ავტორი:

ბათუმში 15 წლის გოგომ ფილერი გაიკეთა, რის გამოც მისმა ოჯახმა კლინიკას უჩივლა - "ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა, საერთოდ არ სჭირდებოდა"

ბათუმში 15 წლის გოგომ ფილერი გაიკეთა, რის გამოც მისმა ოჯახმა კლინიკას უჩივლა - "ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა, საერთოდ არ სჭირდებოდა"

ბათუმში,15 წლის მოზარდს მშობლების ნებართვის გარეშე ტუჩის ფილერი გაუკეთეს, რის შემდეგაც პოლიციას ბავშვის ბებიამ მიმართა. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს.

"ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ“, - ამბობს მოზარდის ბებია "ბათუმელებთან“.

ბებიას თქმით, მას კლინიკაში განუმარტეს, რომ "არ იცოდნენ, მოზარდი არასრულწლოვანი თუ იყო“.

  • "კლინიკაში მივედი და პოლიცია გამოვიძახე. იმიტომ ვუჩივლე, რომ მინდა სხვა ბავშვებიც დავიცვა ასეთი განუკითხაობისგან. არც ის ვიცით, რა წამალი გაუკეთეს, რა ხარისხის. არც ანალიზები აუღეს, არაფერი გამოჰკითხეს, ისე ჩაუტარეს პროცედურები“, - ამბობს ბებია.

ბავშვის დედაც ადასტურებს, რომ მის შვილს კოსმეტიკური პროცედურები მისი თანხმობის გარეშე ჩაუტარეს.

"ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა, საერთოდ არ სჭირდებოდა ფილერი. ექიმსაც კი არ ჩაუტარებია პროცედურები, როგორც კლინიკაში მითხრეს, ექთანმა გაუკეთა. როგორც ვიცი, ლიცენზირებული ექიმი უნდა ატარებდეს მსგავს პროცედურებს.

ექიმი რომ ხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ბავშვია და მშობლის თანხმობაა საჭირო? ისედაც ხომ ეტყობოდა, რომ არასრულწლოვანია, როგორ შეიძლება ასეთი თავაშვებულობა“, - ამბობს მოზარდის დედა "ბათუმელებთან."