ავტორი:

ბიბლეისტი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა

ბიბლეისტი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა

ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას მისი ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

ზურაბ კიკნაძე 1933 წლის 3 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. მისი საკვლევი სფერო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია; ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იყო.

ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია.

მას ეკუთვნის გილგამეშიანის პირველი თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1978 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის ოდისეა.

არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.