ავტორი:

“ასეთი ოჯახისშვილობა დიდი იღბალი და პასუხისმგებლობაა” - ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს

“ასეთი ოჯახისშვილობა დიდი იღბალი და პასუხისმგებლობაა” - ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს

"მეგონა სერვიზი გამოიტანა ანტიკვარიატის ჯგუფში ვინმემ, ეს ხომ ფოტოა,“ "ვერაფრით ვიჯერებ თუ ეს მოკვდავმა შექმნა...“ - სოციალურ ქსელში ასეთი ათასობით კომენტარი ახლავს ქართველი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევრებს... აღიარებული მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე თავის საინტერესო შემოქმედებაზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა...

- ბატონო ბრუნო, რას ეტყოდით იმ ხალხს, რომლებიც თქვენს ნამუშევრებზე წერენ - მსოფლიოში ყველაზე ჰიპერრეალისტური მხატვარი, ამას მოკვდავი ვერ შექმნის და ასე შემდეგ...

- ყველაზე ხშირად ხალხი გაოცებული კითხულობს ეს ნახატია თუ ფოტო, უკვირთ როგორ არის დახატული, ეს ნიშნავს, რომ მიზანს მივაღწიე, რადგან ამას ამბობენ კომპიუტერში ან ტელეფონში ყურებისას. როდესაც ნახატებს ათვალიერებენ ცოცხლად, გამოფენაზე ან გალერეაში ამბობენ, რომ ნამდვილივითაა. "მსოფლიოში ყველაზე“ ეს რა თქმა უნდა გაზვიადებულია, უამრავი ძალიან ძლიერი მხატვარია, მაგრამ მეც ვცდილობ ყოველთვის წინ წავიდე, დავიხვეწო და განვვითარდე, ამ პროცესს მხატვარი უნდა განიცდიდეს მთელი ცხოვრება, წინსვლა და სწავლა ყოველთვის შეიძლება.

- დავიწყოთ ათვლის წერტილიდან... ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელი ხართ. ბაბუა საქართველოს სახალხო მხატვარი ივანე ალექსის ძე ვეფხვაძე (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს მისივე შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და მისმა ვაჟმა ჯოვანი ვეფხვაძემ (1949-2016)... გვიამბეთ, რას ნიშნავს ასეთი ოჯახის შვილობა?

- ასეთი ოჯახის შვილობა, მითუმეტეს თუ შენც ხარ მხატვარი არის დიდი იღბალი, თაობებში დაგროვილი პროფესიული გამოცდილება, ცოდნა და ნიჭი ძალიან გეხმარება, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მე ვიტყოდი ასევე დიდი პლიუსია, რადგან უზარმაზარ სტიმულს გაძლევს, მთავარია გიყვარდეს ეს საქმე.

- დიდი წინაპრების კვალს გაჰყევით, 1993 წელს ჩაირიცხეთ ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, შემდეგ იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში... შექმენით სადიპლომო ნამუშევარი "გათავისუფლებული იერუსალიმი", სასწავლებლებზე, გამოფენებზე, ამ ნახატზე გვიამბეთ...

- ბავშვობაში ხშირად ვხატავდი, ძალიან მიყვარდა ხატვა, 1993 წელს ჩავირიცხე ბავშვთა სამხატვრო სკოლაში სადაც გავატარე 3 წელი, წლის ბოლოს მშობელთა კრებაზე მისული მამაჩემის შეკითხვას თუ რატომ არ ჰქონია 3 წლის განმავლობაში ბავშვს არანაირი პროგრესი ხატვაში და ყველაფერთან ერთად ხატვის სურვილიც და სიყვარულიც დაკარგა, პასუხი იყო შემდეგი - ყველა ბავშვს ხომ ვერ ექნება ხატვის ნიჭიო... შემდგომ წლებში ბავშვობას მიშხამავდა მხოლოდ მუსიკაზე და ცურვაზე სიარული. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, მაგ პერიოდში დამიბრუნდა ხატვის სურვილი და ინტერესი, კმაყოფილი ვიყავი ამ სასწავლებელში სწავლით და ამ პროფესიის არჩევით. ნიკოლაძეში სწავლის დროს დავიწყე აქტიური მონაწილეობა სტუდენტურ და პროფესიონალურ გამოფენებში. სადიპლომო ნამუშევრად დავხატე კომპოზიცია ჯვაროსნულ თემაზე სახელად "გათავისუფლებული იერუსალიმი“, შთაგონებული რენესანსის ეპოქის იტალიელი პოეტის ტორკვატო ტასოს ამავე სახელწოდების პოემით.

- 2006 წელს გახდით საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წელს დაამთავრეთ ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი... გვიამბეთ სამხატვრო აკადემიის პერიოდზე...

- ოჯახში სადაც ოთხი თაობა მხატვარია, ბევრი ძველი ნამუშევარია ზოგის ასაკი 100 წელზე მეტია, პატარა მუზეუმივითაა, ყოველ მუზეუმს კი სჭირდება რესტავრატორი, ეს როლი მე მხვდა წილად, ამით იყო განპირობებული ჩემი ჩაბარება თბილისის სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე. შედეგად აკადემიაში გატარებულმა წლებმა მომცა გარკვეული ცოდნა დაზგური ფერწერის რესტავრაციაში და ბევრი ძვირფასი მეგობარი.

- ისტორიული ტილოების შემოქმედი ფერმწერი ხართ...

- ისტორია ბავშვობიდან მიყვარს, შუასაუკუნეები, ანტიკური სამყარო... ვფიქრობ ეს თემა მხატვრობაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და ამავე დროს რთული, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას, დროს, რეკვიზიტს და რა თქმა უნდა ოსტატობას. ამის გამო დღესდღეობით ისტორიულ თემაზე შექმნილი სურათი იშვიათობა გახდა და მისი შექმნა ფუფუნებას წარმოადგეს განსაკუთრებით მხატვრისთვის. ჩემი ყველაზე წარმატებული, ცნობილი და მნიშვნელოვანი ნამუშევრები სწორედ ისტორიულ თემას უკავშირდება: - "მარსის საკურთვეხელი“, "დავით აღმაშენებელი“, "გათავისუფლებული იერუსალიმი“, "ლევან II დადიანის პორტრეტი“. მომავალში დაგეგმილი მაქვს რამოდენიმე ამ თემის ნამუშევრის შექმნა.

- გვიამბეთ, აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტი რატომ არის თქვენთვის განსაკუთრებული?

- აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტი წარმოადგენს ე.წ. სასახლის პორტრეტს რაც ისტორიული მოვლენების გამო იშვიათობაა საქართველოსთვის, როდესაც მთელ დასავლეთში იხატებოდა ამ ტიპის პორტრეტები საქართველოში სულ სხვა ვითარება იყო. მსგავსი პორტრეტები ჩვენთან შემოდის მხოლოდ მე-19 საუკუნეში, ისიც უმეტესწილად ევროპელი და რუსი მხატვრების მიერ შესრულებული, გავიხსენოთ თუნდაც ფრანც ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი... აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტის შექმნა იყო ჩემი და ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას ერთობლივი იდეა, რამოდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ამ ტილომ დაიდო ბინა ამ ულამაზეს მუზეუმში და დღემდე არის მის მუდმივ ექსპოზიციაში.

- "ორივე ჩემი ნატურმორტი - რომაული გაზაფხული და ჰარი პოტერი გავიდა რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-16 საერთაშორისო კონკურსის (16th international ARC Salon) ფინალში... მხოლოდ ეს ორი ნამუშევარი იყო წარდგენილი არამხოლოდ საქართველოდან არამედ მთელი ამიერკავკასიიდან... კონკურსის ფინალის გაიმართება ზუსტად ორ თვეში...“ - წერთ სოციალურ ქსელში, უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ ამ თემაზე?

- ARC Salon ეს არის ყოფელწლიური წამყვანი საერთაშორისო კონკურსი, თანამედროვე რეალისტურ ფერწერაში რომელის ტარდება აშშ-ში, სადაც მონაწილეობს მთელი მსოფლიოს პროფესიონალი ფერმწერები, გრაფიკოსები და მოქანდაკეები. კონკურსში გამარჯვება იძლევა ფულად ჯილდოს და საერთაშორისო აღიარებას ხელოვნების სამყაროში. საუკეთესო 75-100 ნამუშევარი წარდგენილი იქნება 2023 წელს სოთბიზე ნიუ-იორკში და შემდეგ ლოს-ანჯელესში. წელს იყო წარდგენილი 5400 ნამუშევარი 75 ქვეყნიდან, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჩემი ორი ნამუშევარი გავიდა მთელი ამიერკავკასიიდან. კონკურსი მოიცავს რამოდენიმე კატეგორიას, ჩემი ნამუშევრები ნატურმორტის კატეგორიაში იღებს მონაწილეობას.

- მნიშვნელოვანი გამოფენები გქონდათ, თქვენი ნახატები რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია დაცული...

- 2016 წელს ჩემი ნატურმორტი "მარსის საკურთხეველი“ გახდა რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-12 საერთაშორისო კონკურსის (12th international ARC Salon) ერთ-ერთი გამორჩეული, ნახატი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოფენილი იყო ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში, რის შემდეგაც გამოფენამ გადაინაცვლა ესპანეთში, ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MEAM. 2019 წელს ხელოვნების სასახლეში მოეწყო ვეფხვაძეების 4 თაობის გამოფენა, სადაც გამოფენილი იყო 30-მდე სხვადასხვა წლების ნამუშევარი და ასევე თბილისის მერიის ხელშეწყობით გამოიცა ალბომი "ვეფხვაძეები“. ჩემი ნამუშევრები დაცულია ამერიკის აზიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში და საქართველოს რამოდენიმე მუზეუმში.

- როგორი გარემო და პირობებია დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- ვფიქრობ, მხატვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკურ ეკონომიკური გარემოა, ძალიან ხელისშემშლელია ყველანაირი არეულობა და ცვლილებები. მაგალითად სოციალურ ქსელში ახალი ნახატის გამოქვეყნებისას მიწევს შესაბამისი დროის შერჩევა, რომ არ დაემთხვეს რამე არჩევნებს, გამოსვლებს, ტრაგედიას, ცემა-ტყეპას, და ა.შ. რომ ხალხს "ეცალოს“ ხელოვნებისთვის, უკვე არაფერს ვიძახი გამოფენის მოწყობაზე და რაიმე სხვა ღონისძიებაზე.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმმები...

- ჩემი ყველაზე ახლო გეგმებიდან რაც ჩემს საქმიანობას უკავშირდება არის პერსონალური გამოფენის მოწყობა, ბოლო ასეთი გამოფენიდან უკვე 13 წელია გასული და ამასობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ვერ ვიტყვი რომ ეს იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე.