ავტორი:

კატარი, თუ ყატარი? - პროფესიონალების განმარტება და ვიდეო, სადაც მოისმენთ, როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა არაბულად

კატარი, თუ ყატარი? - პროფესიონალების განმარტება და ვიდეო, სადაც მოისმენთ, როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა არაბულად

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყო და საზოგადოებას ახალი საფიქრალი გაუჩინა - რომელია სწორი ფორმა: კატარი, თუ ყატარი?

  • ამ თემამ დიდი მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა და ადამიანების გარკვეულ ჯგუფებში ცხარე კამათიც გამოიწვია. აზრი ორადაა გაყოფილი - ერთნი ამტკიცებენ, რომ სწორი ფორმაა კატარი, მეორენი - კატარი.

თემას თუ იუმორით შევხედავთ, ვიტყვი, რომ ორ ასო-ბგერას - კ-სა და ყ-ს - შორის დიდი "დაპირისპირებაა“. შესაბამისად, სოციალური ქსელებიც აჭრელდა.

ზოგადად, რატომ ხდება ასეთი განხილვის საგანი დიდად არასამსჯელო თემები, რატომ იცლიან ადამიანები, რატომ უთმობენ ამდენ დროს, ენერგიას და ნერვებს, რაც ზოგჯერ კომიკურ სახესაც იძენს, ალბათ, უფრო სხვა დარგის სპეციალისტების განხილვის და შეფასების საგანია, თუმცა ჩვენ კონკრეტულ საკითხზე კითხვით მივმართეთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს - რომელია სწორი ფორმა - "ყატარი" თუ "კატარი", ანუ "ყ" თუ "კ."

  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალური პასუხი კი ასეთია:

"სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის განსაზღვრულია ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტი.

არაბული ბგერა – ق (კაფ) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არა აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან. არაბული ენის ბგერა ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ, სწორია კატარი და არა – ყატარი. ამავე წესით არის ქართულში შემოსული გეოგრაფიული სახელი კაირო. კატარი 1971 წელს შექმნილი სახელმწიფოა და სხვა სახით იგი ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდებოდა.

ამავე წესით ქართულში შემოსულია ნასესხები სიტყვები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა. თუ არაბული სიტყვა ქართულში სპარსული ენის გავლით არის შემოსული, მაშინ კაფს შეიძლება შეესატყვისებოდეს ყ. მაგალითად, ალყა, ყადრი, ყავა, ყავლი, ყაიდა, ყალიბი. ბევრი სპარსული ენის გავლით შემოსული სიტყვა ახლა არქაიზმად მიიჩნევა, მაგალითად, ყალამი და კალამი. დღეს სალიტერატურო ფორმაა კალამი, რომლის პირველი თანხმოვანი სწორედ არაბულ ق კაფს შეესატყვისება."

  • საინტერესოა, რომ კატარის სწორად წარმოთქმა განხილვის თემა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში არ არის. ეს საკითხი მსჯელობისა და კვლევის საგანი გახდა დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-ში.

საკითხს CNN-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში განმარტებულია, თუ როგორ წარმოთქვამენ ამ სიტყვას ადამიანები, რომლებისთვისაც არაბული მშობლიური ენაა. სტატიას თან დართული აქვს ვიდეო, სადაც ხალიფა ალ ჰარუნი წარმოგვიდგენს, თუ როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა რეალურად, ანუ როგორ ჟღერს ის არაბულად:

  • ნახეთ ვიდეო: