ავტორი:

დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი: "ჩვენ დავბერდით"

დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი: "ჩვენ დავბერდით"

ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ამბები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებს ურთიერთობა გაუუარესდათ, ჯერ კიდევ მაროკოსთან მატჩამდე გახდა ცნობილი. კევინ დე ბრუინმა განაცხადა, - არ მჯერა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბელგია მოიგებსო.

“არანაირი შანსი არ არის, ჩვენ ძალიან დავბერდით. ვფიქრობ, შანსი 2018 წელს გვქონდა, კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ დღეს ის ბერდება. ბევრი კარგი, ახალი ფეხბურთელიც მოდის, მაგრამ ისინი იმ დონეზე არ არიან, როგორც გუნდის წევრები 2018 წელს იყვნენ. თავს, როგორც აუთსაიდერს, ისე ვუყურებ", - განაცხადა მან.

რა თქმა, უნდა, როდესაც გუნდის ლიდერი მსგავს განცხადებას აკეთებს, მას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვება. თანაც, ამ ამბის შემდეგ, მაროკომ ბელგია დაამარცხა და შანსია, რომ ევროპელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ...

RTL-ის ჟურნალისტების ცნობით, მატჩის შემდეგ იან ვერტონგენს, ედენ აზარსა და კევინ დე ბრუინს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ გაშველება გუნდელებს, მათ შორის, რომელ ლუკაკოს მოუწია.

მალევე, RTL-ის ჟურნალისტებმა კიდევ ერთი მოულოდნელი სიახლე გაავრცელეს - დე ბრუინსა და კურტუას შორის არსებული კონფლიქტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ფეხბურთელები წლებია მოედნის მიღმა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

  • რა მოხდა დე ბრუინსა და კურტუას შორის?

ბელგიის ნაკრების თამაშს თუ ნახავდით, განსაკუთრებით 3-4 წლის წინ, იფიქრებდით, რომ გუნდელები ისე არიან შეთამაშებულები, ერთმანეთს ფიზიკურად გრძნობენ, მათ შორის იდეალური ურთიერთობა და თანხმობა სუფევსო.

თუმცა კარგა ხანია დე ბრუინსა და კურტუას შორის დიდი კონფლიქტია. ეს ამბავი"სიტის“ ნახევარმცველმა წიგნ “Keep it Simple-ში“ ახსენა. კევინი მოყვა, რომ მისი მეგობარი გოგონა კაროლინა, მეგობრებთან ერთად, მადრიდში გაემგზავრა, სადაც რომანი გააჩაღა ტიბო კურტუასთან, რომელიც მაშინ მადრიდის "ატლეტიკოში“ თამაშობდა.

ღალატის შესახებ კევინმა საერთო მეგობრისგან გაიგო. მოგვიანებით, კაროლინამ ჟურნალისტებს ამის მიზეზებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მანამდე დე ბრუინმაც უღალატა, თუმცა გოგონამ აპატია.

ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ფეხბურთელები არაერთხელ წაეკიდნენ ერთმანეთს. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოსტმა კევინი დაიბარა და უთხრა:

"ჩემს გუნდში შენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, მესმის, რომ შენ და კურტუა ერთად ვერ ითამაშებთ. შენ თუ გინდა, მას ნაკრებიდან გავათავისუფლებ“.

თუმცა კევინმა ამაზე უარი უთხრა.

"რა მიზეზებიც არ უნდა ყოფილიყო, მე არ მქონდა უფლება, რომ კურტუას ბედი გადამეწყვიტა. ის კარგი მეკარეა და ნაკრებში თამაში დაიმსახურა“, - წერს ბელგიელი ავტობიოგრაფიაში.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დე ბრუინმა კურტუას აპატია. ღალატის ისტორიის შემდეგ, ორივე ფეხბურთელმა ცოლები მოიყვანეს, თუმცა მტრობა გაგრძელდა. როცა კევინს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ტიბოს "რეალში“ გადასვლაზე, მან მაქსიმალურად ხისტად უპასუხა:

"მიხარია, რომ "ჩელსი“ დატოვა, რადგან ინგლისში მხოლოდ საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ“.

ძალიან რთულია მსგავსი დაძაბულობის ფონზე გუნდმა გამართულად და ერთსულოვნად ითამაშოს. ახლა კი ორმაგად რთულად აქვთ საქმე. დაპირისპირების გარდა, ბელგია F ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილზეა. შემდეგ მატჩს 1-ლ დეკემბერს ლიდერ ხორვატიასთან გამართავს და სწორედ მაშინ გაირკვევა, დარჩებიან კატარში თუ გაემგზავრებიან მშობლიურ ბელგიაში.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე