ავტორი:

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - დაღუპულთა რაოდენობამ 46-ს მიაღწია

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - დაღუპულთა რაოდენობამ 46-ს მიაღწია

21 ნოემბერს, ინდონეზიის ციანჯურის რეგიონში, კუნძულ იავაზე 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრას 46 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრამ ასევე დააზიანა შენობები და გარე ინფრასტრუქტურა. ძლიერი ბიძგების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხის ევაკუაციაც კი დაიწყო. ამ დროის მონაცემებით 700-მდე ადამიანია დაშავებული, რომლებიც ციანჯურის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მიწისძვრამ ციანჯურის გარშემო გააქტიურა მეწყრული პროცესებიც, რამაც დააზიანა შენობები, ისლამური სკოლა, საავადმყოფო და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. დაშავებულებისა და ზარალის საბოლოო რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ადგილობრივი მცხოვრების ვიდი პრიმადანი ყვება, - იმდენად ძლიერი იყო ბიძგები, მე და ჩემს თანამშრომლებს მე-9 სართულიდან საავარიო კიბით ჩასვლა მოგვიწიაო...

ინდონეზიაში 270 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში ხშირია მიწისძვრები, ცუნამისა და ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევები... ამის გამო ინდონეზიას "ცეცხლის ბეჭედს“ უწოდებენ. 2021 წლის იანვარში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულავესის პროვინციაში 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6500 კი დაშავდა.

2004 წელს ცუნამმა დაახლოებით 230 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ინდონეზიასა და მიმდებარე ქვეყნებში.

  • მოამზადა ლუკა ცხვედიანმა