ავტორი:

BTU-ში ჰაკათონი Doggo 1.0 დასრულდა – გამარჯვებული სტუდენტები პროექტის განხორციელებაზე მუშაობას იწყებენ

BTU-ში ჰაკათონი Doggo 1.0 დასრულდა – გამარჯვებული სტუდენტები პროექტის განხორციელებაზე მუშაობას იწყებენ

ჰაკათონი Doggo 1.0–ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ჰაკათონი, რომელიც BTU-სა და Neutrino Georgia-ს პარტნიორობით გაიმართა, 48 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ღონისძიებაში BTU-ს სტუდენტებითა და მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. საბოლოო დავალების წარდგენა ექვსმა გუნდა შეძლო.

გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები. ამავდროულად ისინი პროექტების განვითარებაში მიიღებენ მხარდაჭერას. ფულადი პრიზები გახლდათ:

● I ადგილი, გუნდი LogN − 5 000 ლარი

● II ადგილი, გუნდი Obelix Team − 3 000 ლარი

● III ადგილი, Cyber Doge − 2 000 ლარი

ჰაკათონის მიზანი იყო, კიბერნაგაზი DOGGO − ვირტუალური ძაღლის შექმნა, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში არსებული სახიფათო და არარელევანტური საიტებისგან დაიცავს. ვიზუალური და გრაფიკული თვალსაზრისით, სისტემა რეალიზებული უნდა ყოფილიყო ძაღლის (ნაგაზის) სახით. პროექტის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი ძაღლი დარბის ეკრანზე და ვებგვერდების გამოძახებისას, მათი შინაარსობრივი კატეგორიებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე სხვადასხვა ქმედებას ასრულებს.

„მე და ჩემი გუნდის წევრებმა გიორგი სანოძემ და ბადრი ონიანმა ორი დღის განმავლობაში შევქმენით AI-სა და Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა, რომლითაც ბავშვებს უსაფრთხო ბრაუზინგი და ფულის გამომუშავება შეეძლებათ. ქრომის ვებ იქსთენშენის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ვებგვერდის ტექსტური, აუდიო და ვიდეო კონტენტის რეალურ დროში ანალიზი შვიდი განსხვავებული კომპონენტის მიხედვით: პიროვნული შეურაცხყოფა, ბულინგი, უხამსობა, მძიმე ტოქსიკურობა, სექსუალური კონტენტი, ზოგადი საფრთხე და ტოქსიკურობა. ამ პროცესს სისტემაში ინტეგრირებული რამდენიმე მანქანური სწავლების მოდელი უზრუნველყოფს მინიმუმ 90%-იანი სიზუსტით. აღნიშნული მოდელები ქართულ და ინგლისურ მონაცემებზეა დატრენინგებული. ნეგატიური ტიპის კონტენტის აღმოჩენისა და რეპორტის საშუალებას იქსთენშენი იძლევა. გეიმიფიკაციის კოეფიციენტის გასაზრდელად შევქმენით მობილური აპლიკაცია, სადაც მომხმარებლებს თავიანთი ავატარები ჰყავთ, რომლებსაც რეპორტებით დარიცხული ქულებით აუმჯობესებენ. პროექტის ფარგლებშივე ჩავუშვით ბლოკჩეინ ქსელი, რომელიც მომხმარებლებზეა დისტრიბუციული. ქსელი სისტემის მეტ გამჭვირვალობასა და თემის გაძლიერებას უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ ბავშვებში საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებები წაგვეხალისებინა, შევქმენით ვებპლატფომრა ბლოგებისთვის. პლატფორმაზე ბავშვები მათი საგანმანათლებლო კონტენტით დამატებით ქულებს გამოიმუშავებენ მათივე ავატარების გასაუმჯობესებლად. სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ბავშვებმა მარტივად შექმნან NFT მათივე ავატარებით და OpenSea-ზე ჩაუშვან გასაყიდად,“ – აცხადებს გამარჯვებული გუნდის წევრი დევიდ შაინიძე.

ჯგუფმა Cyber_Doge (ჯგუფის წევრები: თამარაშვილი გიორგი, გოცირიძე საბა, ჯაჯანიძე ივერი, ჩხეიძე ლიზი) წარმოადგინა Web-extension-ის მუშა პროტოტიპი, რომელსაც ჰქონდა როგორც უსაფრთხოების, ისე თამაშის ფუნქციონალი, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ბავშვებისათვის. აღნიშნულ Web-Extension-ს შეუძლია ვებგვერდების სერტიფიკატების წაკითხვა და იმის დადგენა, იყენებს თუ არა კონკრეტული ვებგვერდი ინფორმაციის გადაცემისათვის დაშიფრულ არხებს. ზემოთჩამოთვლილი კონტროლების შედეგად, თუ აღმოჩნდება, რომ ვებგვერდი არ არის დაცული, extension-ი მომხმარებელს აძლევს გაფრთხილებას. ასევე, პროგრამის მოხმარებისათვის აუცილებელია ავტორიზაცია, თუმცა მომხმარებელი ავტორიზაციას გადის მეტსახელით და არ იყენებს პერსონალური მონაცემებს, რაც კიბერ-ბულინგის პრევენციის მიზნითაა ჩაფიქრებული. ამასთან ერთად, პროგრამას აქვს ე.წ. „საიდუმლო ღილაკი“, რომელიც მხოლოდ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აქტიურდება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაარეპორტოს ვებგვერდი, რომელზეც ძალადობრივი ან სხვა მხრივ მიუღებელი კონტენტია.

Obelix Team–მა მოტივაციისთვის შექმნა ქრომ ექსთენშენი, რომელშიც ბავშვს ჰყავს ცხოველი. ამ ცხოველს კი აქვს თავისი მონაცემები, განათლების დონე, ბედნიერების დონე და ა.შ მასზე პასუხისმგებელია ბავშვი. მაგალითად, როდესაც ბავშვი შედის საიტზე, რომელზეც პროგრამის ექსთენშენმა დააფიქსირა ძალადობრივი კონტენტი ცხოველის პოპაპი გამოჩნდება და ეუბნება ბავშვს, რომ თუ ის ამ ვებგვერდზე შევა ცხოველი დაისტრესება და ბავშვის საშუალო ქულა დაიწევს. ასევე ამ ცხოველს აქვს სხვა მოთხოვნილებები, როგორიცაა: ჭამა, ჩაცმა და ა.შ. აღნიშნულზეც ბავშვმა უნდა იზრუნოს. საიტზე ბავშვისთვის შეუსაბამო კონტენტის აღმოჩენისთვის პროგრამა იყენებს google cloud vision api-ის nude.js-ს და web risk api-ს და სიჩქარის გასაზრდელად მონაცემთა ბაზას.

მონაწილე გუნდების მენტორი, კომპანია 2.0–ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ხომერიკი აღნიშნავს, რომ მონაწილეებმა საინტერესო და შემოქმედებითი პროექტები წარმოადგინეს.

„საკმაოდ მრავალფეროვანი შედეგები მივიღეთ. შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინს გადააჭარბა. პროცესში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც მენტორი და ახალგაზრდებთან მუშაობა ჩემთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა შეიკრიბა, რომელთან სამომავლო თანამშრომლობაზეც უკვე მიმდინარეობს საუბარი. ჰაკათონი 9 მონაწილე გუნდით გაიხსნა, თუმცა მხოლოდ 6 მათგანმა შეძლო ბოლომდე მისვლა. წარმოდგენილი ექვსივე პროექტი ძალიან ორიგინალური და კრეატიული იყო, თუმცა პირველ ადგილზე გასულს სხვებისგან ის გამოარჩევდა, რომ მან კონცეფცია სრულიად ახლებურად დაინახა და წარმოადგინა, მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი ჩართო პროცესში. ეს ნიშნავს, რომ მათ არსებული გამოწვევის ადეკვატური გადაწყვეტა შექმნეს და თან ის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დააჭკვიანეს. რაც შეეხება ზოგადად ჰაკათონს, ის საუკეთესო გზაა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომ ცოდნა გამოავლინონ და ამავდროულად, ეს საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილებაა. სტრესულ გარემოში მუშაობა, გუნდურობა, პრეზენტაციის უნარი – ამ და კიდევ სხვა არაერთ უნარს ივითარებენ ჰაკათონში მონაწილეები,“ – განმარტავს გიორგი ხომერიკი.

ჰაკათონი 48 საათის განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.