ავტორი:

"ნაგებობა იმდენად მყარი იყო, 1991 წლის რაჭის მიწისძვრას გაუძლო, მაგრამ ვერ გაუძლო მეხის დაცემას" - გადაშენების პირას მყოფი "დუროიანი" სახლები და ცნობილი ფოტოგრაფის მონაყოლი ღების საოცრებებზე

"ნაგებობა იმდენად მყარი იყო, 1991 წლის რაჭის მიწისძვრას გაუძლო, მაგრამ ვერ გაუძლო მეხის დაცემას" - გადაშენების პირას მყოფი "დუროიანი" სახლები და ცნობილი ფოტოგრაფის მონაყოლი ღების საოცრებებზე

სულ ახლახან რაჭაში იმყოფებოდა ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა... მან თავის ოფიციალურ გვერდზე ღების, დუროიანი სახლების შესახებ გამოაქვეყნა, რამაც ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო... გადაშენების პირას მყოფ, დუროიან სახლებზე თავად ფოტოგრაფი გვიამბობს...

- გიორგი, რაჭაში ბევრგან იმყოფებოდით, მაგრამ ღებმა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რით არის ეს სოფელი გამორჩეული ?

- ღები მთის რაჭის ყველაზე დიდი და გამორჩეული სილამაზის მქონე სოფელია. 2014 წლის ზაფხულში გახლდით პირველად ამ დალოცვილ კუთხეში და იქ მოხვედრისთანავე გამაოცა სამკურნალო მინერალური წყლების სიუხვემ... ისტორიულ წყაროებში ღებს პირველად 1503 წელს მოიხსენიებენ. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ხუთი საუკუნის წინ ღები სვანეთის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა აქ სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები - არ შეინიშნება.

სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ დასახელება შემორჩა სვანური. „ღებ“ ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს, არის მეორე ვერსიაც აქ ვინმე მღებავი დასახლებულა და სოფლის სახელწოდებაც აქედან დაერქვა. ღებში დიალექტი მეტად განსხვავებულია არც რაჭულს ჰგავს არც სვანურს. ღებელები თავს რაჭველებად არ მიიჩნევენ. ონიდან ამოსულ ადამიანზე იტყვიან რაჭიდან ამოვიდაო. ხოლო როცა თავად ონში მიემგზავრებიან ამბობენ რაჭაში მივდივართო, აღსანიშნავია რომ ყველაზე სუფთა ქართულით ამ სოფელში საუბრობენ, სიტყვათა მარაგიც მდიდარი აქვთ.

- თითქმის არავის გაუგონია დუროიან სახლებზე, გვიამბეთ მათი დანიშნულების შესახებ?

- ღებში ჩემი ჩასვლის მიზეზი ღებური "დუროიანი სახლის“ მონახულება გახლდათ და გამეგო მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს 1890 წელს იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი ვიტორიო სელა კავკასიაში მოგზაურობისას ღებს ეწვია, მისი უნიკალური ფოტო მასალით ირკვევა რომ ღებში დუროიანი სახლები და კოშკები მრავლად ყოფილა, სახლს თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონია: ოთხ სართულიანი კოშკის მეოთხე სართულს დუროები (სათოფურები) ჰქონდა დატანებული ქვითკირით ნაშენ კედლებში.

ღები - ვიტორიო სელას ფოტო

სახლის პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ, მეორე სართულზე ოთახის შუაგულში კერა იყო გამართული და ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. მესამე სართული წლის სარჩოს და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესანახად გამოიყენებოდა. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდებოდა. საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში კომუნისტური რეჟიმის ფეხის მოკიდების შემდგომ დუროიანი სახლები მიზანმიმართული მავნებლური ქმედებებით გაქრობას იწყებს.

დუროიანი სახლი

- საინტერესოა ვინ შეინარჩუნა ამ დუროიანი სახლის არსებობა?

- მხოლოდ ჩემი მეგობრის თამთა გავაშელის წინაპრებმა, მოახერხეს სახლის შენარჩუნება, არ ჩააქრეს კერია და განაგრძეს იქ ცხოვრება, ამით შეძლეს შეენარჩუნებინათ ისტორიული საცხოვრისი. სადაც ერთ დროს ხუთი თაობა აღიზარდა, ამ სახლში მცხოვრები უხუცესი 93 წლის ვალიდა ბებო მომსწრეა ამ ყოველივესი.

- და რამ განაპირობა ჩვენამდე შემორჩენილი დუროიანი სახლის განადგურება?

- ნაგებობა იმდენად მყარი აღმოჩნდა გაუძლო 1991 წლის რაჭის ძლიერ მიწისძვრასაც, მაგრამ ვერ გაუძლო უეცრად მეხის დაცემას. რამაც გამოიწვია ხანძარი. მხოლოდ მაშ შემდგომ გადაწყდა და სახელმწიფომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვალდებულებაც აიღო შენარჩუნებაზე, მაგრამ სახელმწიფომ დაგვიანებით განახორციელა სახლის გადახურვა. წვიმისაგან კედლები დაზიანებული აღმოჩნდა და დაიწყო ეტაპობრივი ნგრევა... 15 წლის წინ 4 კედელი მთელი იყო დღეს კი ორი კედელიც აღარ არის.

გიორგი ნიკოლავა - ბადრი ვადაჭკორიას ფოტო

- ვინმესგან თუ მოდიოდა მცდელობა ამ სახლის აღდგენის შესახებ ?

- როგორც ვიცი არავისგან, მთელი ბავშვობა მხოლოდ თამთას ნატვრა ყოფილა ამ სახლის აღდგენა. ვის აღარ მიმართა მრავალი განცხადება დაწერა, მაგრამ უშედეგოდ... დასახული მიზნებისა და ოცნებების ასახდენად შორეულ ემიგრაციაშიც გაემგზავრა, თუმცა მაინც ვერ მოხერხდა სურვილის ახდენა, რადგან აღდგენა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, თანაც ძეგლის სტატუსი აქვს.მისთვის ყველაზე სევდიანია უყურო თუ როგორ ინგრევა და ქრება ერთ დროს ღების სავიზიტო ბარათად წოდებული საქართველოში ერთადერთი შემორჩენილი დუროიანი სახლი.

დღეს კი აღარავინ ინტერესდება ამ სახლის ბედით, ღებში ჩასული ტურისტებიც კი არ მიდიან სანახავად... ჩემი დიდი სურვილიცაა დუროიანი სახლი კვლავაც გახდეს ღების სავიზიტო ბარათი და მის დასათვალიერებლად უამრავი ტურისტები სტუმრობდნენ. ღებში ასევე არის ერთი კოშკი შემორჩენილი "დედაღვთისას" სალოცავი. კოშკის პირველ სართულზე ხატებია დაბრძანებული, მოსახლეობა მოსალოცად დადის , ადგილობრივის თქმით წლების წინ კოშკი დანგრევას გადაურჩა, დროულად ჩაუტარდა რესტავრაცია და ახალი თავსახურიც გაკეთდა. ამჟამად მას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი მკვლევარი გივი გობეჯიშვილი 2000 წელს გამოცემულ წიგნში "ღები" წერს

- მეოცე საუკუნის დასაწყისს ასზე მეტი ასეთი ნაგებობა შეხვდა ფეხზე მდგომი. ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრებამ, ისტორიულ ძეგლთა დაცვის უგულებელყოფამ და სხვა უარყოფითმა მოვლენებმა ბევრი დუროიანი სახლი შეიწირა და დღეს მხოლოდ ერთია პირველქმნილი სახით შენარჩუნებული. ( ბელოენთ სახლი), რომელიც გადაუდებელ შეკეთებას და დაცვას საჭიროებს. კიდევ ოთხი სახლია შემონახული ღებში, რომლებზედაც ფრაგმენტულადაა დუროები შემონახული, მათი საფუძვლიანი გადაკეთების შემდეგ. ქორედმოხსნილი სახლების რაოდენობა კი ათასს აღწევს, რომლებიც ასევე მოვლა პატრონობას საჭიროებენ. მომავალმა თაობებმაც უნდა ნახონ და შეიგრძნონ ძველ ნაგებობათა სიდიადე.

ღებური კოშკი

1770 წლის ერთი საბუთის მიხედვით ღებში უამრავი კოშკი მდგარა. ადვილი წარმოსადგენია, რა სანახაობა, რა სილამაზე იქნებოდა ამდენი ცათამბრჯენის და იშვიათი გარემოს შერწყმა ერთმანეთთან. თუკი დიუბუა დე მონპრეს ( 1833) ჩანახატზე აღბეჭდილი ღები, მაშინ როცა 10-12 კოშკიღა იყო შემორჩენილი , უდიდესს შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენზე, რა და როგორ იქნებოდა ორ ულამაზესს ქედს შორის მოქცეული კოშკითა და დუროიანი სახლთა „ტყე-კორომი“? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდა იყოს ძნელი. სავალალოა მხოლოდ, რომ ჩვენი წინაპრების მადლიანი მარჯვენით შექმნილი ერის სიმდიდრეს ჩვენმა საუკუნემ ვეღარ უპატრონა და მხოლოდ ჩანახატებითა და სურათებით თუ შეგვიძლია ძველი ხუროთმოძღვრული მშვენიერებების მხოლოდ ნაწილობრივ, არასრულფასოვნად აღქმა.

ღები

ღების ხევში კოშკები შენდებოდა დუროიანი სახლების გვერდით და მასთან კავშირში. დუროიანი სახლის მესამე სართულის კედელში დატანებული კარი ( ამჟამად ფუნქციადაკარგული) გვაფიქრებინებს, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო გადასასვლელი, დამაკავშირებელი ხის ხიდი. ღებური კოშკი 6-7 სართული იყო, სიმაღლე კი დაახლოებით 18-20 მეტრი. კედლის სისქე თითქმის იგივეა, რაც დუროიანი ციხე-სახლისა. სიმაღლესთან ერთად კოშკი ვიწროვდებოდა გარედან, რაც მეტ სიმაგრეს აძლევს ნაგებობას. კოშკის დამამთავრებელი აქაც საბრძოლო, თავდაცვით ბაქანს წარმოადგენდა თორმეტი დუროთი ( ყოველი მხრიდან სამ-სამი დურო).