ავტორი:

რატომ ჩადის პუტინი სომხეთში - "რუსეთმა პრიორიტეტები შეცვალა - კრემლი ადრე ფაშინიანის ზარებსაც არ პასუხობდა, ახლა მათი პრეზიდენტი თავად გვსტუმრობს"

რატომ ჩადის პუტინი სომხეთში - "რუსეთმა პრიორიტეტები შეცვალა - კრემლი ადრე ფაშინიანის ზარებსაც არ პასუხობდა, ახლა მათი პრეზიდენტი თავად გვსტუმრობს"

ხვალ, 23 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სომხეთში ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამიტს დაესწრება და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება... პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ქალაქის მთავარ მოედანზე ანტირუსული დემონსტრაციებისთვის ემზადება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 23 ნოემბერს ერევანში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში გამართულ სხდომას პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს, სადაც მხარეები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე შედეგებზე იმსჯელებენ.

  • პუტინის ერევანში ვიზიტს ეხმაურება რუსული მედიაც. mosregtoday.ru-თან საუბარში, პოლიტოლოგი ალექსანდრ ფერენჯიევი ამბობს, რომ პუტინის სომხეთში ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონის საკითხის წამოწევასა და მთიანი ყარაბაღის თემას ეხება.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ მხარეს ჩვენი მოკავშირე სომხეთი და მის პირისპირ აზერბაიჯანია, რომელიც ასევე ჩვენი მოკავშირეა. მოსკოვსა და ბაქოს შორის ხელი მოეწერა ორმხრივი პარტნიორობის დეკლარაციას. ამიტომ რუსეთს, აქ არ შეუძლია ცალსახად, სომხეთის მხარი დაუჭიროს, რასაც ამბობს კიდეც პუტინი. თუმცა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ორი მეზობელი ქვეყანა მშვიდობაზე შეთანხმდეს და ასევე მშვიდობიანად უნდა დაადგინონ საზღვარი. კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად რუსეთი დიპლომატიური და ეკონომიკური გზებით მუშაობს. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ საკითხებში დაამხობინათ და განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა ვიცი, რომ კომპრომისის მიღწევა რთული იქნება" - ამბობს პერენჯიევი.

მისივე თქმით, სომხეთმა უნდა აღიაროს, რომ მთიანი ყარაბაღი ეკუთვნის აზერბაიჯანის ტერიტორიას, აზერბაიჯანმა კი, თავის მხრივ, უნდა აღიაროს, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკუთარი ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებული სპეციალური ტერიტორია.

  • სომეხი პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების მოსაზრებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი არასაომარ ვითარებაში რომ ჩატარებულიყო, პუტინი ერევანში ვიზიტით თავს არ შეიწუხებდა, მით უფრო, რომ შესაძლოა, ამას აზერბაიჯანის უკმაყოფილება გამოეწვია.

ანალიტიკოსების თქმით, ახლა რუსეთი სხვა მდგომარეობაშია, პრიორიტეტები შეიცვალა. თუ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს, სომხეთი უშედეგოდ ცდილობდა მისთვის სტრატეგიული მოკავშირეობის არსი შეეხსენებინა, პასუხად კი, კრემლი ფაშინიანის ზარებს არც პასუხობდა, ახლა რუსეთი მოკავშირეებს ეძებს და სომხეთს თავად სტუმრობს.

მათივე თქმით, შესაძლოა, რუსეთში იმედი აქვთ, რომ სომხეთში დაწყებული ანტირუსული განწყობები დაბალანსდება, რაც უკვე შეუძლებელია. მით უფრო, რომ პუტინის ვიზიტი ყველანაირად დაგვიანებულია და არც ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე აისახება.

ადგილობრივი პოლიტოლოგის, რუბენ მეჰრაბიანის მოსაზრებით, სომეხი ხალხის პასუხი პუტინის ერევანში ვიზიტზე უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მოკლე

"23 ნოემბერს, 13:00 საათზე, ერევანში, თავისუფლების მოედანზე, მთელი სომხეთი უნდა გამოვიდეს სომხეთის ОДКБ -დან გამოსვლის მოთხოვნით..." - წერს პოლიტოლოგი სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

"აზერბაიჯანული მხარის მიერ სროლები არ წყდება და ის, ყოველდღე, მეტრობით მოიწევს ყარაბაღის ტერიტორიებისკენ, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, რუსეთისგან კი, მწვანე შუქი ანთებულია. შეხვედრაზე, სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ხედვები უნდა განიხილონ, ასევე, იგეგმება კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაცია, მაგრამ ეს ყველაფერი არის შეხვედრა შეხვედრისთვის - ამ დროის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს ახალი საკითხები დაემატება... რუსეთის მთავარი პრინციპი ხომ უცვლელია - გაყინოს და გაწელოს პრობლემები მისი გავლენის სფეროებში და ასე შეინარჩუნოს მათზე გავლენა. ვიცით ეს, ვნახეთ, საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ და აღა გვინდა, არც რუსეთის ვითომ შემრიგებლური, გაიძვერული პოლიტიკა, არც პუტინის მატყუარა პიარ-სვლები. 30 წელია ამას ვუყურებთ და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ არაფერი იცვლება. როგორც ირკვევა, არც რუსეთის სასიკეთოდ იცვლება რამე, იქაც ცალკეული კორუმპირებული ჩინოვნიკები ხეირობენ, ისე, როგორც სომხეთში" - მიაჩნია ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტის, გორ არმათუნი.

არსებული ცნობებით, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-18 სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, სადაც მათ საფრანგეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ოქტომბერში პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგებზე, პრაღის განცხადებით მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯებზე ისაუბრეს.