ავტორი:

"80 წელია ამ აქ არაფერი აშენებულა... კლდის ფორმის სახლი საკუთარი ძალებით ავაშენე" - კაცი, რომელმაც მამა-პაპისეული ადგილის გასაცოცხლებლად შეუძლებელი შეძლო

"80 წელია ამ აქ არაფერი აშენებულა... კლდის ფორმის სახლი საკუთარი ძალებით ავაშენე" - კაცი, რომელმაც მამა-პაპისეული ადგილის გასაცოცხლებლად შეუძლებელი შეძლო

ხელოვნებათმცოდნემ, სკრიპტოგრაფმა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრმა გიორგი გიგაურმა ხევსურეთში სახლი მამა-პაპისეულ ადგილას ააშენა ... როგორც თავად ამბობს, თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფლისგან, შეიძლება საქართველოში კიდევ ერთი კარგი ეთნოგრაფიული კუთხე გაჩნდეს. უკვე არსებობს სოფლის აღდგენის პროექტიც.

გიორგი გიგაური:

- ქალქვისთავში, რომელიც ოფიციალურად სოფელ ბლოს ტერიტორიაა, 80 წელია აღარაფერი აშენებულა. კლდის ფორმის სახლი, რომელიც სამი სართული გამოვიდა, საკუთარი ძალით ავაგე უგზო სოფელში, იქ, სადაც ჩემი მამ-პაპისეული ადგილია... სახლს კიდევ ბევრი შიდა მასალები სჭირდება, ნაწილი მაქვს, მსურს აივნებიც გავუკეთო. კლდის ფორმასთან მივასადაგე, რადგან "ქალიოქროს" კლდეა თავზე... კლდის ფორმა კოტეჯი, ქვის ფაქტურიანი სახურავით... იქვეა უძველესი მზის საათი ქვაზე, ,"ქალიოქროს" კლდე დღემეტობის გამოსათვლელი. ამ ფოტოზე, მზის საათი ქვაზე 2 საათია. 2022 წლის 15 აგვისტო.

მანანა ნარიმანიძე, დავით ნოზაძე და მამუკა ლიქოკელი მომეხმარნენ. მათი დახმარებით გადავიტანე მასალა. ორჯერ ჩემი გულისთვის გადავიდა შვეულმფრენი... კოტეჯის დადგმაში ადგილზე აწყობაში მომეხმარნენ: ბესარიონ ბოგველი, დათო გიგაური, გიორგი ბალიაშვილი ( მოსწავლე) , მირზა ჭინჭარაული... როშკის მაცხოვრებლები ცხენით მომეხმარნენ - მინდია წიკლაური, შოთა წიკლაური, მადლობა ყველას!

სამარხილე გზა იყო ძველად და იმის აღდგენა მინდა, ყველაზე უბრალო თხოვნა მაქვს მთავრობასთან. გზა რომ გაკეთდება, მეზობლებიც მომივლენ, სამეცნიერო შეხვედრების ადგილიც გაჩნდება. "ბუნებასთან ურთიერთობის უბანი" - თანამედროვე და შესაფერისი ფორმებია... ჩემთვის ყველაზე მთავარია მამა-პაპისეული ადგილის გაცოცხლება, სამეცნიერო შეხვედრებისთვის ადგილის, გარემოს მოწყობა. ეს იქნება ღია მუზეუმი ბუნებაში... აქედან პირდაპირ ვუყურებ წმიდა ცროლის მთას.

- ანუ მამა-პაპისეული ადგილის გასაცოცხლებლად შეუძლებელი შეძელით...

- დიახ... ემოციურად დიდი რამაა მამა- პაპის ნასახლარის გაცოცხლება, მთელი რიტუალია ჩასატარებელი - იქ "სახლის სანათლავი". ჩემი დიდი პაპა - ახალა სალოცავის ხუცესი იყო და ხევსურეთში ცნობილი რჯულის კაცი. პაპას სამჭდლო ჰქონდა, ხელობა კარგად იცოდა... ქალქვისთავში სახლის აგება ჩემი ბავშობის ოცნება იყო, სალოცავში ბავშვობიდან დავდიოდით. სალოცავს მიმაბარეს და მერე ოჯახი ყოველ ათენგენობას დავდიოდით. სამი სალოცავია, ბლოს დავდივართ. ორი დარბაზი აღადგინეს მამა-პაპის თაობამ...

გზა კიდევ იმიტომაც მინდა, რომ სახვა სამეზობლო სახლებიც აღვადგინოთ. წყაროები მოვაწყოთ, საფიხვნო, საცხენე, ქვის კიბები, ტერასები და მზის და წყლის ენერგიის გამოყენებით გაცოცხლდეს გარემო... ადგილობრივი ქვა ადვილად მუშავდება, ქვის ფორმები გაკეთდება გმირების გასაცოცხლებლად. საინტერესო პროექტი გვაქვს და გვინდა განვახორციელოთ. საზაფხულოდ ახალგაზდებისთვის პროფესიული სასწავლო ცენტრის მოწყობა მსურს, სპორტული შეჯიბრების მთამსვლელობის მოწყობა და სხვა... პატარა ჰესის მოწყობაც შეიძლება. როგორც მოგახსენეთ, ქალქვისთავი კარგი საამშენებლო ქვით გამოირჩევა და ეს მინდა სწორად გამოვიყენოთ სახლების აღდგენისას...

ქალქვისთავი მითოლოგიური ადგილია, იახსარი როცა დევ-კერპებს ებრძოდა, აბუდელაურის ტბაში ჩაჰყვა ყველაზე ძლიერ დევს და მოკლა ტბაში. იახსარის ამოსვლაში ქალქვისთავიდან წაყანილი ოთხრქიანი ცხვრის შეწირვის მერე ამოვიდა მტრედის სახით. სალოცავად იხსენიება ბოროტების დამლახვრავი იახსრის ძალა და მადლი!