ავტორი:

"მორიგი ზღაპარი მგონია" - ბიჭვინთაში შვიდსართულიანი სამედიცინო ცენტრის აშენება იგეგმება: რას ჰპირდება რუსეთში მოღვაწე აფხაზი ბიზნესმენი ადგილობრივებს?

"მორიგი ზღაპარი მგონია" - ბიჭვინთაში შვიდსართულიანი სამედიცინო ცენტრის აშენება იგეგმება: რას ჰპირდება რუსეთში მოღვაწე აფხაზი ბიზნესმენი ადგილობრივებს?

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით აქვს აღებული, შვიდსართულიანი სამედიცინო ცენტრის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება.

apsnypress.info/ru-ს ცნობით, Концерн Росэнергоатом-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ჯუმბერ ტყებუჩავა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ტყვარჩელის ხელმძღვანელ იყო, ადგილობრივებს ჰპირდება, რომ სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მალე დაიწყება და ადგილობრივებიც დროულად შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას.

"რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით სოჭში დიდ ფორუმზე, სადაც ჩვენი კომპანია Росэнергоатом-ის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და გადაწყვიტეს აფხაზეთში ჩასულიყვნენ და ადგილზე ენახათ ის ტერიტორია, სადაც ცენტრის აშენება იგეგმება. საუბარია პანსიონატზე, რომლის ბაზაზეც უნდა აშენდეს ცენტრი. აღნიშნული ტერიტორია, შენობის ჩათვლით, ჩვენ იჯარით გვაქვს აღებული.

ჩემი კოლეგები აღფრთოვანებული არიან არა მხოლოდ პანსიონატით, ხალხითაც, რომელიც მათ შეხვდა. ბოლო ორი წელია პანსიონატის რეკონსტრუქცია დაიწყო. ახლა სამედიცინო ცენტრის პროექტირება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც იქნება სანატორიუმი-კურორტი, ჩვენი პერსონალის რეაბილიტაციისთვის. სამედიცინო პერსონალის ჩაყვანა იგეგმება, ასევე სამკურნალო დანიშნულების განყოფილებების გახსნაც - მთელი აფხაზეთის მოსახლეობისთვის" - ამბობს ტყებუჩავა.

ჯუმბერ ტყებუჩავა ოჩამჩირეში დაბადებული პოლიტიკოსი და ბიზნესმენია. 90-იან წლებში მას ტყვარჩელის ე.წ. ადმინისტრაციაში ხელმძღვანელის პოზიცია ეჭირა. შემდეგ კი, რუსეთში წავიდა და საწვავის ბიზნესში ჩაერთო, თუმცა აფხაზეთთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და ადგილობრივ ქალაქებში სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ადგილობრივები მას ეჭვის თვალით უყურებენ. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას განმარტებით, აფხაზეთი ადამიანებისთვის სამკურნალო ადგილად მიიჩნეოდნენ, განსაკუთრებით კი, გაგრა და ბიჭვინთა იყო მათი ინტერესის საგანი.

"თუ ჩვენ სეზონებს შორის სივრცის შევსებას შევძლებთ, ანუ ადამიანები აფხაზეთში სხვა დროსაც ჩამოვლენ გამოსაჯანმრთელებლად, ეს ძალიან კარგი იქნება. შესაძლოა, დღეს ბიჭვინთა იყოს, შემდეგ კი, აღმოსავლეთ აფხაზეთის სხვა რაიონები" - ამბობს ბუთბა.

  • ადგილობრივების თქმით, კითხვებს იწვევს პროექტის აშენებისა და მისი ადგილობრივებისთვის გამოყენების პერსპექტივა, რადგან მთელ აფხაზეთში შეიძლება ვერ იპოვონ იმდენი სამედიცინო პერსონალი, რაც შვიდსართულიანი ცენტრის შესავსებად გახდება საჭირო.

"მორიგი ზღაპარი მგონია, რადგან მთელ ბიჭვინთაში ერთი სტომატოლოგია და ისიც თავისუფალი გრაფიკით მუშაობს. ოფთალმოლოგები შესაძლოა მეტი გვყავდეს, მაგრამ მათ ორი სართული ეყოფათ... სხვა რაღაცაშია საქმე, ჩვენს ხელისუფლებას, რუს პარტნიორებთან უნდა გვაჩვენოს, რომ ყველა ის ტერიტორია, რომელსაც იჯარით იღებენ და ყოველთვის გაურკვეველი ბუნდოვანება ახლავს, თურმე ჩვენი, შიდა მოხმარებისთვის სჭირდებათ. ჩვენი კი ისტერიკას ვტეხთ, არ ვუშვებთ... ეს არის ამ ყველაფრის არსი, თორემ ვინ არ იცის, რომ ბიჭვინთაში, სადაც სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს ამხელა ცენტრი უფუნქციოდ დარჩება, ან რუს პერსონალს ჩამოიყვანენ და მხოლოდ სეზონზე იმუშავებს. რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები ხომ მუდმივად ირონიულად იხსენიებენ აფხაზურ ჯანდაცვას. მთავარია, საქართველო ახლოს გაქვთო, მითხრა წელს ჩემმა დამსვენებელმა" - წერს ადგილობრივი ალიას გოლანძია.

"რამდენიმე დღის წინ, ჩვენი დეპუტატები იყვნენ მოსკოვში წასული, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების დოკუმენტებში არსებული შეცდომის შესახებ მოხსენების გასაკეთებლად, თითქოს რუსულმა მხარემ არ იცოდა, რომ შეცდომა იყო... აქეთობისას, რუსმა მესაზღვრეებმა ყველანი სპეციალურ კაბინეტში გადაიყვანეს და საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. ხომ არ იცით რატომ? იმიტომ, რომ აჩვენეს ვინ არის აქ უფროსი და რა მოხდება თუ მათ დაკრულზე არ ვიცეკვებთ, მთავარია, არძინბა შეშფოთდა - ჩვენს დეპუტატებს პატივისცემით მოეპყარითო. სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს" - წერს დიმიტრი ამიჩბა.

"ბიჭვინთის შვიდსართულიანი სამედიცინო ცენტრი ფულის გასათეთრებლად და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფეხის მოსაკიდებლად გაკეთებული პროექტია. დღე-ღამეში ორი საათით გვაქვს ხოლმე შუქი და ამხელა ცენტრის ამუშავებენ, მით უფრო თანამედროვე ინფრასტრუქტურას... თუ ააშენებენ, ჩვენთვის კი არა, იმ `ეფესბეს პერსონალისთვის იქნება, ვისაც ბიჭვინთის სახელმწიფოს აგარაკის ტერიტორიაზე შემოიყვანენ, თავიანთ გეგმის მიხედვით" - მიაჩნია მზიანა ბერზენიას.