ავტორი:

ავსტრალიაში 5 წლის ბიჭუნას 3-მეტრიანი პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია - როგორ მოახერხეს მისი გადარჩენა მამამ და პაპამ?

ავსტრალიაში 5 წლის ბიჭუნას 3-მეტრიანი პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია - როგორ მოახერხეს მისი გადარჩენა მამამ და პაპამ?

5 წლის ავსტრალიელ ბიჭუნას მასზე 3-ჯერ დიდი ზომის პითონი დაესხა თავს, უკბინა და საცურაო აუზში ჩაითრია. ბიუ ბლეიკი საკუთარი სახლის აუზთან თამაშობდა, როცა მას 3 მეტრის სიგრძის რეპტილია შემოეხვია. ამბავს ადგილობრივ რადიოს ბიჭუნას მამა - ბენი უყვება.

ბიუ და პითონი ჯერ კიდევ ერთმანეთში იყვნენ გადახლართულები, როცა ბიჭუნას პაპამ ისინი აუზიდან ამოათრია, შემდეგ კი ბენმა გაათავისუფლა შვილი რეპტილიასგან. მამის თქმით, ყველაფრის მიუხედავად ბიუ მაინც კარგ ხასიათზეა და მცირე დაზიანებებით დაუძვრა პითონს.

"როცა სისხლი მოვწმინდეთ და ვუთხარით, რომ არ მოკვდებოდა, რადგან ეს შხამიანი გველი არ იყო, დამშვიდდა. ის ნამდვილი ჯარისკაცივითაა", - უყვება ბიუს მამა მელბურნის რადიოს.

"ბიუ უბრალოდ აუზის გარშემო სეირნობდა. როგორც მივხვდი, პითონიც აქვე იყო და მსხვერპლის მოსვლას ელოდებოდა... ეს ბიუ აღმოჩნდა.. უცებ დიდი შავი ჩრდილი დავინახე, რომელიც ბუჩქიდან გამოვიდა და სანამ ორივე მათგანი ფსკერზე მოხვდებოდა, პითონი ბიუს ფეხზე მთლიანად იყო შემოხვეული", - იხსენებს ბენი.

ბიუს გაბედული 76 წლის პაპა, ალანი, დაუფიქრებლად გადაეშვა საცურაო აუზში, შემდეგ კი ერთმანეთში გადახლართული ბიჭი და გველი ბენს მიაწოდა. "ფიზიკურ ძალას არ ვუჩივი, ამიტომ მხოლოდ 15-20 წამი დამჭირდა მათ გასაცალკევებლად",- თქვა ბენმა.

ამის შემდეგ ბიჭუნას მამას პითონი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ეჭირა და მისი შვილების და მამის დაწყნარებას ცდილობდა.

მოგვიანებით, გველი ისევ ბუნებაში გაუშვა. ბენის თქმით, პითონების ნახვა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა: "ეს ავსტრალიაა", - ამბობს გაბედული მამა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა