდებოდა ხოლმე სკოლიდან. "შტირი", დანა, მის ხელში მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა ათასი ჭორი გავრცელდება, ამიტომ სჯობს დაველოდოთ გამოძიების შედეგებს..."

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მე ინფორმაციას ვერ გავცემ. ძალიან ცუდად არის და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, მე ინფორმაციას ვერ გავცემ," - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა კობა ტაბაღუამ.