ავტორი:

"აზოვის“ პოლკის დროშა მუნდიალზე და უკრაინისა და ირანელი ქალების მხარდასაჭერად მოედანზე შეჭრილი ფანი - რატომ მიიჩნევენ, რომ FIFA - რუსული პროპაგანდის მსხვერპლია?

"აზოვის“ პოლკის დროშა მუნდიალზე და უკრაინისა და ირანელი ქალების მხარდასაჭერად მოედანზე შეჭრილი ფანი - რატომ მიიჩნევენ, რომ FIFA - რუსული პროპაგანდის მსხვერპლია?

კატარის მსოფლიო ჩემპიონატი, მიუხედავად იმისა, რომ 1 კვირის წინ დაიწყო, ბევრი მიზეზის გამო, უკვე განსხვავებულია.

თუმცა თვალში საცემი და ზოგჯერ გამაღიზიანებელია ის რეგულაციები, რომელიც მასპინძელმა კატარმა დააწესა და ცდილობს ფეხბურთელები და გულშემატკივრები ამ შეზღუდვებში მოაქციოს.

მასპინძლები განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებიან უმცირესობის უფლებების წამახალისებელ ლოზუნგებს, დროშებსა და სხვა გამორჩეულ სიმბოლოებს.

ესპანეთი-გერმანიის შეხვედრაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. ესპანელმა ფანებმა "აზოვის“ პოლკის დროშა გაშალეს. ცოტა ხანში ფიფა - ს წარმომადგენლები გამოჩნდნენ და დროშა ჩამოართვეს.

"გაშლიდან რამდენიმე წუთში ფიფა - ს წარმომადგენლები მოვიდნენ და დროშა ჩამოგვართვეს, ვითომ რაღაც სტანდარტები, რაც მათ თავშია, ირღვეოდა.FIFA - რუსული პროპაგანდის მსხვერპლია. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა თუ როგორ იცავდნენ მარიუპოლს ჩვენი დამცველები. მთელი მსოფლიო ხედავს, თუ ვინ არის სახელმწიფო-ტერორისტი და ვის ჰყავს დამნაშავე, ოკუპანტი, ტერორისტი და სადისტი ჯარისკაცები. მაგრამ დაზომბებულ ფიფაში ეს არავის ესმის და არავინ ხედავს“, - ასე გამოეხმაურა ინციდენტს უკრაინელი ფეხბურთელი რომან ზოზულა.

ფეხბურთელმა უკრაინის ხელისუფლებას სიტუაციაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მომხდარის გამო, ფიფა - ს ბოდიშის მოხდა მოუწევს.

ცნობისთვის, ესპანეთი-გერმანიის შეხვედრა 1:1 დასრულდა.

უკრაინის მხარდასაჭერი ჟესტი კიდევ ერთ მატჩში დაფიქსირდა.

პორტუგალია-ურუგვაის შეხვედრაში 51-ე წუთზე მოედანზე გამოვარდა ფანი, რომელსაც ხელში ფერადი დროშა ეჭირა. დროშას ერთ მხარეს ეწერა Save Ukraine (გადაარჩინეთ უკრაინა), ხოლო - მეორე მხარეს - Respect For Iranian Woman (პატივისცემა ირანელ ქალებს).

სტადიონის თანამშრომლებმა მალევე შეაჩერეს გულშემატკივარი და გაიყვანეს, ხოლო მატჩის მთავარმა მსაჯმა ალირეზა ფაგანიმ ძირს დაგდებული დროშა მოედნიდან გაიტანა.

შეხვედრა პორტუგალიელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მათ 1/8 ფინალში გასვლა გარანტირებული აქვთ.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ