ავტორი:

"ოჯახს ჩემამდეც ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც წაართვეს - მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედას, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ" - ქართველი ჟურნალისტის გულახდილი ინტერვიუ

"ოჯახს ჩემამდეც ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც წაართვეს - მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედას, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ" - ქართველი ჟურნალისტის გულახდილი ინტერვიუ

"წარმოიდგინეთ, ოჯახს ჩემამდე ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წაართვეს, რადგანაც მის ბიოლოგიურ მშობლებს ორმხრივი მოლაპარაკებები ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უფრო მეტი გადაიხადა. ხანდახან მგონია, რომ აუქციონები ეწყობოდა ბავშვებზე... ამის შემდეგ ამიყვანეს მე და არასოდეს დამავიწყდება დედას სიტყვები: "მანქანის საბურავების ხმა რომ მესმოდა სულ მეგონა, რომ ბავშვი უნდა წამართვანო" - ამ სიტყვებს გვეუბნება ჟურნალისტი გიგა გელხვიძე, რომელიც მის ულამაზეს ბავშვობაზე და შემდეგ დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე გვიამბობს...

- ძალიან დიდი სევდა გაქვთ დედას გარდაცვალების შემდეგ, ქალის რომელიც თქვენი ბიოლოგიური დედა არ იყო... როგორი იყო თქვენი დედა-შვილობა?

- ალბათ ღრმა ბავშვობიდანვე მახსოვს, როდესაც ოჯახი, გარკვეული ხნით საცხოვრებლად რუსეთში, ქალაქ ომსკში გადავედით... დედა იქ იმაზე მეტად ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ, ვიდრე საქართველოში, რადგანაც ეს ორივესთვის უცხო გარემო იყო და ადაპტაციას გავდიოდით. მახსოვს როგორ ფაქიზად დავდიოდით მოყინულ ქუჩებში, როდესაც რაიმე გვქონდა შესაძენი და გარეთ გავდიოდით. შემდეგ იყო, დაჟინებული მოთხოვნა საქართველოში დავბრუნებულიყავით, სკოლაში შესვლის დრო ახლოვდებოდა და მას არ სურდა, უცხო გარემოში მესწავლა. ამიტომაც ჩამოვედით ისევ აქ... ქვეყანაში ჯერ კიდევ ბნელოდა, ბნელოდა როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების და ცხოვრების სტილის კუთხით, ასევე ბნელოდა ოჯახებშიც, რადგანაც ე.წ. ვოლფრამის ნათურა მხოლოდ რამდენიმე წუთით ინთებოდა. სამშობლოში დაბრუნებულებს ბევრად განსხვავებული რეალობა დაგვხვდა და ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის იყო, რომ დედამ დაკარგა სამსახური, რადგანაც მისი კუთვნილი ადგილი სკოლაში (ის ფიზიკის მასწავლებელი იყო), აღარ დაუთმეს, ამის შემდგომ იყო საკმაოდ რთული, გაჭირვების პერიოდიც, რაც ალბათ 90-იანებში თითქმის ყველას გაუვლია...

საბოლოოდ, მან სამსახური დაიბრუნა, მეც უკვე სკოლაში შევედი და აქედან დაიწყო დედას, უფრო მეტად დატვირთული ყოველდღიურობა. სკოლა, სადაც ის ასწავლიდა მეზობელ სოფელში იყო, რომელსაც ჩვენი სახლიდან ყველაზე მცირე სამი კილომეტრი აშორებდა და კვირაში ოთხი დღე ის ამ მანძილს ფეხით გადიოდა, რადგანაც გაკვეთილების დასრულებისთანავე მოიჩქაროდა შინ... მე მას რომელიმე მეზობელთან ველოდებოდი სკოლის შემდგომ და არ სურდა, რომ ვინმე დიდი ხნით შეეწუხებინა... სახლში დაბრუნებული, როდესაც ოჯახის საქმეებს მორჩებოდა, უკვე ჩემთან ერთად მიუჯდებოდა საწერ მაგიდას და იმას რაც ბევრი წლის წინ სკოლაში, მოსწავლის რანგში გაიარა, ისევ ახლიდან იხსენებდა, თამამად ვიტყვი, რომ სკოლა მეორედ დაამთავრა, რადგანაც ვალდებულად მიიჩნევდა, ყოველთვის გაეგო, რამდენად კარგად მომზადებული მივდიოდი სკოლაში. საკმაოდ მკაცრი იყო... არასოდეს დამითმობდა რაიმეს თუ თვლიდა, რომ ჩემთვის ასე სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ სწორი მიმართულებით მზრდიდა, არც მიკვირს მან სკოლაში თითქმის 52 წლის განმავლობაში ასწავლა, შესაბამისად, უამრავი თაობის აღმზრდელს, ნამდვილად არ ესწავლებოდა როგორ აღეზარდა საკუთარი შვილი, ასევე არასოდეს ჰქონდა მიმღებლობის პრობლემა და ყოველთვის მისმენდა, თუ რაიმეს სხვაგვარად ვუყურებდი, ბევრჯერ გაუთვალისწინებია ჩემი შეხედულებებიც, სხვებთან მიდგომებში...

- როდის და როგორ გაიგეთ, ნაშვილები რომ ხართ?

- უჰ... როგორ გითხრათ, პატარა ვიყავი თუ სწორად მახსოვს მეხუთე კლასში ალბათ, მეზობელმა რაღაც უთხრა დედას, რამაც ძალიან მწვავე კონფლიქტი გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ ჩავწვდი, რა ხდებოდა და რატომ უნდა გაბრაზებულიყო დედა ასე. შემდეგ გაიარა რაღაც პერიოდმა, მამა უცხოეთში იმყოფებოდა და როდესაც დაბრუნდა, იმ პიროვნების მეუღლეს დაელაპარაკა, საკმაოდ ხმაურიანი საუბარი იყო, რა დროსაც გავიგონე, რომ მე ვიყავი ნაშვილები. ალბათ გაგიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა - რა ვიგრძენი იმ მომენტში? ძალიან გულწრფელი ვიყავი, რამდენიმე წუთიანი დაბნეულობა, შემდეგ უბრალოდ განვმარტოვდი და დავიწყე ფიქრი. არც ისე პატარა ვიყავი, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა ვერ გამეგო. ჰოდა, გავაანალიზე რასთანაც მქონდა საქმე და ალბათ არ ვიქნები მართალი რომ ვთქვა, რომ თუნდაც წამით მიფიქრია სადმე წავსულიყავი.

რამდენჯერმე მომისმენია, როგორ ეუბნებოდა მამა დედა, რომ ვუთხრათ სიმართლეო, თუმცა დედას ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. არა იმიტომ, რომ ამას განგებ აკეთებდა, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა ჩემი რეაქციის, რადგანაც შესაძლო იყო მისი შეხედულებით, რომ ეს ძალიან ცუდად აღმექვა. აქედან გამომდინარე გადიოდა წლები და მე ეს "საიდუმლო“ დამქონდა გონებით, სანამ 23 წლის არ გავხდი. როდესაც რეალურად დედამ გადაწყვიტა ჩემთვის სიმართლის თქმა, ძალიან მძიმე საუბარი იყო, იმ მხრივ, რომ ყველა დეტალი გავიაზრე, ყველა ტკივილი, ყველა სირთულე რაც გაიარა. წარმოიდგინეთ, ოჯახს ჩემამდე ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წაართვეს, რადგანაც მის ბიოლოგიურ მშობლებს ორმხრივი მოლაპარაკებები ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უფრო მეტი გადაიხადა.

ამის შემდგომ ამიყვანეს მე და არასოდეს დამავიწყდება დედას სიტყვები: "მანქანის საბურავების ხმა რომ მესმოდა სულ მეგონა, რომ ბავშვი უნდა წამართვანო". ახლა თქვენით გამოიტანეთ დასკვნა, რას გრძნობდა ის მთელი წლების მანძილზე და განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ამას მიყვებოდა. მაშინ მახსოვს ვუთხარი, რომ ეს ბევრი წელია ვიცი და ამის შემდგომ მე ისინი (დედა და მამა) ბევრად უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე შეიძლება შვილს მშობელი უყვარდეს,

- თანამედროვე სტილი გაქვთ, დედა ყოველთვის გაგებით ხვდებოდა თქვენს თანამედროვეობას?

- იცით, თავიდან არც ისე, თუმცა შეგნებული ადამიანი იყო და ხვდებოდა, რომ ეპოქა შეიცვალა, სხვა დრო იყო, სხვა მისწრაფებები და ვერ ვიქნებოდი მე გამონაკლისი, რომელიც ამ ყველაფერს გვერდს აუვლიდა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ჩემი მე იყო ხელშეუხებელი და უნდა მოეცა გასაქანი, თუმცა მცირედი ჩარევები მაინც იყო... მახსოვს, როდესაც ყური გავიხვრიტე, მაშინ უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, ირიბულად გაიღიმა და მითხრა - მთლად გააფრინეო... არასოდეს მოსწონდა როდესაც დახეული ჯინსები მეცვა, ეს იყო ალბათ ის, რასაც ყველაზე მეტად აპროტესტებდა, მახსოვს ერთხელ, როდესაც მორიგი შარვალი შევიძინე, დილით შემოვიდა ოთახში, ხელში რაღაც ეჭირა და მეუბნება: ამ ორმოცდაათ ლარს მოგცემ, მხოლოდ ეგ შარვალი არ ჩაიცვაო, ასე ასე ხდებოდა...

დღემდე მაქვს მომენტი, როდესაც რაიმე ახალი ხდება ჩემს ცხოვრებაში, ტელეფონს ვიღებ და მინდა დავურეკო, მერე უცებ ვიხსენებ, რომ ის აღარ არის... ყოველთვის სურდა, რომ ექიმი ვყოფილიყავი, შემდეგ შევთანხმდით იმაზე, რომ მხატვარი ვიქნებოდი, თუმცა საბოლოოდ, თავი მედიაში ამოვყავი, რითაც ძალიან ამაყობდა და მოსწონდა. მე მაქსიმუმს ვაკეთებდი საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის...

როდესაც გარდაიცვალა 72 წლის იყო, დაბადების დღე 9 მაისს ჰქონდა, 13-ში კი გარდაიცვალა. ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის და მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი წელი გავიდა, ტკივილი იგივეა, არ განელებულა, ალბათ არც განელდება. ეს არის ის, როდესაც სხეულის ნაწილი გეგლიჯება და ის არ დაგიბრუნდება. ავადმყოფობის ბოლო პერიოდში მე და მამა ვზრუნავდით მასზე... იცით ეს პროცესი რაღაცნაირი შვებაც კი იყო ჩემთვის, რომ მქონდა საშუალება მასზე მეზრუნა და მაქსიმალურად დამენახებინა, რომ მე გააზრებული მქონდა ის ამაგი, რაც მას ჰქონდა ჩემზე და ეს არ იყო ფუჭად გავლილი დრო, რომელიც მან ჩემზე ზრუნვაში გაატარა...