ავტორი:

"პირველად ვსაუბრობ ამაზე - ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა" - ხაჭაპურიძე

"პირველად ვსაუბრობ ამაზე - ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა" - ხაჭაპურიძე

ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხაჭაპურიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ მისგან მიიღონ.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დასკვნაში მოწოდება იყო, ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და ევროპის რომელიმე ქვეყანაში მკურნალობა მოხდეს.

„რეზოლუციები ერთია და მეორეა საქართველოს კანონმდებლობა, რომელსაც ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ. არის ერთი გარემოება, რაც არ გაჟღერებულა, ახლა თქვენს ეთერში მოგვიწვეს პირველად საუბარი. ამერიკელმა ექსპერტებმა, რა დასკვნებიც გააჟღერეს, ერთი ნაწილი მარიამ ჯიშკარიანს გადაუგზავნეს, მეორე ნაწილი - ევროპარლამენტარებს. ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამერიკელების შეფასებას და არა საექსპერტო დასკვნას, გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა. ამ დოკუმენტებს მეც ვიცნობ, ადვოკატი ვარ და ამის გაჟღერების უფლება არ მაქვს. იქაური ადვოკატიც არის, რომელმაც გარკვეული მოსაზრებები გამოჰკითხა ექსპერტებს და ეს გადაეგზავნა ევროპარლამენტს. შესაბამისად, ევროპარლამენტმა ამ დასკვნით იხელმძღვანელა.

მარიამ ჯიშკარიანი ახლა გერმანიაში გახლავთ, წასვლამდე განცხადება გააკეთა, რომ მძიმე დიაგნოზია და საკითხი უნდა დადგეს არათუ სასჯელის გადავადებაზე, ან გათავისუფლებაზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ, დაავალდებულოს საქართველო, დაუყოვნებლივ გაიყვანონ სააკაშვილი. ესეც სამსჯელო საკითხია სამართლებრივ ნაწილში. საზოგადოებას ვთხოვ, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩემგან მიიღონ, რადგან ამ სიტუაციას ვიცნობ. არასდროს გამიკეთებია განცხადება სააკაშვილს ეს ჭირს, ის ჭირსო, ჩვენ ვამბობთ, დასკვნას მივიღებთ და დასკვნის მერე ვისაუბრებთ, იქნებ არც არაფერი ჭირს ამ კაცს და დიახაც, „ვივამედი“ მკურნალობს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.