ავტორი:

"ჩვენმა პოლიტიკოსებმა გინება იციან, ჩხუბი იციან, "გაუმარჯოს" ყვირილი იციან, მაგრამ საქმეზე ლაპარაკი არ იციან" - იაგო ხვიჩია

"ჩვენმა პოლიტიკოსებმა გინება იციან, ჩხუბი იციან, "გაუმარჯოს" ყვირილი იციან, მაგრამ საქმეზე ლაპარაკი არ იციან" - იაგო ხვიჩია

ამ ოპოზიციას რა კოალიცია უნდა შევუქმნათ, ან მთავრობასთან ახლა კოალიციის შექმნას ვინ მაპატიებს? ამ თემაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი გაჭედილია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხვიჩიამ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან შესაძლო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად თავისი პარტიის პირობებზე ისაუბრა.

„არჩევნები რომ მოვა, წინასწარ ჩვენ გვექნება ასეთი ფორმულა - ჩვენი პირობებიდან, ვინც ჩვენ მოთხოვნას პოლიტიკურად მეტად გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს, იმას შევუკრავთ კოალიციას. თუ ჩვენ გადავლახავთ 5%-იან ბარიერს და თუ იქნება „ქოც-ნაცური“ პარლამენტი, იმ ერთ-ორ პარტიას, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, ექნებათ სავაჭრო უპირატესობა და ისინი შეძლებენ მოლაპარაკებების წარმოებას ყველასთან.

ბევრად უკეთესად იქნებოდა ყველას საქმე, ბატონი ბადრი ჯაფარიძისთვის და ბატონი მამუკა ხაზარაძისთვის ღმერთს ცოტა მეტი პოლიტიკის ნიჭი რომ დაებერტყა და ამ ხალხთან არ დაეჭირათ საქმე და ნორმალურ ხალხთან დაეწყოთ ურთიერთობა. ეს იყო „ლელოს“ მიზანი, უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი რომ ჰყოლოდათ პარლამენტში? ამიტომ იბრძოლა ამ ორმა სერიოზულმა კაცმა პოლიტიკაში მოსასვლელად? ამიტომ დახარჯეს ამდენი ფული? ამიტომ ჩაასხეს ანაკლიაში ის რაღაც, ამ არასერიოზულობისთვის?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მან ისაუბრა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესახებ. ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მოცემული რეკომენდაციების შესრულების იმედი არ აქვს.

„არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს საქმე მიდის წინ. მხარეები საკმარისს არ აკეთებენ ამის მისაღწევად. პუნქტებს არ აქვს მნიშვნელობა, შენ რაც დაგავალეს ასრულებ თუ არა, ეს არის მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით, იქიდან ძალიან შორს ვართ. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ იცის ერთმანეთთან საუბარი. მათ არ იციან, როცა შერიგდებიან, რა ქნან - მხოლოდ ჩხუბი იციან. მათ იციან ჩხუბი და როგორ აგინონ ერთმანეთს საკუთარი მედიაინფრასტრუქტურის მეშვეობით. ზოგადად, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა გინება იცის, ჩხუბი იცის, „გაუმარჯოს“ყვირილი იცის, მაგრამ საქმეზე ლაპარაკი არ იცის. არასერიოზულია ჩემი კოლეგების უდიდეს ნაწილთან საქმეზე საუბარი. მათ ეს არ უნდათ და არც იციან საქმეზე საუბარი. ეს ხალხი იქ სხვა რამის გამოა მოხვედრილი. პარლამენტის დარბაზს გადაავლეთ თვალი და რამდენთან მოგინდებათ იქ სერიოზულად საუბარი? ვისთანაც შეიძლება სერიოზულად საუბარი, იმას სხვა ტიპის ფაქტორები აკავებს - ბიზნესი აქვს და საქმე არ უნდა გაუფუჭდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ ლიდერმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. იაგო ხვიჩიას შეფასებით, სააკაშვილის მხარდამჭერებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თემა „სანახაობად აქციეს“.

„მიშას თემა „კლოუნადა“ იყო თავიდანვე. „კლოუნადად“ ეს თემა გახადეს მიშას მომხრეებმა. განსაკუთრებით იმით, რომ „ერთ კვირაში მოკვდება“, „ორ კვირაში მოკვდება“, „ეს დაემართება, ის დაემართა“, „ტყვიით არის მოწამლული“ და ა.შ. მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა აქციეს „კლოუნადად“. ხალხი ამ ადამიანზე ყოველ კვირა ამბობს, რომ ის კვდება. ამაზე კამპანიები იყო ჩართული - თუ როგორ კვდება მიშა. ასევე იყო შიმშილობა, რომ მიშა არ მოკვდეს და უცებ, გუშინ გამოვიდა მიშა და თქვა - დაანებეთ თავი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებასო. ეს არ არის „კლოუნადა“? მისმა მომხრეებმა და ტელევიზიამ ეს აქციეს იმდენად სამარცხვინო ამბად და „კლოუნადად“, რომ კაცი არ დადის, ვისაც ოდნავ კრიტიკული აზროვნება აქვს, ვინც ვერ მიხვდება იმას, რომ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ იტყუებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა მართლა ცუდად არის, მაგრამ იმ „კლოუნადამ“, რომელიც მოაწყვეს, ხომ გამოიწვია იმედგაცრუება მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებშიც, რადგან შენ რომ გულშემატკივარი ხარ, ბოლოს „გიტყდება“ და უბანში დაგცინიან, რომ ამბობდი „მიშა მოკვდებაო“. მე ვიცი, რომ მიშა მართლა ავად არის, ის ვნახე და მართლა ვნერვიულობ. მართლა ვიცი, რომ შეიძლება გამოუსწორებელ სიტუაციამდე მივიდეთ, მაგრამ იმ „კლოუნადით“, რომელსაც მისი მხარდამჭერები აწყობენ, ეს თემა აქციეს სანახაობად. ამ თემამ სრულად დაკარგა სერიოზულობა. ეს მიშას მედიამ ქნა და ამაზე დიდი ბოროტება რა უნდა გაგიკეთონ?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.