ავტორი:

"... როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები" - კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

"... როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები" - კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "იმედი LIVE“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

"ეს იყო ძალიან დიდი უბედურება... რაც მოხდა, ეს უმძიმესი რამ იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის, გამოძიება მიმდინარეობს, კონკრეტული პასუხები ჯერ არ გვაქვს რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს უბედურება, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა.

მინდა, კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ზოგადად პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტის მხრიდან. დედაქალაქის მერია როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაზე, ის აცხადებს ტენდერს პროექტზე... მომზადებული პროექტი მერიას ბარდება დაექსპერტებული, ექსპერტიზის გარეშე ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს მივიღოთ პროექტები, ამის მერე ცხადდება უკვე პროექტის შესრულებაზე ტენდერი, კონკრეტული გამარჯვებული კომპანიები გვყავს, ვინც ელექტრონულად იღებენ მონაწილეობას ტენდერში... შემდეგ მერია ვალდებულია ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოა ექსპერტიზის დასკვნით, რაც მოხდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში. განხორციელდა პროექტი, იყო შესრულებული სამუშაოები და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მერიამ პროექტი ჩაიბარა. ჩვენ უფლებაც კი არ გვაქვს, რომ პროექტი არ ჩავიბაროთ, თუ ის აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით არის წარმოდგენილი...

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის მთავარია, რომ გავიგო რა მოხდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ, ჩემი და ჩემი გუნდის წვერების ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ეს არის უმთავრესი მოთხოვნა, რომ იყოს დაცული უსაფრთხოება, როგორც იქ მომუშავეების, ისე ზოგადად პროექტის განხორციელების დროს...

დააკვირდით, 2017 წლიდან დღემდე უბრალოდ მუშასაც არ ჩამოვარდნია თმა, ისე მოხდა სამუშაოების განხორციელება, ასობით ათასობით პროექტის უკვე განხორციელება. პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები..." - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში. წყარო

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.