ავტორი:

"ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი" - ედუარდ სააკაშვილი

"ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი" - ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ის მოცმულობა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ხელისუფლების "უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგია".

"საქართველოში ბოლოს სექტემბერში ვიყავი, რაც ნიშნავს, რომ სულ ბოლოს რა მოხდა, პირადად არ შევსწრებივარ. თუმცა ხშირი კონტაქტი მაქვს ოჯახის წევრებთან, ადამიანებთან, ვინც მასთან შედიან. მე, მაგალითად, ძალიან ვენდობი ჩემს ძმას, რომელიც არასდროს არაფერს გააზვიადებს და ყოველთვის ძალიან ზომიერად აღწერს სიტუაციას. ნიკოლოზი რამდენიმე დღის წინ იყო მიშასთან შესული. მან მითხრა, რომ მამაჩემი ლოგინში წევს, არის ძალიან სუსტად, ძალიან გამხდარია და არის უარესად, ვიდრე წინა შესვლაზე, რაც არის ძალიან რთული მოსასმენი. მეც მალე მოვახერხებ ჩამოსვლას და პირადად მონახულებას. რა ხდება ზუსტად, მე არ ვიცი, არც [„ემპათიის“] დასკვნა მინახავს, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ - როგორ უარესდება მისი მდგომარეობა, კარგავს ენერგიას, წონას, უფრო და უფრო ნელა საუბრობს… არ ვიცი, ამ ფორმით რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს.

ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს, იმიტომ რომ, რაღაც მომენტში ციხიდან გამოვა… იმის წარმოდგენა არ მინდა, რომ ეს დღე არ დადგება. მაგრამ რა მდგომარეობაში იქნება იგი იმ მომენტში?

მე თუ ახლა მენტალურ პროექციას გავაკეთებ და დღევანდელი სიტუაციის ექსტრაპოლაციას, მაშინ საკმაოდ ცუდ სურათს ვხედავ.

მე არ ვიცნობ საფუძვლიანად საქართველოს სამედიცინო სისტემას, მაგრამ „ვივამედი“ ითვლება საკმაოდ კარგ კლინიკად, ხომ? ძალიან მადლობელი ვარ და კარგია, რომ პენიტენციურმა იქ გადაიყვანა, თუმცა არ არის საკმარისი.

6 თვეა მამაჩემი „ვივამედშია“ და სიტუაცია, ჩემი დაკვირვებით, არის უარესი, ვიდრე დასაწყისში იყო. ე.ი. რაღაც აკლია, ხომ, სიტუაციას?" - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის ვაჟი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ "ბიბისისთან" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ის პოზიტიურ გზავნილად შეაფასა.

"სალომე ზურაბიშვილიც კი, თუ არ ვცდები, აკეთებს მინიშნებას, რომ მისი საქართველოში მკურნალობა რთული იქნება. მამაჩემის ჯანმრთელობა მანამდეც არ იყო იდეალური და იმ მდგომარეობაში, რომელშიც მამაჩემი არის ერთწლიანი უბედურების შემდეგ, თუ გვინდა, რომ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდეს, ლოგიკურია, რომ ვიფიქროთ უცხოეთში მკურნალობაზე, რაც ისედაც ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება საქართველოში. ხშირად გვესმის, რომ ადამიანები სამკურნალოდ უცხოეთში მიდიან.

ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ის, რაც თქვა - რომ მისთვის არ არის სასურველი, მამაჩემის ჯანმრთელობა გაუარესდეს. ეს რაში გადაითარგმნება, შეიწყალებს თუ არა, რთული სათქმელია. ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი, თუმცა ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე, ეს სიტუაცია ადრე თუ გვიან შეიცვლება. ახლის გამოგონება საჭირო არ არის, არსებობს კანონიერი გზები ამ პრობლემის გადაჭრის - სასამართლო გზით იქნება ძალიან სამართლიანი, ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, ან სხვა გზით.

ჩემთვის პირადად მთავარია, რომ მას მიეცეს ღირსეული მკურნალობის საშუალება, ეს იქნება დროებით თუ არა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩემთვის მამაჩემის პატიმრობა, მთავარია ჯანმრთელობა. მე არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის პრობლემაზე იმიტომ, რომ ეს არის ტროას ცხენი, რომელიც სინამდვილეში მისი საბოლოოდ გათავისუფლების წყარო უნდა გახდეს (თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებას მიღებენ, მივესალმები). მისი ჯანმრთელობა არის ძალიან დაქვეითებული და თუ საზოგადოების ნაწილში არსებობდა მოთხოვნილება, რომ მის მიმართ ყოფილიყო რაღაც ტიპის შურისძიება, ანგარიშსწორება, დასჯა, ამ ადამიანებმა საკუთარ მიზანს უკვე მიაღწიეს.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასაწყისშივე გარკვეულ წრეებში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ამგვარმა გაზვიადებულმა შეფასებებმა, ედუარდის შეხედულებით, სიტუაცია მნიშვნელოვნად დააზიანა.

"პირველ დღეებშივე ზოგმა დაიწყო საუბარი, რომ მამაჩემი სიკვდილის პირასაა და ა.შ. ამან, საბოლოო ჯამში, დააზიანა სიტუაცია, იმიტომ რომ, მამაჩემი დღესაც ცოცხალია. დღეს მისი ჯანმრთელობა არის უარესი, ვიდრე პირველ დღეებში, მაგრამ განგაშმა ცოტა ფასი დაკარგა, იმიტომ რომ ასე ხშირად გვესმის კატასტროფული მოწოდებები, რომ დღეს თუ არ შეცვალეთ რამე, ის მოკვდება… გასაგებია, არავის ვაკრიტიკებ. ყველა მძაფრად განვიცდით, რაც ხდება და გვინდა, სიტუაცია რაც შეიძლება მალე შეიცვალოს, მაგრამ ჩემი მიდგომაა, ვიყო მოზომილი, კონსტრუქციული, რადგან ნამდვილად არ მჯერა, რომ დღევანდელ სიტუაციაში მასობრივი პროტესტი გახდება მამაჩემის გათავისუფლების ან მკურნალობის წინაპირობა.

ამიტომ მე მგონი, უნდა ვიყოთ რაც შეიძლება კონსტრუქციულები და დავინახოთ სიტუაცია მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც; ვიფიქროთ იმაზე, რით შეიძლება, მათ გაუადვილდეთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. მგონია, რაღაც მზაობა არსებობს, მაგრამ ხელს უშლის პოლიტიკური ფაქტორები, დრო და და ა.შ. მაგრამ ადრე თუ გვიან, რაღაც უნდა შეიცვალოს. ჯანმრთელობის საკითხი არის ყველაზე მძაფრი ასპექტი, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე პატიმრობა.

მე უკვე მაშინებს, ხვალ რომ გამოვიდეს, გადაიყვანონ სადმე და იმკურნალოს, არ ვიცი, რამდენად შეიძლება დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. აქამდეც არ უნდა მისულიყო საქმე.

ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები თავიდან სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია.

თუ შევხედავთ, რა შედეგი მოჰყვება - მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნამყოფი, გაუბედურებული, ქვეყნიდან გაყვანილი, იქ მკურნალობენ… ოპოზიცია მგონი ამ ყველაფრის გამო შეიძლება დასუსტდა კიდეც, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ მისი ჩამოსვლა არ იყოს საკმარისი არაფრისთვის. ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის, მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. ოპტიმიზმი საჭიროა, იმიტომ რომ იმდენად მძიმე სიტუაციაა, ერთი წელია სულ ცუდი ამბები გვესმის ამ საკითხზე, ოპტიმიზმის გარეშე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავყრიდით. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს. არც პოლიტიკურად უნდა უნდოდეთ წესით ეს, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხდები", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.