ავტორი:

მატჩის გმირი ისევ ლეო მესია - არგენტინელთა მძიმე ბრძოლა და გამარჯვება მარცხის შემდეგ

მატჩის გმირი ისევ ლეო მესია - არგენტინელთა მძიმე ბრძოლა და გამარჯვება მარცხის შემდეგ

26 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში არგენტინის ნაკრებმა მექსიკას 2:0 ურთულეს მატჩში სძლია და საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ, გულშემატკივართა თვალში ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოახდინა. მექსიკა არასდროს არავისთვის არის მარტივი მეტოქე, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, დღევანდელი გუნდი მის წინამორბედებთან შედარებით აშკარად სუსტია.

მექსიკელებს არათუ ვერ გააქვთ გოლი, თითქმის ვერ ქმნიან შანსებს, ამის გარეშე კი გოლები და გამარჯვება არ მოდის. ჯგუფის დასკვნით მატჩში მექსიკას საუდის არაბეთთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა და გამარჯვების შემთხვევაში, შანსი გაუჩნდება პლეი-ოფში გასასვლელად, თუმცა აქ სხვადასხვა სცენარებია და მექსიკას უბრალოდ გამარჯვება შეიძლება არც ეყოს...

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, ლიონელ სკალონის გუნდმა მხოლოდ მეორე ტაიმში გამოასწორა თამაში. ვერ ვიტყვით, რომ "ალბისელესტემ" დაუვიწყარი სპექტაკლი დადგა, მაგრამ ლიონელ მესის ოსტატობით გუნდმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. მეორე ტაიმი ლეოს მოპოვებული და მის მიერვე არაზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ არგენტინელებმა მოახერხეს ბურთის დაჭერა და მესიმ ოჩოას კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, მექსიკა ზურგის მოშიშვლების შიშით დიდი ძალებით წინ წასვლას ერიდებოდა. 87-ე წუთზე მესიმ საგოლე პასი მისცა ენცო ფერნანდესს, რომელმაც ულამაზე გოლი შეაგდო.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი პოლონეთია, 3-3 ქულა არგენტინას და საუდის არაბეთს აქვთ, ხოლო მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

ჯგუფში ბოლო ტური 30 ნოემბერს ჩატარდება: არგენტინა პოლონეთს, მექსიკა კი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

გუშინ მეორე ტურის კიდევ 3 მატჩი გაიმართა.

C ჯგუფშივე, პირველ ტურში არგენტინის ნაკრებთან ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, საუდის არაბეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

D ჯგუფში ერთმანეთს საფრანგეთი და დანია დაუპირისპირდნენ. მოქმედმა მსოფლიო ჩემოპიონებმა კილიან მბაპეს დუბლით დანიას ანგარიშით 2:1 სძლიეს და ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავეს.

ამავე ჯგუფში ავსტრალიის ნაკრები ტუნისს შეხვდა და 1:0 მოუგო. პირველ წრეში ავსტრალიელები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ საფრანგეთთან, ტუნისმა კი დანიის წინააღმდეგ მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა.