ავტორი:

რა ბედი ეწიათ "ვარდების რევოლუციის" სიმბოლოებს - ვინ არის ყოფილი დეპუტატი, რომელთანაც ცნობილი ვარდი ინახებოდა და სად არის შევარდნაძის ჭიქა - "მივხვდი, რომ ყველაფერი გათამაშებული იყო"

რა ბედი ეწიათ "ვარდების რევოლუციის" სიმბოლოებს - ვინ არის ყოფილი დეპუტატი, რომელთანაც ცნობილი ვარდი ინახებოდა და სად არის შევარდნაძის ჭიქა - "მივხვდი, რომ ყველაფერი გათამაშებული იყო"

"ვარდების რევოლუციიდან" 20 წელი გავიდა. ამ დღეს ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წითელი ვარდით შეიჭრა და ტრიბუნასთან მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. მერე კი ტრიბუნასთან თავად მიიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. იმ დღის შემდეგ წითელი ვარდი და ჩაის ჭიქა რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.

AMBEBI.GE-ს არქივში ინახება ინტერვიუ ყოფილ დეპუტატთან კობა ამირხანაშვილთან, რომელიც იმ წითელ ვარდს წლებია ჩარჩოში ინახავს:

ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კობა ამირხანაშვილი, წლებია, "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და პრეზიდენტია. ბატონი კობა თავის სამუშაო ოთახში ორ უნიკალურ ნივთს ინახავს: ვარდს, რომლითაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა და საქართველოს დროშას, რომელსაც 2004 წლის 14 იანვარს პარლამენტმა კენჭი უყარა...

რამდენიმე წლის წინ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში იხსენებდა, როგორ აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში:

"22 ნოემბერს, დილას თავისუფლების მოედანზე მომიტინგეებს შევუერთდი. მერე ხალხი სამ საათამდე დაიშალა... მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი და ჩახერგილი იყო, რატომღაც სამი საათისთვის ჩაკეტილი ქუჩები გაეხსნათ, იქიდან ყველა მანქანა გაეყვანათ და ტერიტორია გათავისუფლებული იყო.გზის გახსნა ცხადია, ვიღაცის ბრძანებით მოხდა. მხოლოდ კობა ნარჩემაშვილის (მაშინდელი შს მინისტრი) პატარა ჯგუფი იყო ჩიტაძეზე. ნარჩემაშვილი ამბობდა, - რატომ უნდა გაგატაროთ? გაატარეთ, უამრავი ხალხი მოდის, დიდი ტალღაა-მეთქი, - ვუთხარი და ხმა აღარავის გაუცია. მახსოვს, ერთადერთი უშიშროების პოლკოვნიკი იყო, სახელოში ხელი მტაცა, - რას შვრებითო?! ვუთხარი: წინააღმდეგობის გაწევა, იარაღი გამოყენება არ შეიძლება, ეს ხალხის ნებაა და თავი დაანებეთ, ხელს ნუ უშლით-მეთქი. ამასობაში მიშა საკაშვილი პარლამენტში შევიდა. სხდომათა დარბაზში რომ შეცვივდნენ, პირველად უკან გამოუშვეს და იმ დროს კართან აღმოვჩნდი, მიშა რომ გამოვარდა, კარი კინაღამ სახეში მომხვდა.

რომ დამინახა, ვარდი ხელში მომაწოდა, რომელიც მისთვის მანამდე დათო მუმლაძეს მიუცია. მითხრა, - ხალხი სად არის? აქ არიან-მეთქი და უეცრად ორივე კარი გაიღო და ადამიანები დარბაზში შეიჭრნენ. ატყდა ამბავი, მაგიდებზე აცვივდნენ, დეპუტატ ვიტალი ხაზარაძის სკამს ეძებდნენ, რომ დაეწვათ... მიშამ შევარდნაძის ჩაი დალია და შემდეგ რაც მოხდა, კარგად იცით... სანამ შევარდნაძე გადადგებოდა, პარლამენტის შენობის დაცვა მევალებოდა, მერე 23-ში, გამთენიისას ჩემთან ჟვანია მოვიდა და მითხრა: კობა ჯან, წადი სახლში, არადა, ვინჩესტერი მეკავა ხელში (ცნობილია, რომ ყოველთვის შეიარაღებული ვიყავი, იარაღით დავდიოდი), სულხან პაპაშვილი (შევარდნაძის დაცვის უფროსი) მოდისო. მოვიდა ხაბურზანიაც, უშიშროების ყოფილი მინისტრი. გავოცდი, რომ მეგონა, შევარდნაძეს საფლავში ჩაჰყვებოდნენ, ყველანი იქ არ დავინახე? მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული ამბავი იყო და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი იდიოტის როლში. იმის მერე კი პოლიტიკას განსაკუთრებით ვერიდები..." - ამბობდა ბატონი კობა.

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, ის გიორგი კაპანაძესთან აღმოჩნდა. ამბობს, რომ ცნობილი ჭიქა ქორწილში საჩუქარად მიიღო და მას მერე ამ ნივთს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გიორგის ზუსტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა და მეგობარმა, რომელიც მაშინ პარლამენტში იმყოფებოდა, ამის აღსანიშნად, ქორწილში რევოლუციის მთავარი სიმბოლო - ჭიქა აჩუქა.

"საერთოდ, სიმბოლოებს დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. "ვარდების რევოლუციის" შესახებ მსოფლიომ სწორედ მაშინ შეიტყო, როცა შევარდნაძე პარლამენტიდან გაიქცა, ტრიბუნასთან კი ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მივიდა და მისი ჭიქიდან ჩაი დალია... როგორც ვიცი, ყოფილ დეპუტატთან, კობა ამირხანაშვილთან ის წითელი ვარდი ინახება, რომლითაც სააკაშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა... მე კი, როგორც უკვე გითხარით, მაქვს ჭიქა. რევოლუციის შემდეგ, მალევე იყო შემოთავაზება, შევარდნაძის ჭიქა ერთი ცნობილი ადამიანისთვის დამეთმო, მაგრამ, ვერ გავიმეტე... სხვათა შორის, კრწანისის რეზიდენციაში მივედი და შევარდნაძეს ვუთხარი იმის შესახებ, რომ მისი ჭიქა მე მქონდა. გაიცინა და მითხრა, - შესაძლოა, ერთ დღეს ის ძალიან ძვირად გაყიდოო.

მსოფლიო ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს, როცა მსგავსი სიმბოლოები ვიღაცისთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა. იყო ფაქტები, როცა მსოფლიო ჰეგემონიის იდეით შეპყრობილი ლიდერები სხვადასხვა სიმბოლოს ეძებდნენ და სწამდათ, ხელში ჩაიგდებდნენ, მიზანსაც მიაღწევდნენ. რა თქმა უნდა, ვერცხლის სადგამიანი ჩაის ჭიქა ჩემთვის უბრალოდ, "ვარდების რევოლუციის" ათვლის წერტილია და ამდენად, მნიშვნელოვანიც" - ამბობდა გიორგი წლების წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნახეთ ასევე: