"რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“ - უილ სმიტი "ოსკარის" დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა: რამ უბიძგა მსახიობს, რომ წამყვანისთვის სილა გაეწნა?

"რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“ - უილ სმიტი "ოსკარის" დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა: რამ უბიძგა მსახიობს, რომ წამყვანისთვის სილა გაეწნა?

უილ სმიტი The Daily Show-ს ესტუმრა და "ოსკარის“ დაჯილდოებაზე კომიკოს კრის როკისთვის სილის გაწვნის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. სმიტის თქმით, მან იმ მომენტში "თავი დაკარგა“ და ამიტომ იძალადა კომიკოსზე. ვარსკვლავი გადაცემის წამყვანს, ტრევორ ნოას უხსნიდა, რომ მას წლების განმავლობაში დაგროვებული აგრესია მოეძალა, რასაც პირადი პრობლემები დაერთო და ამიტომ ვეღარ მოახერხა თავის შეკავება.

"ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი შემზარავი ღამე იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი დეტალი იყო, რამაც სიტუაცია გაართულა, მაგრამ საბოლოოდ, უბრალოდ თავი დავკარგე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ვერ გვეცოდინება ვინ რას უმკლავდება სინამდვილეში.“ სმიტმა არ დააკონკრეტა რა პრობლემებს უმკლავდებოდა ის დაჯილდოების ცერემონიის პერიოდში, მაგრამ დასძინა, რომ მის საქციელს ვერაფერი გაამართლებდა: "არ მინდა, რომ ასეთი ადამიანი ვიყო“, - ამბობს სმიტი. წამყვანი ვარსკვლავს გამოესარჩლა და უთხრა, რომ სმიტი მოძალადე ადამიანი არაა და ყველა უშვებს შეცდომებს.

უილ სმიტმა, გადაცემაში დაჯილდოების ღამის გახსენებისას, ცრემლები ვერ შეიკავა. მან მოყვა, როგორ დახვდა სახლში მისულს თავისი 9 წლის ძმის შვილი: "ის უტკბილესი ბიჭუნაა. სამზარეულოში ვისხედით, კალთაში ჩავისვი. ხელში ჩემი ოსკარი ეჭირა, როცა მკითხა: რატომ დაარტყი იმ ბიძიას?“- ყვებოდა აცრემლებული უილ სმიტი.

მსახიობის თქმით, მას კარგად ესმის იმ ადამიანების შოკის, რომლებმაც მისი "ძალადობრივი აფეთქება" იხილეს. სმიტი ამჟამად ცდილობს, რომ საკუთარ თავს ჩადენილი მიუტევოს და სულიერ განკურნებაზე იმუშაოს: "ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემთვის ბოლო თვეების მანძილზე - საკუთარი თავისთვის უნდა მიმეტევებინა, რომ მეც ადამიანი ვარ“.

ამ ინციდენტის შემდეგ, ვარსკვლავს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აეკრძალა აკადემიის დაჯილდოებებზე დასწრება.

წყარო: nypost

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა