ავტორი:

როგორ იქცა კოვიდ-რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები ანტისამთავრობო პროტესტად? - ჩინეთში ასეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღა ათწლეულებია არ ყოფილა

როგორ იქცა კოვიდ-რეგულაციების საწინააღმდეგო აქციები ანტისამთავრობო პროტესტად? - ჩინეთში ასეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღა ათწლეულებია არ ყოფილა

ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქმე ისაა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ისევ და ისევ მძიმე რეგულაციებით დაამარცხოს კოვიდის გავრცელება.

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ბრძანებით, რამდენიმე ქალაქი თითქმის აგვისტოს ბოლოდან ჩაკეტილია, რამაც ეკონომიკური ვარდნაც გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ ერთი და ორი გამოვლენილი ფაქტის გამოც კი მთელ ქალაქებს ლოქდაუნში აცხოვრებენ - ადამიანებს ბინებიდან გარეთ არ უშვებენ, მოძრაობა და თავისუფლად გადაადგილება სასტიკად შეზღუდულია.

სი ძინპინის ამ პოლიტიკას ხალხში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის შანხაიში.

საპროტესტო ტალღა სინძიან-უიღურის ავტონომიური რაიონის დედაქალაქ ურუმჩიში აგორდა, რომელიც ლოქდაუნში აგვისტოს დასაწყისიდან იმყოფება და სადაც ქალაქის მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრისას, მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა აუკრძალეს. მათ მაინც მოახერხეს კორპუსებიდან გამოსვლა და მიტინგი სტიქიურად მოაწყეს, მათ ხანძრის დროს ადამიანების დაღუპვაში ხელისუფლება და მისი ანტიკოვიდური პოლიტიკა დაადანაშაულეს.

მომიტინგეები აპროტესტებდნენ რეგულაციებს, მაგრამ პოლიციასა და ხალხს შორის ფიზიკურმა დაპირისპირებამ, აქციები ანტისამთავრობო გახადა. გაჩნდა მოწოდებები: "სი ძინპინ, გადადექი!“, "კომპარტია წადი!“

სი ძინპინი აცხადებს, რომ ასეთი რეგულაციები საჭიროა, რადგან ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მისი თქმით, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 40 000 ათასზე მეტია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ თავისუფლება წაართვა და სახლებში ჩაკეტა, ამიტომ მან დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

მომიტინგეებმა დაარბიეს პუნქტები, სადაც ინფექციაზე ტესტირება მიმდინარეობდა. აქციაზე ცარიელი თეთრი ფურცლებით მომიტინგეები სკანდირებდნენ:

"არ გვსურს PCR ტესტები! ჩვენ გვსურს თავისუფლება!“

აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზეც. მათი თქმით, პოლიცია მათ დაკავებისას ფიზიკურად უსწორდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოლიციამ ასევე ფიზიკურად იძალადა BBC-ის ჟურნალისტზეც. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები ჩინეთში რამდენიმე ათწლეულია არ ყოფილა. აქციის მონაწილეები ამბობენ, სი ძინპინი უნდა გადადგეს, მაგრამ ეს თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ჩინეთის ელიტური საზოგადოება და ქვეყნის თავდაცვის ძალები პრეზიდენტის მხარეს არიან. ვიდრე ასე გაგრძელდება, სი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს. მით უფრო, რომ მან ახლახან მესამედ მიიღო თანამდებობაზე ყოფნის მანდატი.

მოამზადა ლუკა ცხვედიანმა