ავტორი:

"მისგან გვჭირდება ქმედება და არა ექსპერტობა... თუ ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ ხელი ჩავკიდო" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას?

"მისგან გვჭირდება ქმედება და არა  ექსპერტობა... თუ ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ  ხელი ჩავკიდო" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას?

სალომე ზურაბიშვილმა სჯობს, თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომ „თუკი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“.

"ვფიქრობ, ფუჭია მოლოდინი, რომ არსებული სასამართლოს პირობებში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში შეიძლება რამე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მთელი ეს პროცესი ხასიათდებოდა სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობით, პოლიტიკური დევნით და ზეწოლით. ამიტომ, პრეზიდენტისთვის ასეთი განცხადება უმართებულო იქნება, მან ჯობს თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ზურაბიშვილი არის ივანიშვილის პროექტის ნაწილი, ამიტომ თუ ივანიშვილი ჩათვლის, რომ ზურაბიშვილმა რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას, ის ამას გააკეთებს. თუ არ ჩათვლის, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

"როგორ შეიძლება სიტყვიერად ამბობდე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, აფასებდე სასამართლო სისტემას, როგორც კატასტროფულს და შენი ერთადერთი მექანიზმის გამოყენების არანაირ შანსს არ ტოვებდე? ის ექსპერტია თუ ჟურნალისტი უბრალოდ რომ აფასებს? სიუჟეტი გაგვიკეთა ახალა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით? ჩვენ მისგან გვჭირდება ქმედება და არა შეფასება და ექსპერტობა. შეფასების ნაწილში ამას ევროპარლამენტარებიც, იურისტებიც და ყველა კარგად ვაკეთებთ. შემდეგი ნაბიჯის გადადგმა არის პრეზიდენტის ხელში. თუ მას პრობლემა არ აქვს, ის დისკუსიაში უნდა შემოვიდეს. თუ ის ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ მას გვერდში დავუდგე, ხელი ჩავკიდო და პასუხისმგებლობა გავიზიარო. სადაც უნდა, იქ დავუდგები გვერდში. პრეზიდენტი გვჭირდება როგორც პრეზიდენტი და არა პრეზიდენტი - ექსპერტი და შემფასებელი.

მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან მაქვს კითხვა - თვითონ რას აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყო ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. შეუძლია თუ არა პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემა გვარამიასთან დაკავშირებით გამოასწოროს პრეზიდენტმა? დიახ, შეუძლია. შეუძლია თუ არა იგივე გააკეთოს სააკაშვილთან დაკავშირებით? დიახ, შეუძლია. შეუძლია თუ არა სხვა ბევრ საქმეზე იგივე გადაწყვეტილება მიიღოს? შეუძლია, მაგრამ როდესაც ამას არ აკეთებს, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ პრობლემასთან მიმართებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ელენე ხოშტარიაც - "დროას" ლიდერის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს და სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს".

"ტონი და შინაარსი, რომლითაც პრეზიდენტი საუბრობს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია. მისი პოზიცია, რომ ქვეყნის სირცხვილი და ღირსების საკითხია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, თავისთავად დასაფასებელია, რადგან ბევრი ამასაც არ აკეთებს, მაგრამ მოქმედებაა გადამწყვეტი. სასამართლო არ გვაქვს და ამიტომ პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს და სააკაშვილთან მიმართებითაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო რომ გვქონდეს, შეწყალებაზე საუბრის საჭიროება არც იქნებოდა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ევროპაში საქართველოს გაწევრიანებისთვის ყველაზე მარტივი ტესტი პოლიტპატიმრების გამოშვებაა.

"მართლმსაჯულების რეფორმის და ევროპაში ჩვენი გაწევრიანების ყველაზე მთავარი, მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარებაც ერთ წამში შეგვიძლია, პოლიტპატიმრების გამოშვებაა - ნიკა გვარამიას შეწყალება და ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის გამგზავრება. როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა პრეზიდენტს აქვს, ის სწორად საუბრობს უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოქმედებს. ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი - ან იღებ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობას და მოქმედებ, ან შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ეს ქვეყნის ტრაექტორიას ვერ შეცვლის“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია.