ავტორი:

მონაზონი, რომელმაც მუსიკალური კონკურსი მოიგო, ახლა მიმტანად მუშაობს - "და კრისტინას" უჩვეულო თავგადასავალი

მონაზონი, რომელმაც მუსიკალური კონკურსი მოიგო, ახლა მიმტანად მუშაობს - "და კრისტინას" უჩვეულო თავგადასავალი

იტალიური The Voice-ის გამარჯვებული მონაზონი ფანებს კიდევ ერთხელ აგდებს შოკში და აცხადებს, რომ რელიგიურ ცხოვრების წესზე უარს ამბობს და ესპანეთში გადადის საცხოვრელად, რათა მიმტანად დაიწყოს მუშაობა.

34 წლის კრისტინა სკუჩია, ასევე ცნობილი, როგორც "და კრისტინა", შოუში 2014 წელს მონაწილეობდა და Alicia Key-ის “No One"-ის უბადლო შესრულებით გააოცა მაყურებელი. მან შოუში გამარჯვების შემდეგ ალბომი გამოუშვა, რომლის ასლიც რომის პაპ ფრანცისკესაც კი გადასცა.

<iframe width="734" height="413" src="https://www.youtube.com/embed/0IcuDT46neA" title="Suor Cristina Scuccia - No One - (Alicia Keys)" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

Guardian-ის ცნობით, კვირას ის იტალიურ თოქ-შოუ "Verissimo"-ში გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ უარი თქვა მონაზვნის ცხოვრებაზე. "მჯერა, რომ ჩვენი გულის თქმას გაბედულად უნდა მოვუსმინოთ.

ცვლილება ევოლუციის ნიშანია, მაგრამ ამავდროულად საშიშიცაა, რადგან უფრო ადვილია იმას მივდიოთ, რაშიც დარწმუნებულები ვართ, ვიდრე საკუთარ თავს კითხვები დავუსვათ. სწორი და არასწორი არჩევანი, საერთოდ, არსებობს?",- თქვა ყოფილმა მონაზონმა, რომელიც ეკრანებზე წითელი კოსტიუმით, ქუსლიანი ფეხსაცმლით და ცხვირის პირსინგით გამოჩნდა.

კრისტინა ამბობს, რომ მას ამ გადაწყვეტილების მიღებაში ფსიქოლოგი დაეხმარა. ყოფილი მონაზვნის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რელიგიაზე თქვა უარი, უბრალოდ, მისი საოცნებო კარიერა კვლავ მუსიკალურ ბიზნესშია. "ღმერთში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ წესებში მოქცეული ვეღარ "გავიზრდებოდი". მამა გარდამეცვალა და გადავწყვიტე ეს წელი მდუმარებაში გამეტარებინა და მემოგზაურა."

ახლა სკუჩია ესპანეთში ცხოვრობს და მიმტანად მუშაობს: "გადავწყვიტე ჩემს გულს გავყოლოდი და არ მეფიქრა იმაზე, ხალხი რას იტყოდა. ჩემს რწმენას მივყევი, მაგრამ ვღელავდი, რომ ხიდის ქვეშ აღმოვჩნდებოდი, უსახლკაროდ."

მიუხედავად იმისა, რომ კრისტინა სკუჩიამ სხვაგვარი გზა აირჩია, მონაზვნად გატარებული 15 წელი მისთვის მაინც ძვირფასია: "და კრისტინა ჩემშია. ეს საოცარი თავგადასავალი იყო, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რთული. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იყო", - ამბობს ის.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა